
ილჰამ ალიევმა დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს წერილი გაუგზავნა, რომელშიც 2025 წლის 8 აგვისტოს გამართული ვაშინგტონის სამიტის პირველ წლისთავს ეხმაურება. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
წერილში ილჰამ ალიევი ხაზს უსვამს აშშ-ის როლს სამხრეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების პროცესში და აღნიშნავს, რომ გასულ წელს გამართულმა შეხვედრამ გარდამტეხი როლი ითამაშა რეგიონისთვის.
"თქვენი მტკიცე ნებით, სამ ათეულ წლიანი კონფლიქტის დასრულება და ხალხებს შორის შერიგებისა და პარტნიორობის ეპოქის დაწყება შეძელით. თეთრ სახლში თქვენი თანდასწრებით ხელმოწერილმა სამმხრივმა დეკლარაციამ, სამშვიდობო შეთანხმებამ და ეუთოს მინსკის ჯგუფის გაუქმების შესახებ ერთობლივმა მიმართვამ რეგიონში სტაბილურობის განმტკიცებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა", - ნათქვამია წერილში.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ასევე ყურადღებას ამახვილებს სომხეთთან ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების პრაქტიკულ შედეგებზე და აღნიშნავს, რომ მხარეები უკვე ხედავენ მშვიდობის ეკონომიკურ სარგებელს.
"ტვირთების გადაზიდვაზე შეზღუდვები გაუქმდა, ხოლო აზერბაიჯანული ნავთობპროდუქტების, მარცვლეულისა და სხვა საქონლის ტრანზიტი სომხეთში შეუფერხებლად ხორციელდება. ჩვენ ეკონომიკურ და სავაჭრო სფეროებში მშვიდობის რეალურ სარგებელს უკვე ვხედავთ", - აცხადებს ილჰამ ალიევი.
წერილში საუბარია ორმხრივ ფორმატში აშშ-სა და აზერბაიჯანის პარტნიორობის გაძლიერებაზეც. ალიევი დადებითად აფასებს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის ბაქოში განხორციელებულ ვიზიტს და ხელმოწერილ სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. იგი ასევე მიესალმება ვაშინგტონის გადაწყვეტილებას "თავისუფლების მხარდაჭერის აქტის" 907-ე მუხლის მოქმედების შეჩერების გახანგრძლივების თაობაზე.
"შეგვიძლია სიამაყით აღვნიშნოთ, რომ ჩვენი კავშირები დიპლომატიური ურთიერთობების 34-წლიან ისტორიაში უმაღლეს ნიშნულზეა. ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, კიდევ ერთხელ გამოვხატავ გულწრფელ მადლიერებას ამ ისტორიული მიღწევისა და ჩვენი პარტნიორობის განმტკიცებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის", - აღნიშნავს აზერბაიჯანის პრეზიდენტი.
მიმართვის დასასრულს, ილჰამ ალიევი გამოხატავს მზადყოფნას, კიდევ უფრო გააფართოოს ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობა და დონალდ ტრამპს საპასუხისმგებლო საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს.
BM.GE
წყარო: bm.ge