
ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთის ჯარის მხარდასაჭერად მოხალისეობრივი დანაყოფი ჩამოაყალიბა - რუსული მედია
საქართველოს ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა ოთარ რომანოვ-ფარცხალაძემ რუსეთში მოხალისეთა საერთაშორისო დანაყოფი „გეორგიევსკი“ ჩამოაყალიბა. ამის შესახებ რუსული სახელმწიფო სააგენტო TASS იუწყება. გამოცემა ფარცხალაძეს დანაყოფის მეთაურად მოიხსენიებს. ფარცხალაძე საქართველოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებისთვის არის ბრალდებული. მის წინააღმდეგ ასევე მოქმედებს აშშ-ის ფინანსური სანქციებიც.
TASS-ის ცნობით, დანაყოფი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობისთვის შეიქმნა.
ფარცხალაძის განცხადებით, დანაყოფის შექმნის იდეა მის თანამოაზრეებსა და მხარდამჭერებს ეკუთვნით, რომლებიც, მისი თქმით, რუსი და ქართველი ხალხების დაახლოებასა და „ტრადიციული ოჯახური ღირებულებების“ დაცვას უჭერენ მხარს.
„სწორედ რუსმა მიხეილ ეგოროვმა და ქართველმა მელიტონ ქანთარიამ აღმართეს 1945 წელს გამარჯვების დროშა რაიხსტაგზე. ჩემი თანამემამულეებიდან ყოველი მეოთხე თავისუფლებისთვის იბრძოდა. დარწმუნებული ვარ, რომ მაშინდელის მსგავსად, მტრის დამარცხების სიმბოლოს კვლავ აღმართავენ რუსი და ქართველი“, - განაცხადა ფარცხალაძემ.
მისივე თქმით, დანაყოფის სახელწოდება 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს უკავშირდება, რომელმაც, მისი შეფასებით, "გარდამტეხი" როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში.
ფარცხალაძის განცხადებით, „გეორგიევსკის“ მთავარი ამოცანაა „ბოლომდე მიიყვანოს ბრძოლა იმ ბოროტების წინააღმდეგ, რომელიც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთს, არამედ მთელ მსოფლიოს“.
ყოფილი გენერალური პროკურორი ასევე ამბობს, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მხარეს ბრძოლაში მონაწილეობა საკუთარი ნებით გადაწყვიტა.
„დღეს, როდესაც რუსეთი დასავლეთის ზეწოლის წინააღმდეგ იბრძვის საკუთარი იდენტობის, ტრადიციების, ენისა და კულტურის შესანარჩუნებლად, მზად ვარ, სამშობლოს დავეხმარო ლიდერის მიერ დასახული ყველა მიზნის მიღწევაში“, - განაცხადა მან.
TASS-ის ცნობით, ფარცხალაძე ასევე აცხადებს, რომ რუსეთის სამხედრო მოქმედებების დაწყებიდან მისი გუნდი ეხმარებოდა რუს სამხედროებსა და ოკუპირებული დონეცკის, ასევე კურსკის, ბრიანსკისა და ბელგოროდის რეგიონების მოსახლეობას.
ოთარ ფარცხალაძე საქართველოს გენერალური პროკურორის თანამდებობას 2013 წელს იკავებდა. იგი აშშ-ის მიერ არის სანქცირებული. საქართველოს პროკურატურამ ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის ორგანიზების ბრალდებით, 2025 წელს მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
BM.GE
წყარო: bm.ge