
წინა წლებში ტურისტული მოთხოვნა მეტი იყო - „ტურები და ბილეთები"
"წინა წლებში ტურისტული მოთხოვნა მეტი იყო. თუ ერთდღიან ტურებში დადიოდა, ვთქვათ 100 კაცი, ახლა დადის 70-80",- ამის შესახებ კომპანია „ტურები და ბილეთების“ დამფუძნებელი გერმანე ჭელიძე აცხადებს.
როგორც მან ტენდენციებზე საუბრისას BM.GE-სთან აღნიშნა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი ტურისტულ ნაკადებზე ნეგატიურად აისახა, ასევე კლებაა რუსი ტურისტების ნაწილში.
"წელს, ვფიქრობ, ტურისტი ნაკლებია, ვიდრე შარშან იყო, ალბათ იმ კრიზისებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ რეგიონშია - უკრაინა-რუსეთის, ირანის ამბები ძალიან შეგვეტყო. ახლა უფრო საუდის არაბეთიდან გააქტიურდა ტურისტები, დუბაის მხარემ მოიკლო ცოტათი. ძალიან სენსიტიურია ჩვენი დარგი, აისახა ეს ყველაფერი და აშკარად დაკლებულია ტურისტების რაოდენობა, დაახლოებით 5-7%-ით ნაკლებია წინა წელთან შედარებით. რუსი ტურისტებიც იმდენი მაინც არ არის, როგორც შარშან. ვაწარმოებთ ყოველდღიურ დაკვირვებას და ჩვენთან ავტობუსში არის აუდიოგიდი, რომელიც ითვლის, რომელ ენას უსმენს უფრო ხალხი. ინგლისური არის ყველაზე მეტად მოსმენადი, მერე რუსული და მერე არაბულად უსმენენ ყველაზე მეტად და ივრითი არის მეოთხეზე",- ამბობს ის.
გერმანე ჭელიძე დასძენს, რომ ამ ფონზე, კომპანიამ ავტოპარკის გაფართოების გეგმა გადადო.
"4 ავტობუსი გვყავს დიდი, ორსართულიანი და 10 გვყავს რეგიონალური. ვიყავი წასული ქარხანაში, რომ დაგვემატებინა, მაგრამ ამ კრიზისის გამო - ირანის კრიზისს რომ ვეძახით - შევაჩერეთ. სანამ არ გადაწყდება რაღაცები, უფრო მეტად არ წამოვა ეს ბაზარი ჩვენკენ და არ შეივსება ტურიზმის ნაკადი, თავი შევიკავეთ დიდი ინვესტიციისგან",- აცხადებს „ტურები და ბილეთების“ დამფუძნებელი.
რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, გერმანე ჭელიძე ამბობს, რომ საწვავის გაძივრების მიუხედავად, მათთან ფასები არ შეცვლილა: "3 წელია თითქმის ერთი და იგივე ფასი გვაქვს, არ შეგვიცვლია. თუმცა ბევრჯერ ვიზარალეთ, იმიტომ რომ იცით, დიზელის ფასები გაიზარდა და ჩვენი ყველა ავტობუსი დიზელზე მუშაობს. შევეცადეთ, რომ არ აგვეწია ფასები და არ გაგვიძვირებია",- აღნიშნავს ის.
აღსანიშნავია, რომ სუს-მა უცხო ქვეყნიდან მართულ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიაზე საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო. უწყების თანახმად, სოციალურ პლატფორმაზე, ყალბ ანგარიშზე ვრცელდებოდა დეზინფორმაციას, რომ თითქოს საქართველოს მოქალაქეები რუსეთის ფედერაციიდან ჩამოსულ ტურისტებს ტყეში მარტო ტოვებდნენ, ანდა მათ მიერ შეკვეთილ საკვებს ქართულ რესტორნებში მიზანმიმართულად, განგებ აბინძურებდნენ და ა.შ.
გერმანე ჭელიძე მიიჩნევს, რომ რუს ტურისტებთან ასე მოპყრობის შესახებ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
"ტყუილია ჩემი აზრით. ჩვენ ასე თუ ისე ყოველდღიური შეხება გვაქვს, იმიტომ რომ ვართ "მაკდონალდსი" ტურიზმში - ყველანაირი ფინანსური შესაძლებლობის მქონე, ოჯახიც, არაოჯახიც, ყველა ეროვნების ხალხი ჯდება ჩვენს ავტობუსში და ჩვენთან ასეთი რამე არ იგრძნობა. პირიქით, ვცდილობთ, რომ ყველასთვის ვიყოთ ერთნაირები და არ დავყოთ რაღაც მიმართულებებად. ტურიზმში თუ ხარ, ასე უნდა იყოს და თუ არა, მაშინ უნდა დავანებოთ თავი ტურიზმს, მე ასე ვფიქრობ",- განაცხადა გერმანე ჭელიძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge