
დაბა ფასანაურის იერსახის გაუმჯობესებისთვის 20 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისთვის 20 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო სახელშეკრულებო ღირებულება 20 მილიონი ლარია.
შესყიდვა Design-Build მეთოდით, ერთი ხელშეკრულების ფარგლებში განხორციელდება და ითვალისწინებს როგორც საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას, ისე შესაბამისი სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოების შესრულებას.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ფასანაურში რამდენიმე მნიშვნელოვანი ობიექტის რეაბილიტაცია. მათ შორისაა ვაჟა-ფშაველას ქუჩა №29-ში მდებარე საავადმყოფოს შენობა და შოთა რუსთაველის ქუჩა №81-ში მდებარე სახელოვნებო-სამუსიკო სკოლის შენობა.
ასევე დაგეგმილია 300 არაგველის ქუჩის რეაბილიტაცია და ბულვარის მოწყობა. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სარეაბილიტაციო გზის სიგრძე 2.028 კილომეტრი იქნება.
პროექტი ასევე ითვალისწინებს ფასანაურში საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციას.
მუნიციპალური განვითარების ფონდი განმარტავს, რომ ხელშეკრულების ფარგლებში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ობიექტის ახალი მშენებლობა, არსებული ობიექტების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია, ასევე სხვადასხვა მიზეზით შეჩერებული ან შეწყვეტილი სამუშაოების დასრულება.
დამკვეთი ცალკეულ ობიექტებზე სამუშაოების შესრულების შესახებ წერილობით დავალებებს გასცემს. საჭიროების შემთხვევაში, დავალება შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ობიექტს შეეხოს.
ტენდერში მონაწილეობის ერთ-ერთ საკვალიფიკაციო მოთხოვნად განისაზღვრა შესაბამისი გამოცდილება. კერძოდ, პრეტენდენტს 2021 წლის 1 იანვრიდან წინადადებების მიღების დასრულებამდე უნდა ჰქონდეს შესრულებული შენობის ან ნაგებობის მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან რეაბილიტაციის სამუშაოები, რომელთა ჯამური ღირებულება ტენდერის სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 80%-ს შეადგენს, ანუ მინიმუმ 16 მილიონ ლარს.
ამასთან, მინიმუმ ერთი დასრულებული ხელშეკრულების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა შეადგენდეს ტენდერის სახელშეკრულებო ღირებულების არანაკლებ 20%-ს, ანუ 4 მილიონ ლარს.
ტენდერში წინადადებების მიღება 16 სექტემბერს დაიწყება და 21 სექტემბერს, 12:30 საათზე დასრულდება.
BM.GE
წყარო: bm.ge