
NASA მთვარეზე მუდმივმოქმედ ბაზას ააშენებს - მთავარი პარტნიორი ბეზოსის Blue Origin-ი იქნება
აშშ-ის კოსმოსურმა სააგენტომ, NASA-მ მთვარეზე მუდმივი ბაზის აშენების გეგმა წარადგინა. პროექტის ფარგლებში მთვარის ზედაპირზე რობოტული მოდულები, დრონები და სპეციალური სატრანსპორტო საშუალებები გაიგზავნება.
რაც შეეხება იქ ადამიანების დამკვიდრებას, ეს პროცესი 2029 წლიდან, მას შემდეგ დაიწყება, რაც მთვარეზე ასტრონავტები ნახევარი საუკუნის შემდეგ პირველად დადგამენ ფეხს.
სააგენტოს ხელმძღვანელმა, ჯარედ ისააკმანმა მკაფიოდ განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ ბაზების მშენებლობას დაასრულებს, ის "ხელში ჩაგდებულ პოზიციებს აღარასოდეს დათმობს".
აღსანიშნი ფაქტია, რომ სააგენტომ ტექნიკის შესაქმნელად კონტრაქტები ისეთ კერძო კომპანიებთან გააფორმა, როგორებიც ჯეფ ბეზოსის Blue Origin-ი, ასევე Intuitive Machines-ი და Astrobotic-ი არიან.
$20 მილიარდიანი ბიუჯეტის მქონე პროექტის პირველი ფაზა 2029 წლამდე გაგრძელდება. ეს ეტაპი 25 კოსმოსურ გაშვებასა და მთვარეზე 4 ტონა ტვირთის გადაზიდვას გულისხმობს. სააგენტოს გეგმით, Blue Origin-ის მოდულმა Endurance-მა უსაფრთხო დაშვება და დამოუკიდებლად ნავიგაცია უნდა უზრუნველყოს, ხოლო Astrobotic-ის აპარატი Griffin-1 სამხრეთ პოლუსზე მდებარე ნობილეს კრატერზე დაჯდება.
ამასთან, პროექტის მომდევნო ეტაპი მთვარეზე ბირთვული რეაქტორებისა და მზის ელექტროსადგურების მოწყობაზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება ჩვენს თანამგზავრზე მუდმივად დასახლებას, ეს ეტაპი სრულყოფილად უკვე 2032 წლისთვის დადგება.
საგულისხმოა კოსმოსური სექტორის ექსპერტების შეფასებიბი, რომელთა აზრითაც, ვაშინგტონის მიერ დასახელებული ვადები შესაძლოა არარეალური აღმოჩნდეს. მთვარის მკვლევარმა, სიმეონ ბარბერმა მედიასთან საუბრისას აღნიშნა, რომ თუ SpaceX-ი აღებულ ვალდებულებებს დროულად ვერ შეასრულებეს, გეგმების განხორციელებამ შესაძლოა რამდენიმე წლითაც გადაიწიოს.
BM.GE
წყარო: bm.ge