
"ვფიქრობთ, ძალიან საინტერესოები ვიქნებით" - ჰერბია" აგროტურისტულ მიმართულებას ავითარებს
კომპანია „ჰერბიას" გეგმებს შორის აგროტურიზმის განვითარებაა. როგორც BMG-სთან კომპანიის დამფუძნებელმა ზურაბ ჯანელიძემ განაცხადა, ეს მიმართულება აქამდეც არსებობდა, თუმცა წელს ახალ ეტაპზე გადავა.
ზურაბ ჯანელიძე გეგმებზე საუბრისას ყურადღებას ამახვილებს ახალგაზრდების შემეცნებითი მიმართულების განვითარებაზეც.
"აგროტურიზმი, ღვინის და კულინარიული ტურიზმის თემა არსებობს ჩვენთან, წინასწარ დავიწყეთ საქმიანობა და ამის განვითარება უკვე მიმდინარე წელში პოვებს გამოხატულებას. ეს გათვლილია არა მარტო უცხოელებზე, ადგილობრივებზეც და ამასთან ერთად, უფრო შემეცნებითი ხასიათის მიმართულებას ვუყრით საფუძველს, სადაც თინეიჯერები, ბავშვები და მოზარდებიც აქტიურად იქნებიან ჩართულები ბუნებასთან კავშირის და სხვადასხვა საკითხებში. ვფიქრობთ ამ მიმართულებით ძალიან საინტერესოები ვიქნებით",- ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.
“ჰერბიამ” საქმიანობა 2006 წელს დაიწყო და სათბურში მოყვანილი მწვანილის და ბოსტნეულის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელი გახდა. "ჰერბიას” სათბურები მდებარეობს იმერეთის რეგიონში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში. კომპანია ფლობს თანამედროვე სათბურებსა და ბოსტნეულის შესაფუთ საწარმოებს.
შეგახსენებთ, „ჰერბიამ“ წყალტუბოში აგროტურისტული სივრცე და „სოფლის ევოლუციის მუზეუმი“ 2021 წელს გახსნა.