
პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას EU-ს გაფართოების 2026 წლის ანგარიში გადასცა
დღეს, ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ საქართველოს ხელისუფლებას ოფიციალურად გადასცა ანგარიში 2026 წლის გაფართოების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ავრცელებს.
ელჩმა ანგარიში საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გიორგი ზურაბაშვილს გადასცა.
"თვალი ადევნეთ სოციალური მედიის ჩვენს გვერდს, სადაც შემოგთავაზებთ პირდაპირ ჩართვას ბრიუსელიდან გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებული ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში კომისრის მარტა კოსის პრესკონფერენციიდან 17:45-დან; შემდეგ გაიმართება ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის პრესკონფერენცია თბილისში, 19:00-ზე, რომლის ნახვა ამავე გვერდზეა შესაძლებელი",- წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა.
დღეს, 4 ნოემბერს, ევროკომისიამ გამოაქვეყნა კომუნიკე გაფართოების შესახებ, რომელსაც ევროკომისია ევროპარლამენტს, ევროკავშირის საბჭოსა და სხვა ინსტიტუტებს წარუდგენს. ევროკომისიის გაფართოების ანგარიშის თანახმად, ფუნდამენტური პრინციპების მიმართ უკუსვლა ადასტურებს, რომ საქართველო მხოლოდ ქაღალდზე რჩება ევროკავშირის კანდიდატად. ევროკომისიის განცხადებით, თუ ხელისუფლება არ შეცვლის კურსს, საქართველო კვლავ ვერ ისარგებლებს კანდიდატის სტატუსისა და გაწევრიანების პროცესის უპირატესობებით.
BM.GE
წყარო: bm.ge