
ნავთობისა და გაზის კორპორაცია ,,ყაზახ-საგურამოს“ გაზსადენის რეაბილიტაციას ახორციელებს
ნავთობისა და გაზის კორპორაცია ,,ყაზახ-საგურამოს“ გაზსადენის რეაბილიტაციას ახორციელებს. გამარტივებულ შესყიდვაზე სახელმწიფო კომპანიამ შესყიდვების სააგენტოსგან თანხმობა უკვე მიიღო.
პირველი შესყიდვის მიხედვით, „ყაზახ-საგურამოს“ D-1020 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 115-ე, 116.3-ე და 119-ე კილომეტრებზე არსებული სამი კოროზიული მონაკვეთის შეცვლას გეგმავს. შესყიდვის სავარაუდო ჯამური ღირებულება 425 576 ლარს შეადგენს.
შესყიდვების სააგენტოზე გამოქვეყნებულ დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ ინფრასტრუქტურის განახლება აუცილებელია ბუნებრივი გაზის დანაკარგების მინიმუმამდე დასაყვანად და მოსახლეობის, საწარმოებისა თუ ტრანზიტის უწყვეტი გაზმომარაგების უზრუნველსაყოფად.
"საქართველოში არსებული მაგისტრალური გაზსადენები და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურა (გარდა სამხრეთ კავკასიური მილსადენისა, რომლითაც ხორციელდება აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან თურქეთში ბუნებრივი გაზის ტრანზიტი) წარმოადგენს სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ (შემდგომში: „კორპორაცია“) და ,,კორპორაციის“ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით არსებული საწარმოს - შპს ,,საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის“ (საიდენტიფიკაციო ნომერი: 406329110) საკუთრებას. ხსენებული გაზსადენებისა და ინფრასტრუქტურის გამოყენებით წარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობისა და საწარმოების გაზმომარაგება, ასევე გაზის ტრანზიტი რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკაში. მოძველებულ გაზსადენებს და ინფრასტრუქტურას, ასევე გაზსადენებზე დამონტაჟებულ სხვადასხვა სახის მოწყობილობებს პერიოდულად ესაჭიროება ახალი გაზსადენებით და ინფრასტრუქტურით ჩანაცვლება, რათა საფრთხე არ დაემუქროს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და ტრანზიტის განხორციელებას და შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მომხმარებლების უწყვეტ და შეუფერხებელ გაზმომარაგებას.
ამ ეტაპისათვის აუცილებელია, რომ ,,ყაზახ-საგურამოს“ D-1020 მმ-იანი მაგისტრალური გაზსადენის 115-ე, 116.3-ე და 119-ე კილომეტრებზე გამოიცვალოს 3 (სამი) კოროზიული მონაკვეთი. აღნიშნული სამუშაოები უშუალოდ უნდა შეასრულოს შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ (შემდგომში ასევე: ,,კომპანია“), რომელსაც გააჩნია მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენებზე მსგავსი სახის სამუშაოების განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება.
კოროზირებული მონაკვეთების გამოცვლა აუცილებელია იმისათვის, რომ მაგისტრალური გაზსადენების სისტემამ ჯეროვნად და შეუფერხებლად შეძლოს ფუნქციონირება და აგრეთვე, შემცირდეს და მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი ბუნებრივი გაზის დანაკარგების ოდენობა. თუკი ზემოხსენებული კოროზირებული მონაკვეთები არ იქნება გამოცვლილი, მოცემულ შემთხვევაში შეუძლებელი იქნება გამოსაცვლელ/კოროზირებულ მონაკვეთებზე ბუნებრივი გაზის უსაფრთხო და ჯეროვანი ტრანსპორტირების განხორციელება, აგრეთვე, მომავალშიც შენარჩუნდება ამ მონაკვეთიდან ბუნებრივი გაზის მაღალი დანაკარგები. შესაბამისად, კოროზირებული მონაკვეთების ახალი მონაკვეთებით გამოცვლას განსახილველ შემთხვევაში ალტერნატივა არ გააჩნია", - აღნიშნულია დოკუმენტში.
გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ რუსეთიდან სომხეთში გაზის ტრანზიტის შეწყვეტის დროს. ტრანზიტის შეჩერება დაგეგმილია 2026 წლის 15 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით, შესაბამისად, აღნიშნული სამუშაოების შესრულების ვადადაც 25 სექტემბერი განისაზღვრა.
„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ (N1-1636 წერილი) განმარტებით, თუ სამუშაოები მითითებულ ვადებში არ განხორციელდა, მომდევნო შესაძლებლობა, სავარაუდოდ, 2027 წლის ზაფხულ/შემოდგომის სეზონამდე აღარ გამოჩნდება, რაც გაზსადენის უსაფრთხო ექსპლუატაციას საფრთხეს შეუქმნის.
სამუშაოები სახელმწიფო კომპანიამ გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ უნდა შეასრულოს.
მონაკვეთების მიხედვით ხარჯთაღრიცხვა ასე ნაწილდება:
• 115-ე კილომეტრი: არაუმეტეს 102 968.88 ლარი; • 116.3-ე კილომეტრი: არაუმეტეს 248 449.57 ლარი; • 119-ე კილომეტრი: არაუმეტეს 74 158.25 ლარი.
მეორე 141 012 ლარის შესყიდვა მაგისტრალური გაზსადენის 41–43 კილომეტრებს შორის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა მონაკვეთზე, სადიაგნოსტიკო და საგამოცდო სამუშაოების ჩატარებას გულისხმობს.
"ამ ეტაპისათვის აუცილებელია, რომ ,,ყაზახ-საგურამოს“ DN 1000 მმ გაზსადენის 41-43 კმ-ებს შორის, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრისპირა მონაკვეთზე ჩატარდეს გაზსადენის გამოცდისათვის საჭირო სამუშაოები. აღნიშნული სამუშაოები უშუალოდ უნდა შეასრულოს შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“, რომელსაც გააჩნია მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენებზე მსგავსი სახის სამუშაოების განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება.
ხსენებული სამუშაოების შესრულების აუცილებლობა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით:ამ დროისათვის, აზერბაიჯანული მხარე აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ახორციელებს DN 1000 მმ მაგისტრალური გაზსადენის (რომლის გაგრძელებასაც წარმოადგენს ,,ყაზახ-საგურამოს“ DN 1000 მმ მაგისტრალური გაზსადენის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე მონაკვეთი) ხაზოვანი ინფრასტრუქტურის კაპიტალურ რეაბილიტაციასა და მოდერნიზაციას.
აღნიშნული გაზსადენი წარმოადგენს საქართველოს ერთიანი გაზმომარაგების სისტემის ძირითად არტერიას. აზერბაიჯანულ კომპანია „სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტის“ საოპერაციო ჯგუფთან გამართული ტექნიკური კონსულტაციების შედეგად, ,,კორპორაციისათვის“ ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდგომ, სისტემაში ბუნებრივი აირის დინამიკისა და გამტარუნარიანობის ოპტიმიზაციის მიზნით, შესაძლებელი გახდება საქართველოში შემომავალი ბუნებრივი გაზის ნაკადის წნევის ნომინალის გაზრდა მიმდინარე მაჩვენებლიდან 2.8 მგპა-მდე (საექსპლუატაციო ნიშნულამდე)", - აღნიშნულია დოკუმენტში.
BM.GE
წყარო: bm.ge