
ნორმალურ ქვეყანაში გასტრონომიის სააგენტო კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლა არ მგონია, ამისთვის გვცხელოდეს|ქეთი ბაქრაძე
“ნორმალურ ქვეყანაში გასტრონომიის სააგენტო კარგი იქნებოდა, მაგრამ ახლა არ მგონია, ამისთვის გვცხელოდეს”, - ასე უპასუხა შეფმა ქეთი ბაქრაძემ BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” ჟურნალისტიკის კითხვას, რომელიც გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს საჭიროებას შეეხებოდა.
საქმე ის არის, რომ საქართველოში 20 ივლისიდან ამოქმედდა ახალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები (სსიპ) - „გასტრონომიის ეროვნული სააგენტო“, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ქოლგის ქვეშ იფუნქციონირებს. სსიპ-ის ოფიციალურ მიზნად გასტრონომიული რეესტრის შექმნა, კულინარიული მემკვიდრეობის დაცვა და სექტორის განვითარება სახელდება.
„ჩემთან არავითარი კომუნიკაცია არ ყოფილა. ეს ინფორმაცია Facebook-დან და ჩვენი სფეროს წარმომადგენლებისგან - იმ ფართო სანაცნობო წრიდან შევიტყვე, რომელთანაც მუდმივი კონტაქტი მაქვს. ვინ იქნება ამ სსიპ-ში ან როგორ იმუშავებენ, არ ვიცი და, სიმართლე გითხრათ, არც მაინტერესებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნორმალურ, მოწესრიგებულ ქვეყანაში დიდი სიამოვნებით ვითანამშრომლებდი და ჩემს გამოცდილებას, ცოდნასა თუ მიგნებებს სხვებსაც უანგაროდ გავუზიარებდი - პროცესში აუცილებლად ჩავერთვებოდი, თუმცა ახლა, ქვეყანაში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, არ მგონია ახლა მიზანშეწონილი სსიპ-ის შექმნა; არ მგონია, რომ ახლა ჩვენ ამისთვის გვცხელოდეს, ისეთ დღეში ვართ”, - ამბობს შეფ მზარეული.
“წერტილთან” ინტერვიუში ქეთი ბაქრაძემ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საერთაშორისო პრაქტიკაში გასტრონომიისა და აგრარული სექტორის ინტეგრაცია (მაგალითად, იტალიური აგრიტურიზმის მოდელი) წარმატებული პროექტია, თუმცა საქართველოში არსებული არასტაბილური გარემო ამის შესაძლებლობას არ იძლევა.
„ალბათ, ნორმალურ, დემოკრატიულ ქვეყანაში [სააგენტოს შექმნა] სრულიად მისაღები იქნებოდა, რადგან პროცესში თითოეული მხარე ჩაერთვებოდა. ახლა კი საერთოდ ვერ ვხვდები, რისთვის კეთდება ეს ყველაფერი. არ მგონია, იმ სსიპ-ში ვინმემ დამიძახოს ან რჩევა მკითხოს, რადგან ამ მთავრობას არ ვეთანხმები, არ მომწონს და ჩემს პოზიციას ხმამაღლაც გამოვხატავ… აქ გარკვეული ჯგუფია ჩამოყალიბებული, მაშინ როცა ჩვენ წლებია, მართლაც გულმოდგინედ ვემსახურებით ამ საქმეს. Deutsche Welle-ს ჩემზე სიუჟეტიც აქვს გადაღებული, ჩვენ შესახებ საერთაშორისო ჟურნალებშიც იწერებოდა... სულ რამდენიმე ადამიანი ვიყავით, ვინც ძველი რეცეპტები მოიპოვა და თანამედროვე ქართულ გასტრონომიას ჩაუყარა საფუძველი”, - ამბობს შეფი.
მისივე თქმით, ქვეყანაში უკვე არსებობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, რომელიც ისედაც ახორციელებდა ქართული სამზარეულოს პოპულარიზაციას საერთაშორისო გამოფენებზე (მაგალითად, Madrid Fusion), შესაბამისად, გაურკვეველია, რა დამატებით ფუნქციას შეიძენს ახალი სსიპი.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, ნორმალურ ქვეყანაში კარგი იქნებოდა, იმიტომ რომ რაღაც მოდელებს გადმოიღებდა - მაგალითად, როგორც განვითარდა იტალია აგროტურიზმით... ახლა ალბანეთში ვარ - საინტერესო პროექტზე ვმუშაობ. ამ ქვეყანაში 14 მილიონი ტურისტი ჩამოდის, ძალიან დალაგებულია გასტრონომიისა და სტუმარ-მასპინძლობის საკითხი”, - განაცხადა ქეთი ბაქრაძემ.
მისი თქმით, საქართველოში მთავარი პრობლემა ბიზნესის არასტაბილურობაა, რაც კადრების გადინებასა და ახალგაზრდების ქვეყნიდან წასვლას იწვევს.
„ჩვენ ამ ბიზნესში სტაბილურობის შეგრძნება არ გვაქვს. ახალგაზრდობის უმეტესობა გარბის საქართველოდან და მირბის საზღვარგარეთ არსებულ ქართულ რესტორნებში სამუშაოდ, იმიტომ რომ იქ მათთვის ბევრად უფრო სტაბილური გარემოა”, - აღნიშნა რესტორატორმა.
BM.GE
წყარო: bm.ge