მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. ორი ახალი საწარმო და ქსელის გაფართოება - რა სიახლებიით ხვდება "ინვეტი" 25 წლის იუბილეს?
ორი ახალი საწარმო და ქსელის გაფართოება - რა სიახლებიით ხვდება "ინვეტი" 25 წლის იუბილეს?

ორი ახალი საწარმო და ქსელის გაფართოება - რა სიახლებიით ხვდება "ინვეტი" 25 წლის იუბილეს?

BM.GE4 ნოემბერი, 2026, 13:23|bm.ge

ვეტერინარიისა და აგროსექტორის კომპანია "ინვეტი" ბაზარზე ოპერირების 25 წლის იუბილეს საწარმოო და ინფრასტრუქტურული გაფართოებით ხვდება. კომპანიამ, რომლის საქმიანობაც ცხოველთა ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე ზრუნვას მოიცავს, საიუბილეო წელს ერთდროულად ორი მსხვილი პროექტი დაასრულა: გარდაბანში ახალი საწარმო გახსნა, ხოლო ქანდაში მარცვლეულის თანამედროვე სასილოსე მეურნეობა მოაწყო.

მიმდინარე სიახლეებისა და სამომავლო გეგმების შესახებ "ინვეტის" დამფუძნებელმა და დირექტორმა დავით შალამბერიძემ გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა.

როგორც ის განმარტავს, ახალი საწარმოს გახსნის აუცილებლობა ბაზარზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა. კომპანიას მცხეთაში 2016 წლიდან მოქმედი კომბინირებული საკვების საწარმო აქვს, თუმცა ბოლო პერიოდში წარმოება დეფიციტში აღმოჩნდა, რის გამოც დამატებითი სიმძლავრეების მობილიზება გარდაუვალი გახდა.

გარდაბანში არსებული ძველი საწარმო კომპანიამ გასაყიდად გამოსვლის შემდეგ შეიძინა და მისი სრული რეკონსტრუქცია განახორციელა.

"ჩვენ უკვე სერიოზულად ვფიქრობდით სიმძლავრეების გაზრდაზე. 2025 წლის დასაწყისში მოძველებული ქარხანა გამოვიდა გასაყიდად და საკმაოდ კარგ პირობებში შევიძინეთ. ამას შემდგომ რეკონსტრუქცია დასჭირდა, რადგან ძველი დანადგარები იყო - არ გააჩნდა ავტომატიზაცია და ხარისხის კონტროლის ლაბორატორია. ამ ყველაფერს გარკვეული დრო და დამატებითი ინვესტირება დასჭირდა. ეს არის ჩვენი პროფილის ქარხანა - სასოფლო-სამეურნეო ცხოველებისა და ფრინველების ბალანსირებული, კომბინირებული საკვების საწარმო, რომელმაც არსებული დეფიციტი სრულად დააბალანსა", - აცხადებს დავით შალამბერიძე.

მეორე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც კომპანიამ წელს დაასრულა, ქანდაში მარცვლეულის შესანახი რეზერვუარების მოწყობაა.

"ქანდაში მარცვლეულის შესანახი რეზერვუარების მშენებლობა ჯერ კიდევ წინა წლებში დავიწყეთ. საუბარია 11 000 ტონის მოცულობის სასილოსე მეურნეობაზე, რაც საქართველოს მასშტაბების გათვალისწინებით საკმაოდ მოცულობითი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურაა. ისე მოხდა, რომ წელს დაემთხვა როგორც მისი სრული იმპლემენტაცია და გახსნა, ასევე გარდაბნის ქარხნის ამოქმედებაც", - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი.

აღნიშნული პროექტის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 4.4 მილიონ ლარს შეადგენს. ფინანსური პაკეტიდან 1.5 მილიონი ლარი შეღავათიანი აგროკრედიტის რესურსია, 364 818 ლარი - სახელმწიფოს თანადაფინანსება, ხოლო დარჩენილი ნაწილი კომპანიის საკუთარი კაპიტალით განხორციელდა.

დავით შალამბერიძის თქმით, ინვესტიციების განხორციელებაში არსებითი როლი, სახელმწიფოს მხარდამჭერმა პროგრამებთან ერთად, საბანკო სექტორთან მჭიდრო პარტნიორობამ ითამაშა.

ვეტერინარული მედიკამენტებითა და სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით დაწყებული საქმიანობის პარალელურად, "ინვეტი" ბოლო წლებში აქტიურად ითვისებს შინაური ცხოველების მოვლის სეგმენტსაც. კომპანია თბილისში საკუთარ საცალო ქსელს - "ინვეტ ზუს" ავითარებს, სადაც მომხმარებელს როგორც პროდუქციას, ისე შესაბამის მომსახურებას სთავაზობს.

"ბოლო პერიოდში შინაური ცხოველების მიმართულება კიდევ უფრო მოთხოვნადი გახდა და ამ კუთხით ჩვენს ბიზნესს აქტიურად ვავითარებთ. ვთვლით, რომ ესეც ჩვენი მზრუნველობის ფოკუსია. თბილისში უკვე წარმატებით ვითარდება ჩვენი ქსელი - "ინვეტ ზუს" მაღაზიები, სადაც მომხმარებელი საკუთარ ნიშასა და მაღალ ხარისხს პოულობს. ჩვენი მიზანია, როგორც სასოფლო-სამეურნეო ცხოველებზე ზრუნვა იყოს ბიზნესოპერირების ნაწილი, ასევე სრულყოფილად დაიფაროს შინაური ბინადარი ცხოველების მიმართულებაც", - განმარტავს შალამბერიძე.

25 წლის წინ 2-3 ადამიანის მიერ დაწყებული საქმე დღეს 400-მდე დასაქმებულს აერთიანებს. დავით შალამბერიძე წარმატების მთავარ ფაქტორად სწორედ ადამიანურ რესურსსა და გონივრულ რისკ-მენეჯმენტს ასახელებს.

"ყველაზე დიდი სიმდიდრე ამ კომპანიის ისტორიაში გუნდია - ადამიანები, რომლებსაც ერთ დღეში ვერ შექმნი და ვერ იყიდი. შენ შეგიძლია იყიდო ყველაფერი, გარდა იმ ცოდნისა, პროფესიონალიზმისა და შიდა რესურსისა, რაც გუნდთან ერთად მოდის. კომპანია ადამიანებზე დგას.

ჩვენი სურვილია, ქვეყანაში ფერმერთა ძლიერი კლასი ჩამოყალიბდეს, რადგან მათ შრომაზე დგას როგორც ჩვენი წარმოება, ისე მთელი ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობა", - აღნიშნა "ინვეტის" დამფუძნებელმა.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

"ინნ ჯგუფისთვის" 2026 წელი შარშანდელზე უკეთესია" | საიდან ელოდება სასტუმროების ქსელი ტურისტებს ზამთრის სეზონზე

"ინნ ჯგუფისთვის" 2026 წელი შარშანდელზე უკეთესია" | საიდან ელოდება სასტუმროების ქსელი ტურისტებს ზამთრის სეზონზე

BM.GE

ოქტომბერში BYD-ის ექსპორტი 102.8%-ით გაიზარდა

ოქტომბერში BYD-ის ექსპორტი 102.8%-ით გაიზარდა

BM.GE

1988 წლის შემდეგ პირველად, ტეხასის სენატის არჩევნებში დემოკრატმა გაიმარჯვა

1988 წლის შემდეგ პირველად, ტეხასის სენატის არჩევნებში დემოკრატმა გაიმარჯვა

BM.GE

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

BM.GE