
პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საპრივატიზაციო სახელმწიფო საწარმოების გასხვისების ფორმებს კომისია შეისწავლის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის განცხადებით, მთავრობის მიერ ოქტომბერში დამტკიცებული სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ახალი გეგმის მიხედვით, კომისია შეისწავლის რა ფორმით უნდა მოხდეს საპრივატიზაციო კომპანიების მართვა ან გასხვისება მეტი სარგებლის მიღების მიზნით. ამის შესახებ მან BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც კვიჟინაძე ამბობს, ოქტომბერში მთავრობამ სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით ახალი გეგმა დაამტკიცა, რომლის მიხედვითაც თითოეული საწარმო ინდივიდუალურად შეფასდება.
მისივე თქმით, საწარმოების სია სათითაოდ განიხილება ის კომპანიები, რომლებიც ქვეყნისთვის სტრატეგიულად აუცილებელია მიუხედავად იმისა, ზარალიანია ისინი თუ მოგებიანი შენარჩუნდება.
"იცით, რომ ბოლო პერიოდში ძალიან ბევრი ცვლილება მოხდა სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით და ალბათ საბოლოო ლოგიკური დასასრული იყო ის, რომ ოქტომბერში მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება და შეიმუშავა გეგმა თუ რა უნდა მოხდეს სახელმწიფო საწარმოებთან დაკავშირებით.
კერძოდ, სახელმწიფო საწარმოების ეს სია სათითაოდ იქნება განხილული. ის საწარმოები, რომლებიც მიიღებენ სტატუსს, რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდებიან მიუხედავად იმისა, ზარალიანია ისინი თუ მოგებიანი - დარჩებიან. ხოლო იმ საწარმოებთან დაკავშირებით, რომელთა პრივატიზება, გადაცემა ან სხვა ფორმით გასხვისება გადაწყდება, შესწავლილი იქნება, თუ რა გზით არის უფრო მოგებიანი მათი გასხვისება ჯერ გაკოტრების პროცედურის გავლით და შემდეგ გაყიდვით, პირდაპირი გაყიდვით, თუ სხვა კომპანიასთან შერწყმით და ა.შ.
სწორედ ამ ყველაფერზე იმსჯელებს ეს კომისია, რომელშიც სხვადასხვა სამინისტრო იქნება ჩართული, და საბოლოო ჯამში გვექნება მკაფიო წარმოდგენა, თუ რომელ სახელმწიფო საწარმოს რა პრობლემა აქვს და რა უნდა გაკეთდეს მის გამოსასწორებლად", - განაცხადა მან.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს, კომიტეტის სხდომაზე განხილული სახელმწიფო საწარმოების აუდიტის ანგარიშებში არსებულ ხარვეზებსა და ფინანსურ დარღვევებზეც ისაუბრა და განმარტა, რომ მსგავსი პრობლემების პრევენცია ევროპული პრაქტიკის ნაწილია.
"[აუდიტის შემოწმება] ეს ჩვეულებრივი მოვლენაა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ევროპაშიც. ეს იმისთვის ტარდება, რომ მსგავსი ხარვეზები გამოვლინდეს და მეორედ აღარ განმეორდეს. ჩვენ ვაკეთებთ პრევენციას. თუ მოხდა ისე, რომ 2–3 წლის შემდეგ, როდესაც ხელახლა შემოწმდება იგივე სურათი დახვდათ, ამას უფრო მკაცრად ვუყურებთ ვუგზავნით წერილებს, საკითხი მინისტრის დონეზე დგება და ცალკე განვიხილავთ. შესაბამისად, რაც მეტი დრო გადის, მით უფრო მცირდება იმ საკითხების რიცხვი, რომლებიც მეორედ მეორდება", - განაცხადა კვიჟინაძემ.
BM.GE
წყარო: bm.ge