
ნეთანიაჰუმ ღაზას სექტორის 70%-ის დაკავების განკარგულება გასცა
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ არმიას ღაზის სექტორის 70%-ზე კონტროლის დამყარების განკარგულება მისცა. ქვეყნის ლიდერმა ეს განცხადება მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე გამართულ კონფერენციაზე გააჟღერა. მთავრობის მეთაურის განმარტებით, ჯარები პალესტინის ტერიტორიების დაკავებას ეტაპობრივად გააგრძელებენ. "ჩვენ ჯერ 70%-ით დავიწყებთ, ჰამასს კი ყველა მხრიდან შევავიწროებთ. ჩვენ დარჩენილ ნაწილებსაც აუცილებლად მივხედავთ", - თქვა ისრაელის ლიდერმა.
ცნობისთვის, ისრაელის თავდაცვის ძალები ამჟამად ღაზის სექტორის 64%-ს აკონტროლებენ. Reuters-ის ინფორმაციით, სამხედროებმა ცალმხრივად გადაწიეს ის ბეტონის ბარიერები, რომლებიც ე.წ. ყვითელ ხაზს აღნიშნავდა. საუბარია იმ “ყვითელ ხაზზე”, რომელიც ოქტომბერში აშშ-ის შუამავლობით მიღწეული შეთანხმების შედეგად დადგინდა.
დაპირისპირებულ მხარეებს შორის ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, ისრაელის დაქვემდებარებაში ტერიტორიის 53% დარჩებოდა, დანარჩენ ნაწილს კი ჰამასი განაგებდა.
შეგახსენებთ, ღაზას სექტორზე ისრაელის ინტენსიური სამხედრო იერიშები 2023 წელს ჰამასის მიერ განხორციელებულ თავდასხმას მოჰყვა. თავდასხმას, რომლის დროსაც ტერორისტებმა 1,000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე განსაკუთრებული სისასტიკით მოკლეს. საპასუხოდ, ისრაელი ორწლიანი ომის შედეგად ღაზას სანაპირო ზოლი სრულად განადგურდა, ადგილობრივ მოსახლეობას კი საკუთარი საცხოვრებელი სივრცის დატოვება მოუწია. დაიღუპა ათობით ათასი ადამიანი, მათ შორის ქალები და ბავშვები.