
მუნიციპალური განვითარების ფონდი რეგიონებში 15 500 ხის დარგვას გეგმავს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ქვეყნის მასშტაბით მწვანე ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამას იწყებს. უწყების ცნობით, პროექტის ფარგლებში ფონდმა უკვე შეიძინა 15 500 მერქნიანი, მარადმწვანე და ფოთლოვანი დიდვარჯიანი ნერგი, რომლებიც ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში დაირგვება.
სამინისტროს განმარტებით, პროგრამა ითვალისწინებს ახლად რეაბილიტირებული და მშენებარე სკოლებისა თუ საბავშვო ბაღების ეზოების გამწვანებას, გზაგამყოფი ზოლებისა და სატრანსპორტო კუნძულების ლანდშაფტურ მოწყობას, დეგრადირებული ნარგაობების ჩანაცვლებასა და მუნიციპალიტეტებში ახალი მწვანე სივრცეების შექმნას.
პროგრამის ფარგლებში გამოყენებული იქნება 16 სახეობის მარადმწვანე და ფოთლოვანი მცენარე, რომლებიც, უწყების ცნობით, ადგილობრივი კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეირჩა. მათ შორის არის:
• არიზონის კვიპაროსი და ლეილანდის კუპრესოციპარისი; • ჰიმალაის კედარი და მაგნოლია; • ჭადარი, ცაცხვი და ნეკერჩხალი.
უწყება გავრცელებულ ინფორმაციაში წერს, რომ პროგრამის განხორციელება ქალაქ რუსთავში დაიწყო. ქალაქის შესასვლელთან არსებულ გზაგამყოფ კუნძულსა და მიმდებარე ტერიტორიაზე სიმბოლურად 250 ძირი ხე-მცენარე (არიზონის კვიპაროსი და აღმოსავლური ჭადარი) დაირგო. ღონისძიებას ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია და რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ესწრებოდნენ.
პროგრამის ფარგლებში მომავალში ასევე დაგეგმილია რუსთავის ავტომაგისტრალის გარკვეულ მონაკვეთზე ქარსაფარი ზოლის მოწყობა მარადმწვანე ხეებით და სხვადასხვა რეგიონში ურბანული სივრცეების გამწვანება.
BM.GE
წყარო: bm.ge