მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. მწვანე ბარათის მისაღებად აშშ-ში მყოფ განმცხადებლებს სამშობლოში დაბრუნება მოუწევთ - DHS
მწვანე ბარათის მისაღებად აშშ-ში მყოფ განმცხადებლებს სამშობლოში დაბრუნება მოუწევთ - DHS

მწვანე ბარათის მისაღებად აშშ-ში მყოფ განმცხადებლებს სამშობლოში დაბრუნება მოუწევთ - DHS

BM.GE23 მაისი, 2026, 12:28|bm.ge

უცხოელებს, რომლებსაც აშშ-ში მწვანე ბარათის მისაღებად საიმიგრაციო სტატუსის შეცვლა სურთ, ამ პროცედურის გავლა ქვეყნის გარედან, სახელმწიფო დეპარტამენტის მეშვეობით მოუწევთ. ამის შესახებ პარასკევს აშშ-ის მოქალაქეობისა და იმიგრაციის სამსახურმა (USCIS) განაცხადა.

USCIS-მა ეს გადაწყვეტილება სპეციალურ მემორანდუმში გამოაქვეყნა, სადაც საიმიგრაციო ოფიცრებისთვის ნათქვამია, რომ საგამონაკლისო შეღავათების დაშვების საკითხი თითოეულ შემთხვევაზე ინდივიდუალურად, შესაბამისი ფაქტორებისა და ინფორმაციის გათვალისწინებით განიხილონ.

მწვანე ბარათის მიღების პროცედურა 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში უცვლელი იყო. ეს ცვლილება ტრამპის ადმინისტრაციის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საიმიგრაციო პოლიტიკის მიმართულებით.

"უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომელიც აშშ-ში დროებით იმყოფება და მწვანე ბარათის მიღება სურს, განაცხადის შესატანად თავის სამშობლოში უნდა დაბრუნდეს", - განაცხადა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტმა (DHS), რომელიც USCIS-ს ზედამხედველობს.

კატოს ინსტიტუტის (Cato Institute) ანალიტიკოსის მონაცემებით, აშშ-ში მწვანე ბარათის მოლოდინში ამჟამად 1 მილიონზე მეტი იმიგრანტი იმყოფება.

მწვანე ბარათის მისაღებად განაცხადის წარდგენა ორნაირად არის შესაძლებელი: საზღვარგარეთ აშშ-ის საკონსულოში მიმართვით, ან უშუალოდ აშშ-ში ყოფნისას, რასაც "სტატუსის შეცვლა" (adjustment of status) ეწოდება.

USCIS-ის ახალი პოლიტიკის თანახმად, აშშ-ში მყოფ ბევრ განმცხადებელს, სავარაუდოდ, მათი საქმის განხილვის პროცესში ქვეყნის დატოვება მოუწევთ. ეს გადაწყვეტილება განსაკუთრებით მძიმედ აისახება შერეული სტატუსის მქონე ოჯახებზე მთელი ქვეყნის მასშტაბით, რადგან განმცხადებლებს სამსახურის, საცხოვრებლისა და ახლობლების გაურკვეველი ვადით მიტოვება მოუწევთ. სააგენტოს კი ამ დროისთვისაც უამრავი განუხილავი სავიზო და მწვანე ბარათის საქმე აქვს დაგროვილი.

ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ იმოქმედებს ეს ცვლილება იმ საქმეებზე, რომლებიც ამჟამად განხილვის პროცესშია.

პარასკევს გამოცხადებული პოლიტიკის ცვლილება ბოლო ნაბიჯია იმ გადაწყვეტილებათა სერიაში, რომლებსაც დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ბოლო ერთი წლის განმავლობაში აშშ-ში იმიგრაციის გასამკაცრებლად იღებს. გასულ წელს ტრამპის ადმინისტრაციამ შეამცირა სავიზო ვადები სტუდენტებისთვის, კულტურული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის.

იანვარში სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ტრამპის მეორე ადმინისტრაციის პირობებში 100,000-ზე მეტი ვიზა გაუქმდა. ადმინისტრაციის სამიზნე ასევე გახდნენ აშშ-ში ლეგალური სტატუსის მქონე სხვა პირებიც, მათ შორის ლტოლვილები და სხვა დაცული კატეგორიის იმიგრანტები

გაზიარება:
BM

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ჯანმო კონგოში ებოლას გავრცელების რისკს “ძალიან მაღალ” ნიშნულამდე ზრდის

ჯანმო კონგოში ებოლას გავრცელების რისკს “ძალიან მაღალ” ნიშნულამდე ზრდის

BM.GE

პაველ ჰერჩინსკის საქართველოში EU-ს ელჩის მანდატი გაუხანგრძლივდა

პაველ ჰერჩინსკის საქართველოში EU-ს ელჩის მანდატი გაუხანგრძლივდა

BM.GE

აშშ-მა და შვედეთმა ხელოვნური ინტელექტისა და თავდაცვის შეთანხმება გააფორმეს

აშშ-მა და შვედეთმა ხელოვნური ინტელექტისა და თავდაცვის შეთანხმება გააფორმეს

BM.GE

SpaceX-მა საცდელ ფრენით თავისი ყველაზე დიდი და მოდიფიცირებული Starship-ი გაუშვა

SpaceX-მა საცდელ ფრენით თავისი ყველაზე დიდი და მოდიფიცირებული Starship-ი გაუშვა

BM.GE