
OpenAI-ის მოდელებმა ინტერნეტში ჯამურად 17 600 ჰაკერული თავდასხმა განახორციელეს
OpenAI-ის ხელოვნური ინტელექტის ორმა მოდელმა დახურული სატესტო გარემოდან გაქცევის შემდეგ ღია ინტერნეტში ოთხი დღის განმავლობაში დამოუკიდებლად ათასობით ჰაკერული შეტევა განახორციელა. როგორც ირკვევა, 9-დან 13 ივლისამდე პერიოდში სისტემებმა AI-პლატფორმა Hugging Face-ის სერვერებზე შეღწევამდე 17,600-ზე მეტი სხვა ჰაკერული მოქმედებაც შეასრულეს. Hugging Face-ის ახალი ანალიზის თანახმად, მოდელებმა უსაფრთხოების სისტემებში არსებული ხვრელები ადამიანზე გაცილებით სწრაფად აღმოაჩინეს.
გავრცელებული ინფორმაციით, OpenAI-ის მოდელებმა კიდევ ერთი ტექნოლოგიური კომპანიის, Modal Labs-ის მომხმარებელიც დააზარალეს. Modal Labs-ის ტექნიკური დირექტორის, აქშატ ბუბნას თქმით, კლიენტის მიერ დაუცველი კოდის გამოქვეყნება მოდელმა პლატფორმად გამოიყენა. ამასთან, OpenAI-ის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ შიდა შემოწმებისას სხვა საჯარო სერვისებზე ანგარიშების ღია მონაცემების გამოყენების რამდენიმე შემთხვევა აღმოაჩინეს. კომპანიამ ინციდენტში ჩართული მოდელი უკვე გათიშა და მასზე მკვლევართა წვდომა შეზღუდა.
აღსანიშნავია, რომ მომხდარმა ინციდენტმა ხელოვნური ინტელექტის რეგულაციების გამკაცრებისა და განვითარების ტემპის შენელების შესახებ დისკუსიები გაააქტიურა. OpenAI-ის გენერალური დირექტორი სემ ოლტმენი მიმდინარე კვირაში აშშ-ის თეთრი სახლის ოფიციალურ პირებსა და კანონმდებლებს, მათ შორის სენატის დაზვერვის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარე მარკ უორნერს ხვდება.
ოლტმენის განცხადებით, Hugging Face-ის ინციდენტი გახდა უსაფრთხოების წესების დარღვევის პირველი ისეთი მძიმე შემთხვევა, რომელიც მან სერიოზულად აღიქვა. მისივე თქმით, შესაძლოა, AI-ის განვითარების ტემპის შემცირება გახდეს საჭირო, რათა საზოგადოებას ახალ შესაძლებლობებთან ადაპტაციისთვის საკმარისი დრო მიეცეს.
შეგახსენებთ, Hugging Face-ზე კიბერშეტევის შესახებ ინფორმაცია პირველად 15 ივლისს გავრცელდა. მოგვიანებით, OpenAI-მ აღიარა, რომ დახურული სატესტო გარემოდან გამოპარულმა ორმა მოდელმა ადამიანის ჩარევის გარეშე კომპანიის სერვერები გატეხა.
BM.GE
წყარო: bm.ge