მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. "ნავთობის ფასების შოკს ვერცერთი ცენტრალური ბანკი ვერ აირიდებს, მთავარია შიდა მოლოდინების მართვა"|ინტერვიუ
"ნავთობის ფასების შოკს ვერცერთი ცენტრალური ბანკი ვერ აირიდებს, მთავარია შიდა მოლოდინების მართვა"|ინტერვიუ

"ნავთობის ფასების შოკს ვერცერთი ცენტრალური ბანკი ვერ აირიდებს, მთავარია შიდა მოლოდინების მართვა"|ინტერვიუ

BM.GE8 ოქტომბერი, 2026, 21:09|bm.ge

საქართველოს ეროვნულ ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის უფროსის თამთა სოფრომაძის შეფასებით, მიმდინარე ინფლაციურ წნეხს, ძირითადად, გლობალურ ბაზრებზე ნავთობის ფასების ზრდა განაპირობებს, რაც საგარეო შოკია და მასზე ცენტრალური ბანკები პირდაპირ ვერ იმოქმედებენ. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა. სებ-ში მიაჩნიათ, რომ შიდა ინფლაციური პროცესები და მოლოდინები მართვადია და ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს რჩება, ხოლო საერთაშორისო სავალუტო რეზერვების დაგროვება ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და საგარეო შოკებისგან დაცვის აუცილებელი პირობაა. “წერტილთან” ინტერვიუში თამთა სოფრომაძემ ხაზი გაუსვა, რომ ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნული ბანკი იყენებს არა - გაცვლით კურსს, არამედ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს.

ინტერვიუ თამთა სოფრომაძესთან

- სექტემბერში წლიური ინფლაციის დონე 5.6% იყო. 21 ოქტომბერს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაა. რა იქნება მთავარი ფაქტორი, რაც სებ-ის გადაწყვეტილებას განაპირობებს - გაამკაცრებს მონეტარულ პოლიტიკას თუ 8.25%-ზე დატოვებს რეფინანსირების განაკვეთს?

- გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენთვის გადამწყვეტია ინფლაციის ტენდენციები, საპროგნოზო სცენარები და რისკები. 21 ოქტომბრის სხდომაზე სწორედ განახლებულ მაკროეკონომიკურ პროგნოზებსა და რისკების შეფასებას დავეყრდნობით. მართალია, მიმდინარე ინფლაცია 3%-იან სამიზნე მაჩვენებელზე მაღალია, თუმცა ამ გადახრაში წამყვანი წვლილი ნავთობის გლობალურ ბაზარზე განვითარებულ მოვლენებს შეაქვს - საგარეო ფაქტორების ზემოქმედება თითქმის 2 პროცენტულ პუნქტს შეადგენს. ამ საგარეო შოკების გამორიცხვით, ინფლაციური ტენდენციები სამიზნე მაჩვენებელთან საკმაოდ ახლოსაა. შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე გადაწყვეტილება ეფუძნება მოლოდინს, რომ საგარეო შოკების ეფექტის ამოწურვის შემდეგ, ინფლაცია 3%-იან ნიშნულს სწრაფად დაუბრუნდება.

- გამომდინარე იქიდან, რომ ინფლაციაზე მთავარი წნეხი სწორედ საგარეო ფაქტორებიდან (განსაკუთრებით საწვავის გლობალური ფასებიდან) მოდის, 3%-იანი სამიზნე მაჩვენებლის მიღწევაში რამდენად დაგეხმარებოდათ ლარის კურსის უფრო მეტად გამყარება?

- პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ ინფლაციაზე ზემოქმედების კუთხით სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებით გაცვლითი კურსი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე აშშ დოლართან მიმართებით. დოლარი შესაძლოა, გლობალურად მყარდებოდეს ან სუსტდებოდეს, ხოლო ჩვენი სავაჭროპარტნიორების ვალუტები ლარის მსგავს დინამიკას აჩვენებდნენ. ამ თვალსაზრისით, რეალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელიც პარტნიორებთან ლარის პოზიციას ასახავს, აგვისტოს მდგომარეობით, დაახლოებით, 3.5%-ით არის გამყარებული, ხოლო ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი - 6%-ით. რაც შეეხება იმპორტირებულ ინფლაციას, ის მართლაც დაჩქარებულია (სექტემბერში 7.8% იყო), თუმცა აქაც 6.6 პროცენტული პუნქტი სწორედ საწვავის ხარჯზე მოდის. საწვავის კომპონენტის გამოკლებით, იმპორტირებული ინფლაცია დაბალია, და გარკვეულ კატეგორიაში განსაკუთრებით ხანგრძლივი მოხმარების საქონელზე პირიქით - დეფლაციურ ტენდენციასაც კი აჩვენებს.

- ეკონომისტების ნაწილი მიიჩნევს, რომ 8.2 მილიარდ დოლარამდე გაზრდილი რეზერვების ფონზე, შესაძლოა, სჯობდეს ლარის მეტად გამყარება, ვიდრე სავალუტო რეზერვების დაგროვება. გარდა ამისა, ვხედავთ, რომ სექტემბერში რეზერვები მხოლოდ $26 მილიონით გაიზარდა - ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ სებ-მა შესყიდვების ტემპი შეანელა?

- წლის განმავლობაში ეროვნულმა ბანკმა უკვე 3.1 მილიარდი დოლარი შეისყიდა. რაც შეეხება სექტემბრის მონაცემებს, რეზერვების მთლიან მოცულობაზე გავლენას ოქროს ფასის ცვლილებაც ახდენს, რაც გარკვეულწილად ანეიტრალებს სარეზერვო აქტივების ზრდის ეფექტს. სავალუტო რეზერვებსა და გაცვლით კურსთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ აღვნიშნავ: ინფლაციისთვის გადამწყვეტია სავაჭრო პარტნიორებთან კურსი, რომელიც როგორც რეალურ, ისე ნომინალურ გამოსახულებაში გამყარებულია. რეზერვების დაგროვება კი, ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. განსაკუთრებით ახლა, როდესაც 2020 წლიდან გლობალურ ეკონომიკაში მუდმივად ახალი ტიპის შოკები წარმოიქმნება. სავალუტო რეზერვები არის სადაზღვევო ბუფერი და პოზიტიური სიგნალი ინვესტორებისთვის, რაც აჩვენებს ქვეყნის მზაობას საგარეო გამოწვევებისადმი.

- თუმცა სებ-ის მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა და ვხედავთ, რომ სამიზნე მაჩვენებელი 3% გაქვთ, მაგრამ სექტემბერში წლიური ინფლაცია 5.6% იყო…

- დიახ, და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად ეროვნულ ბანკს აქვს მთავარი ინსტრუმენტი - მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. სწორედ ამ მექანიზმით ვმართავთ ინფლაციურ პროცესებს.

- ანუ ლარის დამატებითი გამყარების გარეშეც გაქვთ მოლოდინი, რომ საგარეო წნეხის მიუხედავად, ინფლაციის მოთოკვას შეძლებთ?

- დიახ, რა თქმა უნდა. ნავთობის ფასებიდან მომდინარე საგარეო შოკს ვერცერთი ცენტრალური ბანკი ვერ აირიდებს თავიდან. ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეს შოკი არ გადაიზარდოს შიდა ინფლაციურ პროცესებსა და მოლოდინებში. მონაცემები აჩვენებს, რომ შიდა ინფლაციური პროცესები და მოლოდინები კარგად მართვადია და 3%-იან სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს რჩება. თუ დავინახავთ, რომ რისკები იზრდება, გამოვიყენებთ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს. ჩვენ გვაქვს ძლიერი გადაცემის მექანიზმი და შესაბამისი მონეტარული ინსტრუმენტები ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ბანკის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 125 სტატია.

  • საქართველოს ეროვნული ბანკი "თვის მიმოხილვას" აქვეყნებსრუსთავი 2
  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის SME ლიდერობის ვორკშოპი გამართატვ პირველი
  • ზაალ ანჯაფარიძე: მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მთავრობისადმი ნდობის მაჩვენებელი ისტორიულ მაქსიმუმამდე გაიზარდა და ქვეყანა ევროპის საუკეთესო ხუთეულში მოხვდაიმედი
  • აშშ-მა რუსეთის VTB ბანკს ირანის სანქციების გვერდის ავლის გამო ახალი შეზღუდვები დაუწესაფორმულა
ბანკის →

მსგავსი სტატიები

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააწესა

BM.GE

საგადასახადო შეღავათები, პირდაპირი სუბსიდირება... - როგორ ებრძვიან ქვეყნები საწვავის რეკურდულ ფასებს?

საგადასახადო შეღავათები, პირდაპირი სუბსიდირება... - როგორ ებრძვიან ქვეყნები საწვავის რეკურდულ ფასებს?

BM.GE

"ICT სექტორს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს" | მარიამ ქვრივიშვილი ICTA-ის წევრებს შეხვდა

"ICT სექტორს ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს" | მარიამ ქვრივიშვილი ICTA-ის წევრებს შეხვდა

BM.GE

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე „წლის კომპანიად“ დასახელდა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის მფლობელი Aqualia iAgua Awards 2026-ზე „წლის კომპანიად“ დასახელდა

BM.GE