
ნდობიდან ინვესტიციებამდე: როგორ აქცევს Pontus გამჭვირვალობას კონკურენტულ უპირატესობად
Pontus Rotana Resort & Spa-ს ინვესტორთა მესამე ყოველწლიურმა შეხვედრამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან დაახლოებით 150 სტუმარს უმასპინძლა. საერთაშორისო ინვესტორები ბათუმში ჩამოვიდნენ, რათა პირადად შეეფასებინათ მშენებლობის მიმდინარეობა, შეხვედროდნენ კომპანიის ხელმძღვანელობას და საკუთარი თვალით ენახათ, როგორ სრულდება მათ წინაშე აღებული ვალდებულებები.
„მახსოვს, როდესაც ამ ადგილას მხოლოდ ცარიელი მიწის ნაკვეთი იყო. მას შემდეგ ყოველწლიურად ჩამოვდივარ და მშენებლობის პროცესს არა ვიდეოების საშუალებით, არამედ საკუთარი თვალით ვაკვირდები“, - იხსენებს ედუარდი, ინვესტორი რუმინეთიდან.
დღეს იმ ადგილას, რომელიც მან რამდენიმე წლის წინ პირველად მოინახულა, მომავალი ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს, Pontus Rotana Resort & Spa-ს, 27-სართულიანი შენობა დგას.
კომპანიისთვის ეს ღონისძიება უკვე მესამე წელია დამკვიდრებული ტრადიციის გაგრძელებაა: ინვესტორების უშუალოდ სამშენებლო ობიექტზე მოწვევა, შესრულებული სამუშაოების ღიად წარდგენა და პროექტის განხორციელებაზე პასუხისმგებელ პირებთან პირისპირ კომუნიკაციის შესაძლებლობის შექმნა.
როდესაც ინვესტორთან ურთიერთობა ხელშეკრულების გაფორმებით არ სრულდება
ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე, სადაც უცხოელი მყიდველების მონაწილეობით გარიგებების მნიშვნელოვანი ნაწილი დისტანციურად ხორციელდება, ინვესტორებთან ურთიერთობის ასეთი მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მყიდველები ხშირად საინვესტიციო გადაწყვეტილებებს ობიექტიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით იღებენ და ეყრდნობიან არქიტექტურულ ვიზუალიზაციებს, პრეზენტაციებსა და დეველოპერების დაპირებებს. თუმცა მშენებლობის მიმდინარეობის პირადად შეფასებისა და კომპანიის ხელმძღვანელობისგან უშუალოდ პასუხების მიღების შესაძლებლობა ყოველთვის არ არსებობს.
Pontus ინვესტორებთან ურთიერთობის განსხვავებულ მოდელს იყენებს. ყოველწლიური შეხვედრები ინვესტორებს საშუალებას აძლევს, არა მხოლოდ თვალი ადევნონ პროექტის განვითარებას, არამედ გაიცნონ ერთმანეთი, გაცვალონ გამოცდილება და უშუალოდ დაუკავშირდნენ დეველოპერს.
„ეს ჩემი პირველი ინვესტიციაა, რომლის ფარგლებშიც დეველოპერმა პირადად მიმიწვია, რათა საკუთარი თვალით მენახა პროექტი და კომპანიის გუნდთან გამეტარებინა დრო. შესანიშნავი ორგანიზება, ძლიერი ხელმძღვანელობა და ძალიან კარგი ადამიანები. მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ“, - აღნიშნა ნიკომ, ინვესტორმა დიდი ბრიტანეთიდან.
ბოლო სამი წლის განმავლობაში შეხვედრა საერთაშორისო ნეთვორქინგის პლატფორმად ჩამოყალიბდა. თუმცა მისი მთავარი ღირებულება არა იმდენად ღონისძიების მასშტაბში, რამდენადაც კონკრეტული შედეგებით აღებული ვალდებულებების შესრულების დემონსტრირების შესაძლებლობაში მდგომარეობს.
სამშენებლო მოედანი დაპირებებზე მეტყველია
პროგრამის ცენტრალური ნაწილი გონიოში მდებარე Pontus Rotana Resort & Spa-ს სამშენებლო მოედნის მონახულება იყო.
ინვესტორებმა დაათვალიერეს 27-სართულიანი შენობა, სადაც ძირითადი რკინაბეტონის მონოლითური სამუშაოები უკვე დასრულებულია. ამჟამად მშენებლობა შემდეგ ეტაპებზეა კონცენტრირებული: ფასადის მოწყობა, საინჟინრო სისტემების მონტაჟი და შიდა მოპირკეთების სამუშაოები.
ყველა სამუშაო ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტებისა და სასტუმროს ოპერატორ Rotana-ს ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისად. სწორედ Rotana განახორციელებს სასტუმროს უშუალო მართვას მისი გახსნის შემდეგ.
სტუმრების განსაკუთრებული ყურადღება სადემონსტრაციო ნომრებმა მიიპყრო, რომლებმაც მათ საშუალება მისცა, შეეფასებინათ მომავალი ინტერიერების დაგეგმარება, გამოყენებული მასალები და შესრულების ხარისხი.
ობიექტის მონახულებისას საინჟინრო გუნდის წარმომადგენლებმა სტუმრებს გააცნეს მშენებლობის მიმდინარეობა, გამოყენებული ტექნოლოგიები და პროექტის განხორციელების მომდევნო ეტაპები. ინვესტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეკითხვები უშუალოდ კომპანიის ხელმძღვანელობისა და ტექნიკური სპეციალისტებისთვის დაესვათ.
„მე და ჩემი მეუღლე ძალიან კმაყოფილები ვართ, რომ გადავწყვიტეთ ინვესტიციის განხორციელება კომპანიაში, რომელიც საკუთარ ინვესტორებს სერიოზულად ეკიდება. ის, რაც დღეს სამშენებლო მოედანზე ვნახე, ადასტურებს, რომ პროექტის მმართველი გუნდი თავის საქმეს უდიდესი პასუხისმგებლობით ეკიდება და უმცირეს დეტალებსაც კი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. ახლა უკვე მესმის, რატომ, Rotana ყველაფერს ზედმიწევნით აკონტროლებს და ამოწმებს“, - აღნიშნა გილიმ, ინვესტორმა ისრაელიდან.
ასეთი მიდგომა გამჭვირვალობას მხოლოდ გაცხადებული პრინციპიდან რეალურ პრაქტიკად აქცევს: ინვესტორებს შეუძლიათ, პირადად შეადარონ დეველოპერის მიერ წარმოდგენილი გეგმები სამშენებლო ობიექტზე მიღწეულ ფაქტობრივ პროგრესს.
საერთაშორისო სასტუმრო პროექტი გამორჩეული საინვესტიციო მოდელით
Pontus Rotana Resort & Spa საქართველოში საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის, Rotana-ს, პირველი ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო გახდება.
კომპლექსი მდებარეობს გონიოში, შავი ზღვის სანაპიროს პირველ ზოლში. პროექტი ითვალისწინებს 500-ზე მეტ სასტუმრო ნომერს, SPA-ცენტრს, დახურულ და ღია საცურაო აუზებს, რესტორნებსა და ბარებს, საკონფერენციო სივრცეებს, პლაჟის ინფრასტრუქტურასა და კაზინოს.
საინვესტიციო მოდელის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი პროფესიონალური სასტუმრო მართვაა. Rotana ობიექტს უშუალოდ მართავს და არა ფრენჩაიზის მოდელით.
პროექტი ინვესტორებს სთავაზობს პასიური შემოსავლის მოდელს, რომლის ფარგლებშიც შემოსავალი სასტუმროს ნომრების საერთო ფონდიდან ფორმირდება და მესაკუთრეებს შორის სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად ნაწილდება. შედეგად, ინვესტორის შემოსავალი დამოკიდებულია მთლიანად სასტუმროს ფინანსურ შედეგებზე და არა მხოლოდ კონკრეტული ნომრის დატვირთულობაზე.
საერთაშორისო სასტუმრო ბრენდის, ცენტრალიზებული პროფესიონალური მართვისა და მრავალფეროვანი ინფრასტრუქტურის ერთობლიობა განსაკუთრებით აქტუალურია ბათუმისთვის, სადაც მაღალი ხარისხის სასტუმრო შეთავაზების გაფართოება ტურისტული ბაზრის შემდგომი ზრდის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პირობად რჩება.
ნდობა, რომელიც საზღვრებს სცდება
Rotana Hotels-ის კორპორაციული განვითარების დირექტორის, ფარჰან შუბაილატის განცხადებით, გასული წლის განმავლობაში პროექტის მიმართ საერთაშორისო აუდიტორიის ინტერესი შესამჩნევად გაიზარდა.
„გასულ წელთან შედარებით, წელს ბევრ ახალ ინვესტორს ვხედავ, რაც Pontus-ისა და Rotana-ს მიმართ მზარდ ნდობაზე მიუთითებს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო მონაწილეთა საერთაშორისო გეოგრაფია - ინვესტორები ჩამოვიდნენ სამხრეთ აფრიკიდან, კანადიდან, ირლანდიიდან და სხვა ქვეყნებიდან. ბევრი მათგანი უკვე იცნობს Rotana-ს, რაც ადასტურებს ჩვენი ბრენდის მაღალ საერთაშორისო ცნობადობასა და საქართველოს ტურისტული ბაზრის მიმართ მზარდ ინტერესს“, - აღნიშნა ფარჰან შუბაილატმა.
საერთაშორისო ინვესტორებისთვის ცნობილი სასტუმრო ბრენდი ნდობის დამატებითი ფაქტორია. თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია თავად დეველოპერის რეპუტაცია - მისი შესაძლებლობა, შეასრულოს აღებული ვალდებულებები, შეინარჩუნოს მუდმივი კომუნიკაცია და უზრუნველყოს გამჭვირვალობა პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე.
ამ კონტექსტში ყოველწლიური შეხვედრები სცდება ერთი ღონისძიების ფარგლებს. ისინი ხელს უწყობს არსებული ურთიერთობების განმტკიცებას და ქმნის ახალი ინვესტორების მოზიდვის შესაძლებლობებს.
არა მხოლოდ პროექტის, არამედ საქართველოს გაცნობა
ორგანიზატორებმა განსაკუთრებული ყურადღება კულტურულ პროგრამასაც დაუთმეს, რომელმაც უცხოელ სტუმრებს საქართველოსა და მისი ტრადიციების უკეთ გაცნობის შესაძლებლობა მისცა.
მონაწილეები ეწვივნენ აჭარულ ღვინის სახლს, სადაც ხინკლისა და ჩურჩხელის მომზადების მასტერკლასებში მიიღეს მონაწილეობა. ასევე გაიმართა Pontus Capital-ის ჯგუფში შემავალი მეღვინეობის კომპანიის, Pontus Land Invest-ის, ღვინოების დეგუსტაცია. პროგრამა ტრადიციული ქართული ვახშმით, ეროვნული მუსიკითა და ცეკვებით გაგრძელდა.
ასეთი გამოცდილება ინვესტორებს ეხმარება, უფრო სრულყოფილი წარმოდგენა შეიქმნან იმ ქვეყნის შესახებ, რომელშიც საკუთარ კაპიტალს აბანდებენ. საქართველოს კულტურის, სტუმართმოყვარეობისა და ტურისტული პოტენციალის პირადად გაცნობა გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბების მნიშვნელოვანი ნაწილია.
ერთი პროექტის მიმართ ნდობიდან - მთელი ბაზრის მიმართ ნდობამდე
საერთაშორისო სასტუმრო პროექტების განვითარება მჭიდროდ უკავშირდება რეგიონის ტურისტულ და საინვესტიციო პოტენციალს.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (Geostat) დაზუსტებული მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 1.9 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2024 წელთან შედარებით 19.3%-ით მეტია. ამასთან, უძრავი ქონების სექტორმა 254.7 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია მოიზიდა, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მთლიანი მოცულობის 13.4%-ს შეადგენს.
პარალელურად, ტურიზმის სექტორიც აგრძელებს განვითარებას. Geostat-ის მონაცემებით, 2025 წელს აჭარაში საერთაშორისო ვიზიტორების დაახლოებით 2.7 მილიონი ვიზიტი დაფიქსირდა, რაც რეგიონს საქართველოს ერთ-ერთ წამყვან ტურისტულ მიმართულებად აქცევს.
ეს მაჩვენებლები ხაზს უსვამს რეგიონის ეკონომიკისთვის ორი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორის მნიშვნელობას - საერთაშორისო კაპიტალისა და ტურისტული მოთხოვნის.
თუმცა ბაზრის მდგრადი განვითარებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ინვესტიციების მოცულობა, არამედ განხორციელებული პროექტების ხარისხიც. საერთაშორისო სასტუმრო კომპლექსებს შეუძლიათ ხელი შეუწყონ ტურისტული ინფრასტრუქტურის სტანდარტების ამაღლებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასა და მომიჯნავე დარგების განვითარებას - მშენებლობიდან მომსახურების სექტორამდე.
როდესაც საერთაშორისო ინვესტორები საკუთარი თვალით ხედავენ მშენებლობის რეალურ პროგრესს, უშუალოდ იღებენ პასუხებს მათთვის მნიშვნელოვან შეკითხვებზე და ყოველწლიურად უბრუნდებიან ობიექტს, ნდობა ყალიბდება არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიის, არამედ მთლიანად საინვესტიციო მიმართულების მიმართ.
ასეთი გამოცდილება შეიძლება საფუძვლად დაედოს შემდგომ საინვესტიციო გადაწყვეტილებებს, საერთაშორისო ბიზნესკავშირების გაძლიერებასა და ბათუმისა და აჭარის ეკონომიკაში დამატებითი კაპიტალის მოზიდვას.
რეპუტაცია შესრულებულ დაპირებებზე შენდება
Pontus Rotana Resort & Spa-ს ინვესტორთა მესამე ყოველწლიურმა შეხვედრამ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება თანმიმდევრული კომუნიკაცია და ღიაობა გრძელვადიანი საინვესტიციო სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად იქცეს.
Pontus-ისთვის ეს არ არის ერთჯერადი PR-ინიციატივა, არამედ უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომელსაც კომპანია რამდენიმე წლის განმავლობაში ინარჩუნებს და ინვესტორებს საკუთარი საქმიანობის შედეგების დამოუკიდებლად შეფასების შესაძლებლობას აძლევს.
„თავიდანვე თითოეული ინვესტორის წინაშე ავიღეთ ვალდებულება, რომ ჩვენი საქმიანობა გამჭვირვალობაზე, ღიაობასა და ხარისხის უმაღლეს სტანდარტებზე იქნებოდა დაფუძნებული. ყოველწლიურად, ინვესტორებთან ყოველი შეხვედრით, ვადასტურებთ, რომ ეს მხოლოდ დაპირებები კი არა, პრინციპებია, რომლებსაც მტკიცედ მივყვებით. იმის დანახვა, რომ ჩვენი ინვესტორების ნდობა წლიდან წლამდე იზრდება, ჩვენთვის საუკეთესო დასტურია იმისა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ“, - განაცხადა Pontus-ის დამფუძნებელმა ირაკლი ვარშალომიძემ.
საერთაშორისო კაპიტალის მოზიდვისთვის მზარდი კონკურენციის პირობებში რეპუტაცია დეველოპერის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან აქტივად იქცევა. მიუხედავად იმისა, რომ ინვესტორებთან ღია და უშუალო კომუნიკაციის მსგავსი ფორმატები ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე ჯერ კიდევ შედარებით იშვიათია, სწორედ ასეთ ინიციატივებს შეუძლია გააძლიეროს ნდობა მთლიანად სექტორის მიმართ და ხელი შეუწყოს ბათუმის, როგორც გრძელვადიანი საერთაშორისო ინვესტიციებისთვის მიმზიდველი მიმართულების, რეპუტაციის განმტკიცებას.
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ იხილეთ Pontus.ge
BM.GE
წყარო: bm.ge