ოქროს გაძვირების მიუხედავად, გაყიდვებში ზრდა გვაქვს - “ზარაფხანა”
ბოლო პერიოდში ძვირფასი ლითონების გლობალურ ბაზარზე დაღმასვლა შეიმჩნევა. ბოლო ერთ თვეში უნცია ოქროს ღირებულება 13%-ით, 3 523 დოლარამდე შემცირდა. ბოლო 6-თვიან ჭრილში ძვირფასი ლითონი 20%-ზე მეტად გაიაფდა, თუმცა ბოლო 5 წლის ტენდენცია აჩვენებს, რომ ოქრო თითქმის 100%-ით არის გაძვირებული.
როგორც “ზარაფხანას” გენერალური დირექტორი “საქმის კურსთან” ინტერვიუში აცხადებს, ვინაიდან საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული, ლონდონის ბირჟის ფასები მყისიერად აისახება შესასყიდ მასალაზე. თორნიკე სამხარაძის თქმით, ბოლო ორ წელიწადში სუფთა ოქროს შესასყიდი ფასი 80%-ით გაიზარდა, თუმცა სადღეისოდ ის მიმდინარე წლისთვის პიკური 480 ლარიდან დაახლოებით 320 ლარამდეა ჩამოსული.
„ზარაფხანამ“ ფასები ბოლოს გაზაფხულზე, მარტის დასაწყისში დააკორექტირა, მაგრამ ზრდის დიდი ნაწილი საკუთარი მარჟის ხარჯზე დააბალანსა. როგორც სამხარაძე ამბობს, ამჟამად კომპანია იაფ ოქროს იყენებს მარაგების შესავსებად, რათა უახლოეს მომავალში პროდუქცია არ გააძვიროს და ზოგიერთ პოზიციაზე ფასის შემცირებაც კი განიხილოს.
კომპანიის გენერალური დირექტორი ამბობს, რომ გაზრდილი ფასების მიუხედავად, მომხმარებელი კარგად არის ინფორმირებული გლობალური პროცესების შესახებ, რის გამოც მოთხოვნა სტაბილურია და კომპანიას წინა წელთან შედარებით, გაყიდვების ზრდა აქვს.
„მოთხოვნა, ასე თუ ისე, ნარჩუნდება და ჩვენს შემთხვევაში რომ ვისაუბრო, წინა წელთან სტაბილურად დადებით სხვაობას ვინარჩუნებთ გაყიდვების მხრივ. ზრდა არის და ველოდებით, რომ ეს დეკემბერიც წინა წელთან შედარებით, გამორჩეული იქნება, რადგან თვითონ დეკემბერი არის გამორჩეული ჩვენი სექტორისთვის.
რაც შეეხება ფასის ზრდას, ჩვენს ნაკეთობებზე ფასს გრამობით არ ვითვლით, უბრალოდ ამ შემთხვევაში მე არ შემიძლია, ზუსტი მონაცემი მოგცეთ ჩვენი სამკაულიდან გამომდინარე, რადგან იქ დამუშავების ტექნიკა, ნაკეთობის სირთულე და ა.შ - ბევრი რამ მონაწილეობს. თუმცა შესასყიდი ოქროდან რომ ვისაუბროთ, დაახლოებით ბოლო ორ წელში 80%-ით გაიზარდა შესასყიდი მასალის ფასი. ამ წელში ჩვენ მასალას ვყიდულობდით 480 ლარადაც წლის დასაწყისში, თითქმის მთელი წელი იყო დაახლოებით 400 ლარი, დღევანდელი ბირჟის ფასიდან რომ ვისაუბროთ, დაახლოებით 320 ლარია. სუფთა ოქროზე მაქვს საუბარი,”-აცხადებს თორნიკე სამხარაძე.
გაყიდვების სტრუქტურაზე საუბრისას კომპანიის ხელმძღვანელმა ასევე განმარტა, რომ რეალიზაციის დიდი ნაწილი მომხმარებლის მხრიდან სამკაულის შეძენის კონკრეტულ საჭიროებას უკავშირდება, ხოლო საქართველოს ვიზიტორებისა და ტურისტების წილი „ზარაფხანას“ გაყიდვებში ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სტაბილურად 6-7%-ის ფარგლებში მერყევობს.
