
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი - ქართული ოპერის მსოფლიო ისტორია თბილისის მთავარ სცენაზე
2026 წლის 11 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის სახელობის საოპერო გალა გაიმართება. პროექტი “Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი” გააცოცხლებს ეპოქას, რომელმაც ქართული ოპერის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კვალი დატოვა და ევროპულ სცენებზე ეროვნული ხელოვნების აღიარებას ჩაუყარა საფუძველი.
ღონისძიება- კლასიკური კონცერტის ფორმატს სცდება. საოპერო მუსიკის, თეატრალური დადგმის, ცოცხალი თხრობისა და უნიკალური საარქივო მასალის სინთეზი ერთიან დრამატურგიულ ნარატივად იკვრება და მაყურებელს ქართული ოპერის გამორჩეულ პერიოდში ამოგზაურებს.
კოკო როინიშვილი, Opera Gala-ს რეჟისორი:
„მთავარი იდეა ამ ორი ადამიანის მეგობრობაა. მათი მეგობრობა ჩემთვის რაღაცით „ვეფხისტყაოსნისეულ“ მეგობრობასაც ჰგავს. გვინდა, ყველაფერი მათი ისტორიებით გავაცოცხლოთ - თვითონ ვანო და სანდრო, მათი ურთიერთობა და ეპოქა, რომელშიც ცხოვრობდნენ. თან ჩვენთვისაც ძალიან საინტერესო პროცესია, რადგან მზადებისას უამრავი ახალი ამბავი და დეტალი აღმოვაჩინეთ, რომლებიც ამ ადამიანებს სულ სხვა მხრიდან გვაჩვენებს.“
Opera Gala-ს თანაავტორი და წამყვანია ნიკოლოზ წულუკიძე, რომლის თხრობით მაყურებლის წინაშე გაცოცხლდება ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის ცხოვრების, მეგობრობისა და შემოქმედების მნიშვნელოვანი ეპიზოდები.
ნიკოლოზ წულუკიძე, Opera Gala-ს თანაავტორი და წამყვანი:
„Opera Gala სარაჯიშვილი & ინაშვილი თავიდანვე ერთი საღამოსთვის არ შექმნილა. ჩვენი მიზანია, ეს იყოს ყოველწლიური პროექტი, რომელიც ქართული ოპერის დიდ ისტორიას ახალი ფორმით გააგრძელებს და ყოველ ჯერზე ახალ სახელებს, ისტორიებსა და ეპოქებს გააცოცხლებს. გვინდა, დროთა განმატალობაში Opera Gala იქცეს მნიშვნელოვან კულტურულ პლატფორმად, რომელიც გააერთიანებს ქართველ და საერთაშორისო არტისტებს, ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ტალანტებს და ქართულ საოპერო კულტურას კიდევ უფრო ფართო აუდიტორიას გააცნობს.“
Opera Gala-ს სცენაზე
Opera Gala-ს მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორია ლევან ჯაგაევი, რომელიც 11 სექტემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის ორკესტრს უდირიჟორებს.
ლევან ჯაგაევი, მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი:
„ძალიან საინტერესო საღამო გველოდება, პირველ რიგში, მუსიკალურად - პროგრამა მრავალფეროვანი და ძალიან მდიდარია. ვანო სარაჯიშვილმა და სანდრო ინაშვილმა ქართული ოპერის მთელი ეპოქა შექმნეს და დღეს ამ მუსიკას ჩვენი საუკეთესო საოპერო მომღერლები ასრულებენ. 11 სექტემბერს ამ პროგრამით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრთან ერთად წარვდგებით მაყურებლის წინაშე და მოუთმენლად ველოდები ამ საღამოს.“
Opera Gala-ს სპეციალური სტუმარია მსოფლიოში აღიარებული ქართველი მეცო-სოპრანო ქეთევან ქემოკლიძე, რომლის საერთაშორისო კარიერა მსოფლიოს წამყვან საოპერო სცენებს უკავშირდება - მათ შორის მილანის ლა სკალას, ვერონის არენას, ვენეციის ლა ფენიჩესა, ნეაპოლის სან კარლოს თეატრს და ტეატრო რეალი.
ქეთევან ქემოკლიძე, მეცო-სოპრანო:
„ქართული საოპერო სკოლა ძალიან მდიდარ ისტორიასა და ტრადიციას ეყრდნობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს ვუბრუნდებით იმ ადამიანებს, რომლებმაც ამ ისტორიის შექმნაში უდიდესი როლი შეასრულეს. ჩემთვის, როგორც ქართველი მომღერლისთვის, განსაკუთრებულია მონაწილეობა პროექტში, რომელიც ვანო სარაჯიშვილისა და სანდრო ინაშვილის მემკვიდრეობას ახალ თაობას აცნობს და ქართულ ოპერას უფრო ფართო საერთაშორისო კონტექსტში წარმოაჩენს.“
საოპერო არიებს შეასრულებენ ქართველი საოპერო მომღერლები ოთარ ჯორჯიკია, კონსტანტინე ყიფიანი, გიორგი ლომისელი, აკაკი გუგუშვილი და პარიზში მოღვაწე ახალგაზრდა ქართველი ბას-ბარიტონი ივერ ხუცაიძე, რომლის დებიუტიც ქართულ სცენაზე სწორედ Opera Gala-ზე შედგება.
წარმოდგენაში მონაწილეობენ ანსამბლი „ერისიონი“, მსახიობები - ზუკა პაპუაშვილი, არჩილ მაკალათია და ვანო დუგლაძე და საქართველოს სახელმწიფო ბალეტის წამყვანი ბალერინა მარიამ ელოშვილი.
Opera Gala-ს შესახებ
Opera Gala | სარაჯიშვილი & ინაშვილი არაკომერციული ორგანიზაცია ა(ა)იპ „ოპერის საწყისები: სარაჯიშვილი & ინაშვილი“-ის პროექტია, რომლის მიზანია ქართული საოპერო მემკვიდრეობის თანამედროვე ფორმით წარმოჩენა, ახალგაზრდა ქართველი მომღერლების პროფესიული მხარდაჭერა და ქართული ოპერის საერთაშორისო კავშირების გაძლიერება.
პროექტი აერთიანებს ადამიანებს, რომლებსაც ქართულ კულტურასთან პირადი, პროფესიული და ოჯახური კავშირი აქვთ. მის დამფუძნებლებს შორის არიან ინგა გოცირიძე-ფერლი - სანდრო ინაშვილის შვილიშვილი, ალექსანდრე თავხელიძე, ნიკოლოზ წულუკიძე, დავით და გიორგი ფოცხვერიები, რომლებიც ალექსანდრე თავხელიძესთან ერთად მართავენ დივერსიფიცირებულ ბიზნესპორტფელს.
ალექსანდრე თავხელიძე, ა(ა)იპ „ოპერის საწყისები: სარაჯიშვილი & ინაშვილი“-ის თავმჯდომარე
„Opera Gala სარაჯიშვილი & ინაშვილის გუნდის სახელით წარმოგიდგენთ კულტურულ ინიციატივას, რომელიც ქართული საოპერო მემკვიდრეობის თანამედროვე ფორმით წარმოჩენასა და ახალგაზრდა მომღერლების პროფესიულ ხელშეწყობას ემსახურება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ნიკოლოზ წულუკიძემ შეკრიბა ვარსკვლავური შემოქმედებითი გუნდი და 11 სექტემბერს ნამდვილი კულტურული ზეიმი გველოდება წინ.“
Opera Gala 2026 წლის 11 სექტემბერს, 20:00 საათზე, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართება.
პროექტის წარმდგენია Idea Development.
პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს, თბილისის მერიის, „შემოქმედებითი საქართველოს“, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, “ბაზის ბანკისა” და „ოქსონ სოლუშენის“ მხარდაჭერით ხორციელდება .
შემოქმედებითი ჯგუფი
თანაავტორი და წამყვანი: ნიკოლოზ წულუკიძე
სცენარის ავტორი: ანა მირიანაშვილი
რეჟისორი: კოკო როინიშვილი
მუსიკალური ხელმძღვანელი და დირიჟორი: ლევან ჯაგაევი
მხატვარი: ბარბარა ასლამაზი
ვიდეო-პროექციის ავტორი: დათა დვალიშვილი
BM.GE
წყარო: bm.ge