
ნავთობი ისევ ძვირდება - რა ელის სურსათის ფასს საქართველოში?
საერთაშორისო ბაზრებზე საწვავი კვლავ ძვირდება. თებერვლის ბოლოს დაწყებული აშშ-ისრაელის ერთობლივი სამხედრო ოპერაცია ირანის წინააღმდეგ, მსოფლიოს ძვირი უჯდება.
მედიაში გავრცელებულმა ცნობებმა, რომ თეირანზე ზეწოლის გასაძლიერებლად, დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანში კვლავ მძიმე დარტყმებს განიხილავს, Brent-ის ნავთობი გარკვეული პერიოდი 120 დოლარამდეც გააძვირა.
გაძვირების მიზეზი კვლავ ჰორმუზის სრუტეა, რომლის სრულად გახსნაც, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმების მიუხედავად, ამ დრომდე ვერ ხერხდება. არადა ომამდე ამ ვიწრო გასასვლელით სპარსეთის ყურიდან ოკეანეში მსოფლიო ნავთობის მეხუთედი გადიოდა. ნავთობის მწარმოებელ მთავარ რეგიონში არსებული კონფლიქტი, მთელ მსოფლიოზე აისახა, რადგან ამ სრუტით გატარებული ნედლეულის მომხმარებელია როგორც ევროპა, ისე აზიაში ჩინეთი, ინდოეთი და იაპონია.
მიწოდების შეფერხებამ ყველა ტიპის ნავთობპროდუქტი გააძვირა ასე მაგალითად თუ ომამდე Brent-ის ფასი 70 დოლარამდე იყო, დღეს უკვე 110 დოლარს აჭარბებს. ბევრ სფეროში, მათ შორის ავიაციაშიც კოვიდის შემდეგ ყველაზე დიდი კრიზისი შეიქმნა.
ბუნებრივია, საწვავი გაძვირდა საქართველოშიც. პარლამენტის ფასების კომისიაზე მისული ნავთობიმპორტიორები აცხადებდნენ, რომ ქვეყანაში ფასს ორი ფაქტორი განსაზღვრავს: პლაცი და ლარის კურსი. სწორედ პლაცით ხსნიდნენ პარლამენტში დაბარებული კომპანიების წარმომადგენლები ფასის ცვლილებას.
"ციფრებში რომ შევხედოთ, ნედლი ნავთობი დაახლოებით 60%-ით გაძვირდა, ბენზინის ფასმა კი 54%-ით მოიმატა. თუ დღევანდელ მონაცემებს ომამდელ პერიოდს 1 მარტამდე არსებულ ნიშნულებს შევადარებთ, დიზელის გაძვირებამ 64% შეადგინა. ბუნებრივია, ყოველივე ამამ შიდა ბაზარზე ფასების ცვლილება გამოიწვია. როგორც მოგეხსენებათ, საქართველო ნავთობპროდუქტების იმპორტიორი ქვეყანაა მოთხოვნა 100%-ით იმპორტის ხარჯზე კმაყოფილდება. ფასის წარმოქმნაში კი ორ მთავარ ფაქტორს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა: ეროვნული ვალუტის გაცვლით კურსს და საერთაშორისო „პლაცის“ ნიშნულს. ვინაიდან ერთ-ერთი ინდიკატორი „პლაცის“ ნიშნული ბოლო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა, ბაზრის რეაქცია ადეკვატურია: გაზრდილი თვითღირებულების გამო, იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების შესაბამისი ცვლილება აუცილებელი ხდება", - ამბობს "ვისოლის" გენერალური დირექტორი ვასილ ხორავა.