
სწორი იქნება, თუ შუა დერეფნის განვითარებისთვის სახელმწიფოთაშორისი საინვესტიციო ფონდები შეიქმნება - ლევან ვეფხვაძე
კერძო სექტორის ინიციატივაა შუა დერეფნის განვითარებისთვის სახელმწიფოთაშორისი საინვესტიციო ფონდები შეიქმნას, რაც ქართულ და ცენტრალური აზიის კომპანიებს შორის პარტნიორობას გაამყარებს. ამის შესახებ საუბარი იყო საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე, სადაც საქართველოს ლოგისტიკის და ტრანსპორტის სექტორში არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები განიხილეს.
როგორც BAG-ის აღმასრულებელი დირექტორი bm.ge-სთან აცხადებს, რეგიონში გაჩენილი ალტერნატიული მარშრუტები არა საფრთხედ, არამედ შესაძლებლობად უნდა იქნეს განხილული, ცენტრალური აზიის ქვეყნებთან თანამშრომლობა კი კრიტიკულია, რათა საქართველომ არ დაკარგოს თავისი ფუნქცია და რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდეს.
“როგორც ბოლო პერიოდია ვაკვირდებით, ძალიან მნიშვნელოვანი კომუნიკაციაა ცენტრალური აზიის ქვეყნებთან შუა დერეფნის განვითარების კუთხით. ვიცით, რომ გამოწვევები არის კასპიის ზღვაზე და აქ ვიცით, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნები ძალიან აქტიურად ცდილობენ ინფრასტრუქტურის განვითარებას. ჩვენი მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ფუნქცია გრძელვადიან პერსპექტივაში არ დავკარგოთ გამომდინარე იმ ალტერნატივებიდან, რომელიც რეგიონში ჩნდება.
ვფიქრობ, ძალიან სწორი იდეა იქნება, თუკი შუა დერეფნის განვითარებისთვის შეიქმნება სახელმწიფოთაშორისი ფონდები, საინვესტიციო ფონდები, რაც ხელს შეუწყობს ცენტრალური აზიის ქვეყნებისა და ქართული კომპანიების თანამშრომლობას ფინანსური რესურსების გაჩენის შემდეგ ახალი პროექტების განვითარებისთვის. ეს არ არის მარტივი თემა. იცით, რომ ის, ვინც ინფრასტრუქტურას ავითარებს, მას სჭირდება მეტი რწმენა, რომ ტვირთები იქნება.
მეორე მხრივ, ტვირთებს ვინც ავითარებს, მას სჭირდება, რომ ინფრასტრუქტურა იყოს და "კვერცხი და ქათმის" პრობლემის წინაშე ვდგებით ხოლმე. სახელმწიფოთაშორისი ძლიერი საინვესტიციო რესურსების გაჩენა სწორედაც წაახალისებს როგორც ერთ მხარეს, ასევე მეორე მხარეს, აქტიური პროექტები განავითარონ იმისათვის, რომ ერთიც დარწმუნებული იყოს, რომ ტვირთები იქნება და მეორეც დარწმუნებული იყოს, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურა დახვდება ამ ტვირთებს.
მთავრობათაშორის დიალოგის დროს ამ თემებზე საუბარი მიმდინარეობს და ამაზე ფიქრობენ”,-აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
BM.GE
წყარო: bm.ge