მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მცირე ბაზარი ხელს უშლის როგორც წიგნის გამომცემელს, ისე გამავრცელებელს - "მედუზა"
მცირე ბაზარი ხელს უშლის როგორც წიგნის გამომცემელს, ისე გამავრცელებელს - "მედუზა"

მცირე ბაზარი ხელს უშლის როგორც წიგნის გამომცემელს, ისე გამავრცელებელს - "მედუზა"

BM.GE4 ივლისი, 2026, 23:11|bm.ge

გამომცემლობა "მედუზას" თანადამფუძნებლის, მარიამ კვიციანის მოსაზრებით, ქართულ საგამომცემლო ბაზარზე თავის დამკვიდრება და საოპერაციო პროცესების მართვა მცირე კომპანიებისთვის მრავალმხრივ საორგანიზაციო და ფინანსურ გამოწვევებთან არის დაკავშირებული - ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.

"მედუზამ" პირველი წიგნი ოთხი წლის წინ გამოსცა. ამ დროის განმავლობაში მათ მკითხველს 13 გამოცემა შესთავაზეს, მიმდინარე წელს კი პორტფელის კიდევ რამდენიმე დასახელებით გაფართოებას გეგმავენ. გამომცემლობის ძირითადი ფოკუსი ფენტეზისა და სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრებია.

მარიამ კვიციანის დაკვირვებით, შეზღუდული რესურსების პირობებში მცირე გამომცემლობების გადარჩენისა და თვითდამკვიდრების მთავარი იარაღი სწორედ ვიწრო სპეციალიზაცია და კონკრეტული ნიშის დაკავებაა.

"მცირე გამომცემლობებს ერთი საერთო მახასიათებელი გვაქვს - ყველას ჩვენი ნიშა გვაქვს არჩეული. ეს ჩვენი უპირატესობაცაა, რადგან შეზღუდულ რესურსებს ბევრი მიმართულებით არ ვანაწილებთ და მთელ ძალისხმევას კონკრეტული მიზნობრივი ჯგუფისკენ მივმართავთ. მაგალითად, ჩვენი ფოკუსი სამეცნიერო ფანტასტიკა და ფენტეზია, სხვა გამომცემლობა შესაძლოა მხოლოდ კომიქსებზე იყოს ორიენტირებული.

ეს მიდგომა გვეხმარება, რომ მცირე გუნდითაც კი ხარისხიანი პროდუქტი შევქმნათ და ერთგული მკითხველი შემოვიკრიბოთ. ნულიდან დაწყება და ბაზარზე თავის დამკვიდრება მარტივი არ არის, ეს დამფუძნებლებისგან დიდ ენერგიასა და ენთუზიაზმს მოითხოვს. თუმცა, როდესაც ზუსტად იცი, ვისთვის მუშაობ, უფრო მარტივია იპოვო ის ადამიანები, ვისაც შენი პროდუქტი აინტერესებს. ეს ბაზისი შემდგომი გაფართოების საშუალებას გვაძლევს", - ამბობს მარიამ კვიციანი.

ქართულ ბაზარზე არსებული რეალობიდან გამომდინარე, გამომცემლობებსა და მსხვილ სავაჭრო ქსელებს შორის ურთიერთობა ხშირად არათანაბარია. თუმცა, როგორც მარიამ კვიციანი განმარტავს, პრობლემა არა კონკრეტულ სუბიექტებში, არამედ ბაზრის მცირე მასშტაბებშია.

"ვერ ვიტყვი, რომ არსებული სავაჭრო მოდელი გამომცემლობების ინტერესებს სრულად პასუხობს. ძალაუფლება მეტწილად მაღაზიების მხარესაა, რაც ხშირად წამგებიან პოზიციაში გვაყენებს. თუმცა, ვინაიდან ჩვენს გუნდს აქვს წიგნის მაღაზიებში მუშაობის გამოცდილება, კარგად გვესმის მათი პრობლემებიც. შეზღუდული, მცირე ბაზარი ხელს უშლის როგორც გამომცემელს, ისე გამავრცელებელს.

განსაკუთრებით რთული ვითარებაა რეგიონულ დისტრიბუციაში. მსხვილ ქსელებთან (მაგალითად, "ბიბლუსი", "ლიბრა", "სანტა ესპერანსა") თანამშრომლობა შედარებით მარტივია - წიგნები მიგვაქვს მათ თბილისის საწყობებში და თავად ანაწილებენ ფილიალებში. თუმცა, რეგიონებში არსებობენ პატარა, დამოუკიდებელი მაღაზიები, რომლებსაც თავისი უნიკალური ხასიათი აქვთ და მათთან თანამშრომლობა ძალიან გვსურს. ლოგისტიკურად ფიზიკურად შეუძლებელია ყველა ქალაქში რეგულარულად ჩასვლა და წიგნების მიწოდება. ბაზარზე აშკარად იგრძნობა ცენტრალიზებული დისტრიბუციის საჭიროება", - ამბობს "მედუზას" თანადამფუძნებელი.

საგამომცემლო საქმიანობაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი კვალიფიციური კადრების მოძიებაა. მარიამ კვიციანის თქმით, ახალბედა გამომცემლობებს ეს პროცესი საკმაოდ უჭირთ, თუმცა "მედუზას" შემთხვევაში სიტუაცია შეამსუბუქა იმ ფაქტორმა, რომ დამფუძნებლებს სექტორში მუშაობის წინარე გამოცდილება და კონტაქტები უკვე ჰქონდათ.

გამოწვევა განსაკუთრებით მწვავედ ვლინდება მაშინ, როდესაც საქმე ინგლისურის გარდა სხვა, შედარებით იშვიათი ენებიდან თარგმანს ეხება: "ინგლისური ენიდან მთარგმნელების დეფიციტი არ გვაქვს, თუმცა აქაც გვჭირდება ვიწრო სპეციალიზაცია, რადგან ჟანრული ლიტერატურის თარგმნა სპეციფიკურ ცოდნასა და ტერმინოლოგიის ფლობას მოითხოვს.

რაც შეეხება სხვა ენებს, აქ მდგომარეობა გაცილებით რთულია. არის ენები, სადაც ქვეყანაში სულ რამდენიმე სპეციალისტი გვყავს, ან საერთოდ არავინაა მხატვრული ლიტერატურის მიმართულებით. მაგალითად, ძალიან გვაინტერესებდა ჩინური სამეცნიერო ფანტასტიკა, რომელიც მსოფლიოში ძალიან პოპულარულია, თუმცა საქართველოში ჩინურიდან მხატვრული ტექსტების მთარგმნელები თითზე ჩამოსათვლელია. ამის გამო, ბევრ გამომცემლობას უწევს შუალედური ენიდან თარგმნა. ჩვენი პრინციპია, მაქსიმალურად ავარიდოთ თავი ამ პრაქტიკას და ვთარგმნოთ მხოლოდ ორიგინალიდან", - ამბობს მარიამ კვიციანი.

როგორც გამომცემლობის თანადამფუძნებელი BM.GE-სთან აღნიშნავს, მიმდინარე წელს "მედუზა" მკითხველს არაერთ მნიშვნელოვან სიახლეს ჰპირდება, რომელთა შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია კლასიკურ და თანამედროვე ჟანრულ თარგმანებს. გამომცემლობა გეგმავს აიზეკ აზიმოვის საკულტო ტრილოგიის, "დასაბამის" (Foundation) სრულად გამოცემას - მათ შორის აქამდე უთარგმნელი მესამე ნაწილის, ასევე ეკრანიზებული სამეცნიერო ფანტასტიკის, მართა უელსის The Murderbot Diaries-ის ("მკვლელბოტის დღიურების") პირველი წიგნის ქართულად თარგმნას. იაპონური ორიგინალიდან პირდაპირ ითარგმნება ცნობილი ნაწარმოები "კიკის მიტანის სერვისი", პარალელურად კი მიმდინარეობს აქტიური მოლაპარაკებები ორ ახალ ფენტეზი პროექტზე, რომელთაგან ერთი პოპულარული და აღიარებული ვიდეოთამაშის სამყაროს ეფუძნება.

ამასთანავე, კომპანია არ წყვეტს ქართული ჟანრული ლიტერატურის მხარდაჭერას და შემოდგომაზე მკითხველს ცნობილი ქართველი ფენტეზი ავტორის, ნატო დავითაშვილის ახალ რომანს წარუდგენს.

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ყველაზე ძვირად ღირებული ნივთიერებები და მათი ფასი - TOP 7

ყველაზე ძვირად ღირებული ნივთიერებები და მათი ფასი - TOP 7

BM.GE

სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიონერი - UBS მილიონერთა ინდექსი 2026

სად ცხოვრობს ყველაზე მეტი მილიონერი - UBS მილიონერთა ინდექსი 2026

BM.GE

Toyota და Joby Aviation-ი მფრინავ ტაქსებს შექმნიან

Toyota და Joby Aviation-ი მფრინავ ტაქსებს შექმნიან

BM.GE

ძმრის წარმოება, საკალმახე... - მთავრობამ 5 სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიანიჭა

ძმრის წარმოება, საკალმახე... - მთავრობამ 5 სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი მიანიჭა

BM.GE