
NATO-ს წევრები ბიუჯეტის დეფიციტის გამო უკრაინისთვის შეპირებული €7 მილიარდის გადაცემას ვერ ახერხებენ
NATO-ს წევრები ბიუჯეტის დეფიციტის გამო უკრაინისთვის შეპირებული €7 მილიარდის გადაცემას ვერ ახერხებენ.
როგორც Politico წერს, იმ ფონზე, რომ წლის დასრულებამდე ორ თვეზე ნაკლები რჩება, ეს ფინანსური დანაკლისი ზამთრის პერიოდში უკრაინის მიერ თავდაცვითი შეიარაღების შესყიდვას შეაფერხებს და ქვეყანას საფრთხეებთან გამკლავებას გაურთულებს.
თავის მხრივ, რუსეთის მხრიდან საჰაერო იერიშების გახშირების ფონზე, კიევი პარტნიორებს საჰაერო თავდაცვის გაძლიერებისკენ მოუწოდებს. რამდენად მოახერხებენ ალიანსის წევრები გაცემული დაპირების შესრულებას, ეს 17 ნოემბერს ჩანიშნულ შეხვედრაზე გაირკვევა.
შეგახსენებთ, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების შემდეგ აშშ-მა უკრაინისთვის ახალი დახმარების გამოყოფა თითქმის სრულად შეაჩერა. ამ გადაწყვეტილებამ ძირითადი ფინანსური ტვირთი ევროპელ მოკავშირეებს დააკისრა, თუმცა გერმანიაში, ნიდერლანდებსა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ბიუჯეტის დეფიციტმა ეს საკითხი პრობლემურად აქცია.
აღსანიშნავია, რომ ფინანსური დეფიციტი პირდაპირ PURL-ის იმ პროგრამაზე აისახა, რომლითაც ევროპელი მოკავშირეები უკრაინისთვის ამერიკულ შეიარაღებას, მათ შორის Patriot-ის საზენიტო რაკეტებს ყიდულობდნენ.
Politico-ს წყაროების ცნობით, უკვე შეკვეთილი იარაღის მიწოდების დასაფინანსებლად პროგრამას $1.9 მილიარდი აკლია.
უკრაინის ელჩმა NATO-ში, ალიონა გეტმანჩუკმა მოკავშირეებთან გამართულ დახურულ შეხვედრაზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება მოითხოვა. მან განაცხადა, რომ პარტნიორებს სრული მობილიზება მართებთ, რადგან ფინანსური დაპირებების შეიარაღების რეალურ მიწოდებად ქცევა გადამწყვეტია.
აღსანიშნავია, რომ მოკავშირეებს დაფინანსების გაზრდისკენ ალიანსის გენერალურმა მდივანმაც მოუწოდა. ტალინში ვიზიტისას მარკ რუტემ აღნიშნა, რომ ზამთრის მოახლოებისა და რუსეთის განუწყვეტელი თავდასხმების ფონზე, პარტნიორებმა საჰაერო თავდაცვის მხარდაჭერა უნდა გააძლიერონ.
შეგახსენებთ, NATO-ს 32 წევრი ქვეყანა ივლისში, ანკარის სამიტზე შეთანხმდა, რომ უკრაინას 2026 წელს €70 მილიარდის სამხედრო დახმარებას გამოუყოფდა, ანალოგიურ თანხას კი 2027 წელსაც უზრუნველყოფდა.
BM.GE
წყარო: bm.ge