
NVIDIA-მ რეკორდული შედეგები გამოაქვეყნა და პროგნოზებს გადააჭარბა
ხელოვნური ინტელექტის ბუმის ფონზე, ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა Nvidia-მ მეორე ფისკალური კვარტალის ფინანსური ანგარიში წარადგინა. კომპანიის შემოსავალმა $96.22 მილიარდი შეადგინა, რაც ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ $92.17 მილიარდს მნიშვნელოვნად აღემატება. შედარებისთვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი $46.7 მილიარდს შეადგენდა.
კვარტალური წმინდა მოგება წინა წელთან შედარებით გაორმაგებულია და $53.95 მილიარდს შეადგენს, მაშინ როდესაც გასულ წელს $24.7 მილიარდი ფიქსირდებოდა. კორექტირებულმა მოგებამ თითო აქციაზე $2.22 შეადგინა, რაც ასევე აღემატება მოსალოდნელ $2.10-ს.
როგორც ირკვევა, შემოსავლების უდიდესი ნაწილი მონაცემთა ცენტრების სეგმენტზე მოდის. აღნიშნულმა მიმართულებამ კომპანიას $89 მილიარდი მოუტანა, რაც წლიურ ჭრილში 117%-იან ზრდას ნიშნავს.
სამომავლო პროგნოზების გათვალისწინებით, Nvidia მომდევნო კვარტალში $108 მილიარდის შემოსავალს ელოდება, რაც ანალიტიკოსების მოლოდინს აღემატება. უფრო მეტიც, 2028 ფისკალური წლისთვის კომპანია 70%-იან ზრდას პროგნოზირებს, მაშინ როდესაც უოლ-სტრიტი მხოლოდ 44%-იან ზრდას ელოდა.
როგორც ჯენსენ ჰუანგი აცხადებს, AI-ზე მოთხოვნა მოსალოდნელზე სწრაფად იზრდება და კომპანია მომავალი წლისთვის უფრო მაღალ შემოსავლებს მოელის.
BM.GE
წყარო: bm.ge