
მთავრობა მარტყოფში 2.5 ჰექტარ სახელმწიფო მიწას ეკლესიას 99 წლით უსასყიდლოდ გადასცემს
მთავრობა გარდაბნის მუნიციპალიტეტში, სოფელ მარტყოფში მდებარე 2.5 ჰექტარ სახელმწიფო მიწას საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას 99 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცემს.
შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის 2026 წლის 11 აგვისტოს განკარგულებით არის მიღებული, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აწერს.
ეკლესიისთვის გადასაცემი სახელმწიფო მიწა სოფელ მარტყოფში სამ საკადასტრო ერთეულადაა რეგისტრირებული. მათი ჯამური ფართობი 25 000 კვადრატულ მეტრს, ანუ 2.5 ჰექტარს შეადგენს.
განკარგულებაში წერია:
„მიეცეს თანხმობა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 99 წლის ვადით, უსასყიდლო უზუფრუქტის უფლებით გადასცეს ამ განკარგულების დანართით გათვალისწინებული უძრავი ქონება“.
საჯარო რეესტრის მონაცემებით, ერთ-ერთ მიწის ნაკვეთზე, რომელიც შემაღლებულ ადგილზე მდებარეობს, ეკლესია უკვე აშენებულია. ტერიტორიაზე ასევე მოწყობილია ეკლესიამდე მისასვლელი საცალფეხო გზა ასასვლელი კიბე.
მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს დაევალა, განახორციელოს ქონების საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადასაცემად საჭირო შესაბამისი ღონისძიებები.
BM.GE
წყარო: bm.ge