
ნათია თურნავა რეფინანსირების განაკვეთის ზრდის მიზეზებს განმარტავს
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 0.25 პროცენტული პუნქტით 8,25%-მდე გაზარდა. სები ამ გადაწყვეტილებას ახლო აღმოსავლეთში დაწყებულ ომს და მისგან გამომდინარე ინფლაციურ წნეხს უკავშირებს, რადგან აპრილში ინფლაცია 5.9%-მდე გაიზარდა, რაც ბოლო ორი წლის მაქსიმალური მაჩვენებელია.
გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ, რომლის თქმითაც გადაწყვეტილება გაზრდილი ინფლაციური წნეხის პირობებში მოლოდინების მართვას და ინფლაციის სამიზნე 3%-იან მაჩვენებელთან დაბრუნებას ისახავს მიზნად.
"მთელ მსოფლიოში არის გაზრდილი გაურკვევლობა, გეოპოლიტიკური დაძაბულობა, განსაკუთრებული ინფლაციური წნეხი მომდინარეობს მსოფლიო ნავთობის ბაზრიდან და ნავთობპროდუქტების ბაზრიდან. დააკვირდებით აპრილის თვის ინფლაციის მაჩვენებელს საქართველოში, აქაც დიდწილად სწორედ გარე ბაზრებიდან და ნავთობის და ნავთობპროდუქტების ფასებიდან მომდინარე ეფექტი იყო, რომელმაც ძალიან დიდი კონტრიბუცია შეიტანა ინფლაციაში. აქედან გამომდინარე, ჩვენც ვკონცენტრირდებით იმაზე, რომ უკეთ ვმართოთ ინფლაციური მოლოდინები. ეს მოლოდინები და ეს რისკები ნათელია მთელი მსოფლიოსთვის და მათ შორის საქართველოსთვის, რომელიც არის ნავთობის და ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანა. ასევე არავინ იცის, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი, როგორი იქნება შემდგომი ფასების ვოლატილობა გარე ბაზრებზე და აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მცირე ბიჯით გაგვეზარდა რეფინანსირების განაკვეთი, რაც ატარებს მკვეთრად გამოხატულ პრევენციულ ხასიათს. ანუ ეს არის ინფლაციური წნეხის, ინფლაციური რისკების ჩვენზე გადმოცემის პრევენცია. ამისთვის ვაკეთებთ ჩვენ ამას და ამიტომაც ვართ კონცენტრირებულები ინფლაციური მოლოდინების სტაბილიზაციაზე და ნორმალიზებაზე, რათა ჩვენ შემდგომშიც არ ვიხილოთ ამ კუთხით მზარდი ზეწოლა და დავაზღვიოთ სტაბილური ფასების დონე, ასევე დავაზღვიოთ ის, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ჩვენი ინფლაციის მაჩვენებელი ეტაპობრივად დაუბრუნდეს მიზნობრივ 3%-ს, როგორც ეს იყო ნავარაუდევი მანამ, ვიდრე დაიწყებოდა ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული კონფლიქტი და ვიდრე დაიწყებოდა ნავთობის ფასების ზრდა,"- განაცხადა ნათია თურნავამ.