
მთავრობამ საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის ახალი სახელმწიფო პროგრამა დაამტკიცა
საქართველოს მთავრობამ 2026 წლის 30 ივლისის №361 დადგენილებით დაამტკიცა „საინვესტიციო ფონდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“, რომლის მიზანია საინვესტიციო ფონდების შექმნისა და საქმიანობის წახალისება, ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. დადგენილების თანახმად, პროგრამის განხორციელებას უზრუნველყოფს სს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“.
პროგრამა ორ ძირითად მიმართულებას მოიცავს. პირველი მიმართულება საინვესტიციო ფონდების საქმიანობის ხელშემწყობ მექანიზმებს აერთიანებს და ითვალისწინებს:
• ფონდის დაფუძნებასთან დაკავშირებული საწყისი ხარჯების თანადაფინანსებას; • საგარანტიო მექანიზმს; • მართვის საკომისიოს თანადაფინანსებას; • ტექნიკური დახმარების კომპონენტს.
მეორე მიმართულება კი სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო ფონდების კაპიტალში პირდაპირი, წილობრივი მონაწილეობით ინვესტირებას ითვალისწინებს.
დადგენილების მიხედვით, ფონდის დაფუძნებასთან დაკავშირებული საწყისი ხარჯების თანადაფინანსების ფარგლებში სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის შექმნის ხარჯების 50%-ს აანაზღაურებს, თუმცა არაუმეტეს 300 000 ლარისა.
მართვის საკომისიოს თანადაფინანსების კომპონენტით კორპორაცია საინვესტიციო ფონდის მართვის საკომისიოს მაქსიმუმ 50%-ს დააფინანსებს. თანადაფინანსების მოცულობა დამოკიდებული იქნება ფონდის მოზიდულ კაპიტალზე და შეადგენს:
• წლიურად მაქსიმუმ 1.5%-ს, თუ ფონდის კაპიტალი 60 მილიონ ლარამდეა; • 1%-ს, თუ კაპიტალი 60-150 მილიონ ლარს შეადგენს; • 0.7%-ს, თუ კაპიტალი 150 მილიონ ლარს ან მეტია.
ერთი ფონდისთვის ამ კომპონენტით სახელმწიფო მხარდაჭერის მაქსიმალური მოცულობა 3 მილიონი ლარია.
პროგრამა ასევე ითვალისწინებს ტექნიკური დახმარების (TA Facility) კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც საინვესტიციო ფონდის მიერ დაფინანსებულ მცირე და საშუალო საწარმოებს ტრენინგებისა და საკონსულტაციო მომსახურების ხარჯების თანადაფინანსება შეეძლებათ. სახელმწიფო თითოეული პროექტის ხარჯების მაქსიმუმ 50%-ს დაფარავს. ერთი კომპანიისთვის თანადაფინანსების ზედა ზღვარი 150 000 ლარია, ხოლო ერთი საინვესტიციო ფონდისთვის – 3 მილიონი ლარი.
პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება ასევე გულისხმობს სახელმწიფოს მიერ საინვესტიციო ფონდების კაპიტალში ინვესტირებას. ამ შემთხვევაში „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ საინვესტიციო ფონდში წილობრივ მონაწილეობას მიიღებს. აქტივების მმართველი კომპანიების ან საინვესტიციო ფონდების შერჩევა შესაძლებელი იქნება როგორც კონკურსის, ისე კორპორაციისთვის პირდაპირი შეთავაზების საფუძველზე. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს მთავრობა მიიღებს.
პროგრამაში მონაწილე საინვესტიციო ფონდები რამდენიმე კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდნენ. მათ შორის, ფონდის კაპიტალის არანაკლებ 80% საქართველოში დაფუძნებულ კომპანიებში უნდა ჩაიდოს, ხოლო სულ მცირე 60% – კერძო კაპიტალში წილობრივი ინვესტირების (Equity Investments) ფორმით.
ამასთან, პროგრამა კრძალავს სახელმწიფო მხარდაჭერით დაფინანსებული ფონდების ინვესტირებას გარკვეულ სფეროებში. მათ შორისაა თამბაქოს მოყვანა და წარმოება, თამბაქოს საბითუმო და საცალო ვაჭრობა, იარაღისა და საბრძოლო მასალების წარმოება, სამხედრო საბრძოლო სატრანსპორტო საშუალებების წარმოება, აზარტული თამაშები, ასევე რელიგიური და პოლიტიკური ორგანიზაციების საქმიანობა.
დადგენილების თანახმად, პროგრამა დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრებით, საკრედიტო საგარანტიო სქემის ფარგლებში კორპორაციის მიერ აკუმულირებული რესურსებით, დონორი ორგანიზაციების დაფინანსებითა და კანონმდებლობით ნებადართული სხვა წყაროებით.
პროგრამის ფარგლებში საინვესტიციო ფონდებისა და აქტივების მმართველი კომპანიების საქმიანობის მონიტორინგს „საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია“ განახორციელებს. თუ მონიტორინგის შედეგად პროგრამის პირობების დარღვევა გამოვლინდება, კორპორაციას ექნება უფლება, შეწყვიტოს მხარდაჭერა და, შესაბამის შემთხვევებში, უკვე გადარიცხული თანხების დაბრუნებაც მოითხოვოს.
BM.GE
წყარო: bm.ge