
ორბანის მიერ გადაყენებული მოსამართლე - უნგრეთის მმართველი პარტია პრეზიდენტობის კანდიდატად ანდრაშ ბაკას წარადგენს
უნგრეთში მმართველმა პარტია ტისამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის პოსტზე თავისი კანდიდატი დაასახელა. პარტია უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობაზე საერთაშორისო აღიარების მქონე იურისტს, უნგრეთის უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარესა და მართლმსაჯულების ეროვნული საბჭოს ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრაშ ბაკას წარადგენს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა შაბათს საღამოს ფეისბუკში დაწერა, რომ ბაკას პირადად შეხვდა და ის დათანხმდა, კენჭი იყაროს პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად.
კენჭისყრა სახელმწიფო კრებაში, რომლის დროსაც ახალ პრეზიდენტს აირჩევენ, სამშაბათს, 11 აგვისტოს გაიმართება. კანდიდატურის დასამტკიცებლად მას დეპუტატების სულ მცირე ორი მესამედის მხარდაჭერა სჭირდება.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ პარლამენტის 199 ადგილიდან 141 „ტისას“ დეპუტატებს ეკუთვნით, ბაკას გამარჯვება ფაქტობრივად გადაწყვეტილია. მადიარმა ფეისბუკში გამოქვეყნებულ პოსტში ის უკვე „ბატონ პრეზიდენტად“ მოიხსენია.
ანდრაშ ბაკა გამოცდილი იურისტი და მოსამართლეა:
• 1991-დან 2008 წლამდე ის ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში (სტრასბურგი) მუშაობდა; • 2009 წელს ის ექვსი წლით დაინიშნა უნგრეთის უზენაესი სასამართლოს ხელმძღვანელად.
თუმცა, 2011 წლის საკონსტიტუციო რეფორმის ფარგლებში ეს თანამდებობა გაუქმდა და მისი უფლებამოსილება ვადაზე ადრე, 2012 წელს შეწყდა. ბაკა ამტკიცებდა, რომ ეს მოხდა ორბანის მაშინდელი მთავრობის სასამართლო რეფორმის საჯარო კრიტიკის გამო.
მოგვიანებით, ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა ბაკას სიტყვის თავისუფლებისა და სასამართლოში საკუთარი უფლებების დაცვის უფლებები. სტრასბურგის სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ახალი რეფორმა სპეციალურად იყო მიღებული იმისთვის, რომ ორბანის კრიტიკოსი ბაკა თანამდებობიდან ჩამოეშორებინათ.
უნგრეთში პრეზიდენტი ფორმალურად არის სახელმწიფოს მეთაური, თუმცა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი მთავრობა.
პრეზიდენტის როლი ძირითადად ცერემონიულია, თუმცა მას აქვს: კანონპროექტების ინიცირების უფლება, მიღებული კანონების ხელმოწერის ან მათზე უარის თქმის უფლებამოსილება, სახელმწიფო კრების დათხოვნის უფლება.
ცნობისთვის, ივლისში მადიარმა პრეზიდენტის პოსტზე ლეგენდარული მოჭადრაკე იუდიტ პოლგარის კანდიდატურა წამოაყენა, თუმცა პოლგარმა უარი თქვა და განაცხადა, რომ არ არის მზად „აიღოს ისტორიული პასუხისმგებლობა ერის გაერთიანებაზე“.
BM.GE
წყარო: bm.ge