
მუნიციპალური განვითარების ფონდს ახალი აღმასრულებელი დირექტორი ჰყავს
საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად გიორგი შონია დაინიშნა. შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა გამოსცა.
დოკუმენტის მიხედვით, გიორგი შონია თანამდებობას პირველი მაისიდან დაიკავებს.
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის N°558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს გიორგი შონია საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორად 2026 წლის პირველი მაისიდან“, - ნათქვამია დოკუმენტში.
მანამდე გამოცემული ბრძანებით კი, ფონდის აღმასრულებელ დირექტორის პოსტიდან ბექა ურუშაძე გაათავისუფლეს. ურუშაძე ამ პოსტზე ერთი წელი იმყოფებოდა.
ცნობისთვის, გიორგი შონია გასული წლის აგვისტოდან შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიას" ხელმძღვანელობდა. მანამდე ის ამავე კომპანიაში დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და დირექტორის მოადგილე იყო.
2025 წლის ივნისის ბოლომდე, საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში ინფრასტრუქტურული პროექტების კოორდინაციისა და ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პოზიცია ეკავა, ამავე სამინისტროში იყო მინისტრის მრჩეველი.
2018 წლიდან - 2025 წლის მაისამდე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სამდივნოს უფროსის პოზიციას იკავებდა.
2015 – 2018 წწ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილების მესამე რანგის პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის პოზიცია ეკავა. ასევე, საკრებულოს აპარატის იურიდიულ საკითხთა კომისიაში მუშაობდა წამყვან სპეციალისტად, მოვალეობის შემსრულებლად.