
“ნელი ტურიზმი”, AI აგენტები - როგორია გლობალური ტრენდი ტურიზმში და რაზე უნდა აიღოს საქართველომ ორიენტირი?
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის და სტუმარმასპინძლობის სექტორის საერთაშორისო კონსულტანტ მაია სიდამონიძის შეფასებით, საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაც გლობალური ტრანსფორმაციის წინაშე დგას და მხოლოდ ძველი მიდგომებით წარმატების მიღწევა შეუძლებელია.
BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას მან ვრცლად ისაუბრა იმაზე, რატომ ვერ სცდება ქვეყანა წლების განმავლობაში ჩამოყალიბებულ შაბლონურ ტურისტულ მარშრუტებს, როგორ შეცვალა ციფრულმა ტრანსფორმაციამ და ხელოვნურმა ინტელექტმა მოგზაურის ქცევა და რა უნდა გახდეს ქვეყნის ახალი პოზიციონირების მთავარი ორიენტირი.
ჟურნალისტის კითხვაზე - შეიქმნა თუ არა ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ქვეყანაში რაიმე ახალი, სიღნაღისა და მესტიის მასშტაბის ტურისტული პროდუქტი, მაია სიდამონიძემ აღნიშნა, რომ განვითარება მხოლოდ ცალკეული კამპანიებისა და ღონისძიებების დონეზე შეინიშნებოდა.
„მასშტაბური პროექტების დონეზე ასეთი რამ არ ყოფილა - ყოველ შემთხვევაში, არ მახსენდება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, მთლიანად გავიაზროთ ერმა, რომ ჩვენს ქართულ იდენტობას, კულტურულ და ისტორიულ მემკვიდრეობას შეუძლია თანაარსებობა განვითარებასა და თანამედროვეობასთან. ცვლილებებისა და განვითარების გარეშე დღევანდელ კონკურენტულ, დატვირთულ ბაზრებზე შედეგების მიღწევა შეუძლებელია. გლობალურად ყველა სფეროში ტრანსფორმაციული პერიოდია - დიდი ცვლილებები მოდის და ისე ვეღარ გავაკეთებთ საქმეს, როგორც აქამდე ვაკეთებდით“, - განაცხადა მაია სიდამონიძემ.
“ნელი ტურიზმი” (Slow Tourism) და მოგზაურის შეცვლილი ქცევა
საერთაშორისო კონსულტანტის დაკვირვებით, გლობალურ ტურიზმში მოგზაურის ქცევა რადიკალურად შეცვალა ციფრულმა ტრანსფორმაციამ და დისტანციური მუშაობის კულტურამ. დღეს მოგზაურები აღარ ეძებენ მხოლოდ სანახაობებს - მათი მიზანი უცხო ქვეყანაში ხანგრძლივად დარჩენა და ადგილობრივი ცხოვრების რიტმის გაზიარებაა.
„ჰიბრიდული და დისტანციური მუშაობის ფონზე ადამიანები სხვადასხვა ქვეყანაში უფრო ხანგრძლივი დროით რჩებიან, რათა იქაური ცხოვრების წესი გაიზიარონ, რიტმს აჰყვნენ და თან იმუშაონ, საკუთარი სტარტაპი დააფუძნონ ან მეორე სახლი იყიდონ. ე.წ. „ნელი ტურიზმი“ (Slow Tourism) გულისხმობს, რომ მოგზაურები დროებითი ცხოვრების ადგილს ეძებენ, სადაც ფულს ხარჯავენ. ეს დანახარჯები საკმაოდ დივერსიფიცირებულია და მისით ბევრი სხვადასხვა ინდუსტრიის ბიზნესს შეუძლია სარგებლობა“, - აღნიშნა მაია სიდამონიძემ.
მისივე თქმით, ამ ტენდენციას უკვე აქტიურად ერგებიან მსხვილი საერთაშორისო სასტუმრო ქსელები, რომლებიც საკუთარ სივრცეებსა და ლობიებში დისტანციურად მომუშავე სტუმრებისთვის სპეციალურ სამუშაო გარემოს ქმნიან.
AI აგენტებზე მორგებული მარკეტინგი - ბიზნესის ახალი გამოწვევა
„წერტილთან“ ინტერვიუში მაია სიდამონიძემ ყურადღება გაამახვილა ხელოვნური ინტელექტის როლზე, რომელმაც მისი შეფასებით, ონლაინ მარკეტინგისა და გაყიდვების წესები სრულად შეცვალა.
„თუ ადრე საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია ადამიანზე, პოტენციურ მომხმარებელზე იყო მორგებული, დღეს ის AI აგენტებს უნდა მოვარგოთ. ძალიან ბევრი ადამიანი დღეს უბრალოდ იღებს ChatGPT-ს და ეუბნება: „დამიჯავშნე ორი ღამით სასტუმრო თბილისში“. ბიზნესებს მთლიანი ონლაინ ინფრასტრუქტურა ისე უნდა ჰქონდეთ აწყობილი, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა სწორად „ამოაგდოს“ მათ შესახებ ინფორმაცია და ციფრულ სამყაროში ხმა მიაწვდინოს. საოპერაციო კუთხით AI-მ რუტინული საქმეები ფაქტობრივად ჩაანაცვლა, რაც კარგია, რადგან ბიზნესს მეტი დრო რჩება კრეატივისა და ინოვაციებისთვის“, - ამბობს ის.
მეტი აქცენტი ხარისხზე - რა უნდა იყოს მთავარი ქართულ ტურიზმში?
საქართველოს ტურიზმის სტრატეგიასა და ქვეყნის სამომავლო პოზიციონირებაზე საუბრისას მაია სიდამონიძემ აღნიშნა, რომ მხოლოდ შემოსული ვიზიტორების სტატისტიკური ზრდით კმაყოფილება არასწორია. ამასთან, მისივე აზრით, სწრაფად ცვალებად ეპოქაში 10-წლიანი სტრატეგიული გეგმებიც მოქნილობას კარგავს.
„რადიკალური ცვლილებების ეპოქა მოდის და 10-წლიანი განვითარების გეგმები შესაძლოა რელევანტურიც აღარ იყოს - უფრო მოკლევადიანი გეგმებია საჭირო. რა თქმა უნდა, რიცხვები მნიშვნელოვანია, მაგრამ წარმატების გაზომვა მხოლოდ ტურისტების რაოდენობით უნდა შესუსტდეს და მეტი აქცენტი ხარისხობრივ ტრანსფორმაციაზე გაკეთდეს. მომავალში მთავარი იქნება არა ის, რამდენი ტურისტი ჩამოვა, არამედ თითოეული ტურისტი რა ეკონომიკურ ღირებულებას შექმნის დანახარჯების კუთხით და ჩვენ რა ხარისხობრივ ღირებულებას შევუქმნით მას“, - განმარტა სტუმარმასპინძლობის სექტორის საერთაშორისო კონსულტანტმა.
Tourism Connect - ახალი პლატფორმა და მაია სიდამონიძის გეგმები
„წერტილთან“ ინტერვიუს დასასრულს მაია სიდამონიძემ საკუთარ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ Tourism Connect-ის ბაზაზე ქმნის მულტიფუნქციურ პლატფორმას, რომელიც ინდუსტრიას საგანმანათლებლო და საკონსულტაციო სერვისებს შესთავაზებს, მთავარი ფოკუსით ციფრულ მარკეტინგზე, ხელოვნურ ინტელექტსა და თანამედროვე ტურისტული პროდუქტების შექმნაზე.
რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოს ტურიზმში? - გადაცემის წამყვანის ტრადიციულ კითხვაზე პასუხად მაია სიდამონიძემ თქვა, რომ ინდუსტრიაში განსხვავებული აზრის მიუღებლობა და დაქსაქსულობა უნდა დასრულდეს.
„წერტილს დავუსვამდი განსხვავებული აზრის მიუღებლობას. ამ ინდუსტრიაში ძალიან ბევრი ნიჭიერი ანტრეპრენერი და პროფესიონალია, მაგრამ დღესდღეობით ეს ძალები გაერთიანებული არ არის. ვისურვებდი სწორედ ამ ძალების გაერთიანებას“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა.
BM.GE
წყარო: bm.ge