
“მზადდება კანონპროექტი”- ჩამოეწერება თუ არა ბიზნესს საპენსიო სააგენტოს ჯარიმები?
საპენსიო შენატანის ვალდებულების შეუსრულებლობისთვის კერძო სექტორს მილიონობით ჯარიმა აქვს დაკისრებული. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, წელს მხოლოდ 7 თვეში ჯარიმა/საურავის სახით ბიზნესმა ბიუჯეტში 6,7 მილიონი ლარი გადაიხადა.
იურიდიული კომპანიები ამბობენ, რომ ჯარიმების უდიდესი ნაწილი სისტემის ტექნიკური ხარვეზით არის გამოწვეული, ამიტომ ისინი საპენსიო ფონდის მიერ შეფარდებული და გადაუხდელი ადმინისტრაციული ჯარიმებისგან გათავისუფლების ინიციატივით გამოდიან.
როგორც გავარკვიეთ, არ არის გამორიცხული საპენსიო შენატანებთან დაკავშირებით ჯარიმების საკითხი პარლამენტმა უახლოეს პერიოდში გადაწყვიტოს. პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ჯარიმების ამნისტიის შესახებ კერძო სექტორის ინიციატივაზე დასმულ კითხვაზე პასუხად bm.ge-სთან ამბობს, რომ შესაბამის კანონპროექტს ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს მიმდინარე თვეში წარედგინება.
“ყველაფერი გარკვეულია. საპენსიო სააგენტოს ანგარიშის განხილვაზე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მზადდება ამასთან დაკავშირებით კანონპროექტი და სექტემბერში შემოვა. ვადასტურებ, რომ შემოვა და გათვალისწინებული იქნება ყველა ის საკითხი, რომელზედაც საუბარი იყო.
გიდასტურებთ, რომ გამზადებულია კანონპროექტი და როგორც შეგვპირდნენ [გუშინაც ვესაუბრე] პარლამენტში სექტემბერში უნდა შემოვიდეს”,-აცხადებს პაატა კვიჟინაძე.
დამსაქმებლის მიერ საპენსიო შენატანის ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაზე კონტროლი გასულ წელს გამკაცრდა. 2025 წლის 1 მაისიდან დამსაქმებელი დარღვევისთვის პირველ ჯერზე 500 ლარით ჯარიმდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში ჯარიმა ორმაგდება. დამსაქმებლებისთვის დაკისრებული ჯარიმების გასაჩივრების მიზნით საპენსიო სააგენტოში თვე-ნახევრის წინ შეიქმნა პრეტენზიების განხილვის სამსახურიც, სადაც პირველივე დღეებში ბიზნესის დაახლოებით 3 000-ზე მეტი საჩივარი შევიდა. ამ საკითხზე დამატებითი განმარტებების გაკეთებისგან საპენსიო სააგენტო ამ ეტაპზე თავს იკავებს.
BM.GE
წყარო: bm.ge