
ნავაჭრი ელ.ენერგია განახევრდა, მონაწილეებმა ₾1 მილიონზე მეტი დაზოგეს|ენერგეტიკული ბირჟის შედეგები
2026 წლის პირველ ნახევარში, დღით ადრე ბაზარზე, მონაწილეებმა 41,196 მგვტ.სთ ელექტროენერგია ივაჭრეს, რაც 2025 წლის იმავე პერიოდის რაოდენობის (94,904 მგვტ.სთ) ნახევარზე ნაკლებია. ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც აჯამებს დღით ადრე და დღიურ ბაზრებზე ვაჭრობას 2026 წლის პირველ და მეორე კვარტალში.
ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაცია ბირჟის მონაწილეების შესახებ, ასევე შესყიდული და გაყიდული ელექტროენერგიის მოცულობისა და ფასის ანალიზი.
"2025 წელს აქტიური ვაჭრობა აპრილში დაიწყო და ივნისის ბოლომდე შეუჩერებლად გაგრძელდა. მიუხედავად იმისა, რომ 2026 წელსაც მარტის მეორე ნახევარში დაიწყო მიწოდების განაცხადების განთავსება, ვაჭრობა არ შემდგარა აპრილსა და ივნისის მეორე ნახევარში.
მიუხედავად იმისა, რომ 2026 წლის გაზაფხული-ზაფხულის პერიოდი ჰიდროელექტროსადგურების გაზრდილი წარმოების შესაძლებლობებით იყო გამორჩეული და ამავდროულად, ელექტროენერგიის ექსპორტი მნიშვნელოვნად იყო შემცირებული საექსპორტო ბაზრებზე დაბალი ფასების გამო, გაზრდილი მიწოდება არ გადაითარგმნა ბირჟაზე ვაჭრობის გაზრდაში. აღნიშნულის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო წარმოების შეზღუდვასთან დაკავშირებული გაურკვევლობა, მათ შორის შეზღუდვა არსებული გაყიდვის ხელშეკრულების არსებობის პირობებში",- წერია ანგარიშში.
გასული წლისგან განსხვავებით, როდესაც თვის განმავლობაში ფასები თითქმის უცვლელი რჩებოდა, 2026 წლის მაისში ფასების უფრო მეტი ცვალებადობა დაფიქსირდა — მაქსიმალურ (115 ლარი მგვტ.სთ) და მინიმალურ (98 ლარი/მგვტ.სთ) ფასებს შორის სხვაობამ 17 ლარი/მგვტ.სთ შეადგინა. ამასთან, მაისში ბირჟაზე დაფიქსირდა მინიმალური ფასი — 98 ლარი/მგვტ.სთ.
ელექტროენერგიის ბირჟაზე გაყიდვა კანონმდებლობით შეზღუდულია სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებულ და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე სადგურებისთვის, ასევე შეზღუდულია იმპორტის შეთავაზება ბირჟაზე. ენერგეტიკული ბირჟის თანახმად, ელექტროსადგურების დერეგულირების პარალელურად იზრდება ბირჟაზე გასაყიდად ხელმისაწვდომი ელექტროენერგიის რაოდენობა, თუმცა ბირჟაზე ვაჭრობის მოტივაცია კვლავ უცვლელია საათობრივი დაბალანსების და უბალანსობაზე შესაბამისი პასუხისმგებლობის არარსებობის პირობებში.