
ნარჩენები ლილოს ნაგავსაყრელზე შეგვაქვს, რაც დამატებითი ხარჯია - რუსთავის მერი
რუსთავის ნარჩენები თბილისში, ლილოს ნაგავსაყრელზე შეაქვთ, რაც ქალაქისთვის დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ამის შესახებ რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ პარლამენტში ქალაქ რუსთავში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ გამოსვლისას, დეპუტატის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
მან განმარტა, რომ ნარჩენების დედაქალაქში ტრანსპორტირება მუნიციპალიტეტისთვის როგორც გზის, ისე გადასახადის ნაწილში დამატებით ფინანსურ ტვირთს წარმოადგენს. მისი ინფორმაციით, შესაბამისი სამინისტრო ნარჩენების გადამუშავების საკითხზე მუშაობს.
"ნაგავსაყრელთან დაკავშირებით, სამინისტროსთან შეთანხმებით, გადაწყვეტილება 2020-2021-ში მივიღეთ და დღეს ჩვენს ნარჩენს რეალურად თბილისი იღებს. თბილისის, ლილოს ნაგავსაყრელზე შეგვაქვს, რაც თავისთავად დამატებითი ხარჯია ჩვენთვის როგორც გზის, ასევე გადასახადის ნაწილში.
სამინისტროსა და გუბერნიასთან ერთად, რეგიონულ ჭრილში განიხილება რამდენიმე მოდელი, რომელშიც რუსთავიც მოიაზრება. ინდივიდუალურად გვქონდა შეხვედრები გარკვეულ ჯგუფებთან და დონორებთან, სადაც განვიხილავდით ნაგავსაყრელის არსებობას რუსთავის მიმდებარედ, რაც არ აღმოჩნდა ეფექტური და ამას ცოტა ხნით თავი დავანებეთ. თუმცა რეგიონულ ჭრილში, ალბათ ქვემო ქართლის მასშტაბით, რუსთავიც იქნება გათვალისწინებული. ამ ეტაპზე ჩვენი ნარჩენი თბილისში გაგვაქვს.
როგორც ვიცით, სამინისტრო მუშაობს ამაზე, იმიტომ რომ მათთან რამდენიმე შეხვედრა გვქონდა. ვფიქრობ, 21-ე საუკუნეში გადამმუშავებელი [სისტემა] ძალიან მნიშვნელოვანია. მათ შორის, როდესაც რუსთავის მოდელს ვამუშავებდით, იქ საუბარი იყო გადამუშავებაზე, მეორად გამოყენებასა და ა.შ. ეს კეთდებოდა მათ შორის იმისთვისაც, რომ მუნიციპალიტეტს აქედან ფინანსური სარგებელი მიეღო და არა იქით გადაეხადა თანხა“, - განაცხადა ლაცაბიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge