
ნათია თურნავა სესხების საპროცენტო განაკვეთების ზრდას არ ელის
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, მიუხედავად მსოფლიოში არსებული მაღალი გაურკვევლობისა, საქართველოში ლარში სესხებზე საპროცენტო განაკვეთები მცირდება - ამის შესახებ სებ-ის პრეზიდენტმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა. მარეგულირებლის ხელმძღვანელი, სესხებზე საპროცენტო განაკვეთების ზრდას არც მომავალში ელის.
მისი თქმით, 2025 წელთან შედარებით, შემცირებულია ლარში იპოთეკური და ბიზნეს სესხების განაკვეთები, უფრო კონკრეტულად კი 2025 წლის იანვართან შედარებით იპოთეკური სესხების განაკვეთები საშუალოდ 1.4 პროცენტული პუნქტით, ბიზნეს სესხების განაკვეთები კი 1.6 პროცენტული პუნქტით შემცირდა.
"ჩვენც გადავდგით ნაბიჯი და 0.25 პროცენტული პუნქტით გავზარდეთ განაკვეთი, იმისთვის რომ ვმართოთ ეს მოლოდინები. მომავალში, სავარაუდოდ, სხვა ცენტრალური ბანკებიც ამ მაგალითს გაუყვებიან, რადგან ევროზონაში და აშშ-ში საგრძნობლად არის გაზრდილი ინფლაცია, აქაც ველით რომ დოლარსა და ევროში განაკვეთები გაიზრდება და დაფინანსების ღირებულება მოიმატებს.
მიუხედავად იმისა რომ გაურკვევლობა ძლიერდება და რეგიონალური რისკები იზრდება, ჩვენთან ლარში ახალგაცემული სესხების საპროცენტო განაკვეთებს აქვთ გამოხატული დაღმავალი დინამიკა.
მაგალითად სტატისტიკას მოვიყვან, იპოთეკურ სესხებზე 2025 წლის იანვარში 13.4%-დან 2026 წლის მარტში 11.9%-მდე შემცირდა, ანუ 1.5 პროცენტული პუნქტით შემცირდა. ბიზნეს სესხებისთვის 14.4%-დან განაკვეთი შემცირდა 2026 წლის მარტში 12.8%-მდე, რაც არის 1.6 პროცენტული პუნქტის კლება.
ლარის ლიკვიდობა იზრდება დედოლარიზაციის შედეგად ბანკებში, ასევე არის საკრედიტო პორტფელის ხარისხის გაუმჯობესება, ბანკების მუშაობის ეფექტიანობის გაუმჯობესება და აქედან გამომდინარე არ ველით, რომ გაზრდილმა ინფლაციურმა რისკებმა რაიმე დარტყმა მიაყენოს საპროცენტო განაკვეთებს", - განაცხადა ნათია თურნავამ.