
"ინნ ჯგუფისთვის" 2026 წელი შარშანდელზე უკეთესია" | საიდან ელოდება სასტუმროების ქსელი ტურისტებს ზამთრის სეზონზე
სასტუმროების ქსელ „ინნ ჯგუფისთვის“, რომელიც სასტუმროებს თბილისში, გუდაურში, გორსა და ქუთაისში ფლობს, მიმდინარე წელი, გეოპოლიტიკური გამოწვევების მიუხედავად, შარშანდელზე უკეთესი აღმოჩნდა. ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ოფიციალური მონაცემებით, 9 თვეში საქართველოს 4.4 მილიონი ტურისტი ეწვია, რაც 2.3%-იანი ზრდაა. ეროვნული ბანკის მონაცემებით კი, საერთაშორისო მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა $3.8 მილიარდს მიაღწია (+4.4%).
ერეკლე კოკაიას შეფასებით, წლის დასაწყისში არსებული მოლოდინები რეკორდულ მაჩვენებლებს უკავშირდებოდა, თუმცა საგარეო ფაქტორებმა ტურიზმის სექტორზე უარყოფითი გავლენა იქონია.
„რეალურად, ეს წელი უნდა ყოფილიყო რეკორდულად კარგი და ასეც მიდიოდა ზამთრის სეზონიდან დაწყებული, თუმცა გლობალურმა პრობლემებმა - აშშ-ირანის დაპირისპირებამ - ძალიან დიდი გავლენა იქონია. განსაკუთრებით ეს ეხებოდა მარტს, როდესაც წინასწარი ჯავშნებით გუდაურისთვის რეკორდული მაჩვენებელი უნდა გვქონოდა. ისრაელი, ე.წ. გალფის ქვეყნები და ინდოეთი საქართველოს ტურიზმში TOP-5 ქვეყანას შორის გადიოდნენ. ამ მოვლენებმა პირდაპირ დაგვარტყა და მარტიდან მაისის ჩათვლით, საკმაოდ უარყოფითი ტენდენცია გვქონდა“, - აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.
მიუხედავად გაზაფხულზე დაფიქსირებული კლებისა, “ინნ ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორის შეფასებით, დანაკლისი სხვა ბაზრებიდან გაზრდილმა ნაკადებმა დააბალანსა.
ერეკლე კოკაიას თქმით, „ინნ ჯგუფის“ შემთხვევაში ყველაზე სწრაფი ზრდა ჩინეთის მიმართულებით დაფიქსირდა. ასევე მზარდი დინამიკა იყო ევროკავშირის ქვეყნებიდან (გერმანია, პოლონეთი), დიდი ბრიტანეთიდან, ისრაელიდან და არაბული ქვეყნებიდან, რაც პირდაპირ უკავშირდება პირდაპირი ავიარეისების არსებობას.
სასტუმროების დაკავებულობის მაჩვენებლებზე საუბრისას, მან ხაზი გაუსვა სეზონურობის ფაქტორს და აღნიშნა, რომ შემოდგომის ბოლო თვე კომპანიისთვის ძალიან წარმატებული აღმოჩნდა:
„მაღალ სეზონზე საკმაოდ დადებითი ტენდენცია იყო. ჩვენს შემთხვევაში, ოქტომბერმა სექტემბერსაც კი აჯობა, რაც პირველად მოხდა ჩვენს ისტორიაში. ეს გამოიწვია როგორც ძველი ბაზრების აღდგენამ, ისე ახალი მიმართულებების ზრდამ. ზამთარში, “გუდაური ინნ”ის სასტუმროს დატვირთულობა 80%-ზე მეტი უნდა ყოფილიყო და მარტის გარდა, ასეც იყო. მარტში გათვლილი 95%-ის სანაცვლოდ 50% მივიღეთ. რაც შეეხება დაბალ სეზონს, გუდაურში 70%-იანი დაკავებულობა მაინც გვქონდა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია“, - აღნიშნა მან.
ამასთან, კომპანიის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ დაბალ სეზონზე მთავარ გამოწვევად ფასები რჩება. მისი თქმით, საინვესტიციო ბანკების შეფასების მიუხედავად, არაბრენდულ სასტუმროებში, მათ შორის თბილისში, ფასები დიდად გაზრდილი არ არის.
რაც შეეხება მომავალ ზამთრის სეზონს, „ინნ ჯგუფში“ ჯავშნების მიღება უკვე აქტიურ ფაზაშია და კომპანიაში დადებითი დინამიკის შენარჩუნებას ელოდებიან.
"თუ ყველაფერი მშვიდობით იქნება, ვიზიტორების ეროვნების მიხედვით ჩვენთან კვლავ ისრაელის ბაზარი დაიკავებს წამყვან პოზიციას. ტრადიციულად გვეყოლებიან ლიეტუველი ტურისტებიც, რომლებთანაც მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. ასევე გვყავს ჩინელი და არაბი სტუმრებიც, რომლებიც ძირითადად შემეცნებითი ტურებით ინტერესდებიან. ამასთან, იზრდება ადგილობრივი, ქართველი მომხმარებლების წილიც ჩვენს სასტუმროებში, რაც ჩვენთვის წლებია პრიორიტეტული მიმართულებაა“, - აღნიშნა ერეკლე კოკაიამ.
BM.GE
წყარო: bm.ge