
მთელი სეზონი ფაქტობრივად აქტიურად დატვირთული ვართ - Castello Mare Hotel & Wellness Resort
ციხისძირში მდებარე სასტუმრო „კასტელო მარეს“ აღმასრულებელი დირექტორის, ზანდა მესხიძის განცხადებით, მიმდინარე ტურისტულ სეზონზე წინასწარი ჯავშნები მზარდი ტენდენციით ხასიათდება, თუმცა ობიექტი ჯერ სრულად დატვირთული არ არის.
როგორც ის BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, სასტუმრო ეტაპობრივად გადადის აქტიურ სეზონურ რეჟიმზე და მოთხოვნა პერიოდულად იზრდება.
„მიმდინარე პერიოდში წინასწარი ჯავშნები გვაქვს, მთელი სეზონი ფაქტობრივად აქტიურად დატვირთულები ვართ. ამ ეტაპზე ვერ ვიტყვით, რომ 100%-ით ვართ დაჯავშნილი, თუმცა ტენდენცია აშკარად მზარდია.
გვახარებს, რომ რამდენიმე მიმართულებიდან გვყავს სტუმრები. განსაკუთრებით აქტიურია პოლონეთი, რომელთანაც all inclusive მიმართულებით აქტიურად ვთანამშრომლობთ და ფაქტობრივად მთელი სეზონი პოლონელი სტუმრები გვეყოლება“, - ამბობს ის.
ამასთან, სასტუმროს სტუმრების დაახლოებით 60% ადგილობრივ ბაზარზე მოდის, რაც კომპანიისთვის სტაბილურ მოთხოვნას ქმნის. „ვცდილობთ მაქსიმალურად მოვერგოთ ქართველი მომხმარებლის მოთხოვნებს და შევთავაზოთ მათზე მორგებული სერვისები და შეთავაზებები“, - აღნიშნავს მესხიძე.
მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო ბაზრებიდან მზარდია მოთხოვნა ყაზახეთიდან და გერმანიიდან, სადაც კომპანია ბოლო წლებში აქტიურად მონაწილეობდა ტურისტულ გამოფენებსა და B2B შეხვედრებში. ასევე, ის ამბობს, რომ ინტერესი გაჩნდა ჩინეთის ბაზრიდანაც, თუმცა ეს მიმართულება ჯერ განვითარების ეტაპზეა.
„გერმანიის მიმართულებით უკვე გვაქვს ჯავშნები, ყაზახეთიდან კი აქტიური კონტაქტები და ვიზიტები. ჩინეთი ახალი ბაზარია და ამ ეტაპზე უფრო ინტერესის დონეზეა, თუმცა ვმუშაობთ მის განვითარებაზე“, - აცხადებს ის და დასძენს, რომ კომპანია ზომიერ დატვირთვის ზრდას აფიქსირებს - მაისში დაახლოებით 5%-იანი, ხოლო ივნისში 3%-ის ფარგლებში მატება დაფიქსირდა.
ფასებთან დაკავშირებით ზანდა მესხიძე ამბობს, რომ ზრდა ძირითადად ზომიერია და თვითღირებულების ცვლილებას უკავშირდება : „ფასები სხვადასხვა კატეგორიაში 5-10%-ის ფარგლებშია გაზრდილი. მაგალითად, სტანდარტული ოთახი ივლის-აგვისტოში მთავარი კორპუსში დაახლოებით 670 ლარია, ხოლო all inclusive, 870 ლარიდან იწყება. ამასთან, გვაქვს ეკონომკლასის კორპუსიც, სადაც განთავსების ღირებულება მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომია“, - აღნიშნავს ის.
რაც შეეხება სიახლეებს, სასტუმროში მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული განახლებებიც განხორციელდა - განახლდა გარე ავეჯი, დაემატა ზღვის აქტივობები, მათ შორის წყლის გასაბერი ატრაქციები და სხვა სერვისები. „ყოველწლიურად ვცდილობთ განვაახლოთ ყველაფერი, რომ სტუმრებს უფრო კომფორტული და მრავალფეროვანი გამოცდილება შევთავაზოთ“, - აცხადებს ის.
შეგახსენებთ, ციხისძირში მდებარე სასტუმრო „კასტელო მარე“ შპს „ქარაფს“ ეკუთვნის.
BM.GE
წყარო: bm.ge