
"მწვანე სკოლა" საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს
"მწვანე სკოლა" საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს. კონკურსში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ VIII-X კლასის მოსწავლეებს, რომლებიც არიან აქტიურები და გამოირჩევიან მაღალი აკადემიური მოსწრებით.
კონკურსი ოთხი ეტაპისგან შედგება, რის შემდეგაც შერჩეული მოსწავლეები "მწვანე სკოლაში" უფასოდ ისწავლის სკოლის დასრულებამდე. შესაბამისად, გრანტი არა ერთწლიანი, არამედ რამდენიმეწლიანია.
საგრანტო კონკურსის დეტალებზე „საქმიანი დილის“ ეთერში „მწვანე სკოლების“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სესილი გელოვანმა და მარკეტინგის მენეჯერმა ნათია იმერლიშვილმა ისაუბრეს.
„სარეგისტრაციო ეტაპი უკვე გამოცხადებულია. პირველ ეტაპზე უნდა მივიღოთ განაცხადები მსურველი მოსწავლეებისგან. განაცხადების ეტაპზე ჩვენ უნდა დავინახოთ მათი მოტივაცია, თუ რა არის მათი სურვილის განმაპირობებელი ფაქტორი, რის გამო უნდათ რომ შემოუერთდნენ ჩვენს სკოლას. შემდეგ ეტაპზე ჩვენ მოვითხოვთ მათგან დადასტურებას ნიშნების ფურცლის სახით, რომ თავიანთ სკოლებში წარმატებული არიან. როგორც წესი, ჩვენამდე მოდიან ხოლმე ისეთი მოსწავლეები, რომლებსაც საგნების 99%-ში აქვთ 10-იანი. ამის შემდეგი ეტაპი არის ესსეს წერა. კერძოდ, მესამე ეტაპზე გადასულები ჩვენთან მოდიან და წერენ ესსეს, რის შედეგადაც ჩვენ ვადგენთ მოსწავლის არგუმენტირებული მსჯელობის, კრიტიკული აზროვნების უნარს. საბოლოო ეტაპი კი არის გასაუბრება დირექტორებთან“, - განაცხადა "მწვანე სკოლების" მარკეტინგის მენეჯერმა ნათია იმერლიშვილმა.
როგორც „მწვანე სკოლების“ აღმასრულებელმა დირექტორმა სესილი გელოვანმა აღნიშნა, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში სკოლა ყოველწლიურად დაახლოებით 200 000 ლარს გამოყოფს.
„ჩვენ ვზრდით ჩვენს კორპორატიულ პასუხისმგებლობას, რომლის ფარგლებშიც ყოველწიურად დაახლოებით 200 000 ლარს გამოვყოფთ, რათა მაქსიმალურად წავახალისოთ მოტივირებული ახალგაზრდები და მივცეთ მათ თანაბარი შესაძლებლობა მიიღონ საერთაშორისო სტანდარტების განათლება განსხვავებულ გარემოში. საგრანტო კონკურსი მესამე წელია ჩვენს ტრადიციად იქცა“, - აღნიშნა სესილი გელოვანმა.
მისივე თქმით, გასული ორი წლის განმავლობაში საგრანტო კონკურსის ფარგლებში “მწვანე სკოლებმა” 15 მოსწავლე მიიღეს დაფინანსებით.
BM.GE
წყარო: bm.ge