
ნობელის მშვიდობის პრემია დონალდ ტრამპს არც წელს გადასცეს - ვინ გახდა ლაურეატი?
2026 წლის ნობელის მშვიდობის პრემია გაეროს ადამიანის უფლებათა ყოფილმა უმაღლესმა კომისარმა, სამხრეთაფრიკელმა იურისტმა ნავანეთემ „ნავი“ პილეიმ მოიპოვა.
უნდა აღინიშნოს, რომ ნობელის პრემიაზე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წელსაც წარადგინეს. მას მხარს რამდენიმე სახელმწიფოს ლიდერი, მათ შორის, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ, ასევე პაკისტანისა და კამბოჯას მმართველები უჭერდნენ.
რაც შეეხება დღევანდელ გადაწყვეტილებას, ის ოსლოში გამართულ ღონისძიებაზე ნორვეგიის ნობელის კომიტეტის თავმჯდომარემ, იორგენ ვატნე ფრიდნესმა საჯაროდ გამოაცხადა. კომიტეტმა 85 წლის უფლებადამცველი საერთაშორისო სამართლის განმტკიცებისა და მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა. ის საჩუქრად 12 მილიონ შვედურ კრონას ($1.2 მლნ.) და ლაურეატის საპატიო მედალს მიიღებს.
რაც შეეხება თავად პიროვნებას, ნავი პილეიმ იურიდიული საქმიანობა სამხრეთ აფრიკაში, აპარტეიდის რეჟიმის დროს დაიწყო. იურისტი ნატალის პროვინციაში საკუთარი საადვოკატო ბიუროს მქონე პირველი ფერადკანიანი ქალი იყო. იგი წლების განმავლობაში პოლიტიკურ პატიმრებს იცავდა და სასამართლო დარბაზებში წამების სისტემურ პრაქტიკას ამხელდა.
უფლებადამცველმა რობენ-აილენდის ციხეში მყოფ დისიდენტებს, მათ შორის ნელსონ მანდელას, ადვოკატთან შეუზღუდავი წვდომის უფლება მოუპოვა. სამხრეთ აფრიკაში დემოკრატიული გარდაქმნის შემდეგ, პრეზიდენტმა მანდელამ იგი 1995 წელს ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა.
მომდევნო წლებში პილეიმ საერთაშორისო მართლმსაჯულების ასპარეზზეც უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა. იგი რუანდის საერთაშორისო სისხლის სამართლის ტრიბუნალის მოსამართლისა და მოგვიანებით მისი პრეზიდენტის პოზიციაზე მუშაობდა.
სწორედ მის მიერ მიღებულმა ისტორიულმა განაჩენმა აღიარა შეიარაღებულ კონფლიქტებში სექსუალური ძალადობა გენოციდის ნაწილად. პილეი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში მოსამართლის მოვალეობას წლების განმავლობაში ასრულებდა. იურისტი 2008-2014 წლებში გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის თანამდებობასაც იკავებდა. ამას გარდა, ბოლო წლებში იგი ისრაელსა და პალესტინის ტერიტორიებზე შექმნილ გაეროს დამოუკიდებელ საგამოძიებო კომისიას ხელმძღვანელობდა.
BM.GE
წყარო: bm.ge