
პირის ქონება, რომელსაც მემკვიდრე არ ჰყავს, სახელმწიფო საკუთრებაში გადავა - კანონპროექტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შესატან ცვლილებებს, რომელთა მიზანიც მემკვიდრეობის შესახებ ეროვნული საკანონმდებლო ბაზის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან შესაბამისობაში მოყვანაა. კანონპროექტი არსებითად ცვლის აქამდე არსებულ წესს, რომელიც უმკვიდრო ქონების სპეციალიზებული დაწესებულებების საკუთრებაში გადასვლას ეხებოდა.
კანონპროექტის მომხსენებელმა, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, აკაკი ალადაშვილმა განმარტა, რომ რეფორმის მთავარი მამოძრავებელი ძალა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2025 წლის 19 სექტემბერს საქმეზე – „გიორგი ხორგუაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ – მიღებული გადაწყვეტილებაა.
რატომ ჩაითვალა ძველი ნორმა დისკრიმინაციულად?
აქამდე მოქმედი კანონმდებლობით (სამოქალაქო კოდექსის 1343-ე მუხლის პირველი ნაწილი), თუ გარდაცვლილ პირს არ ჰყავდა კანონით ან ანდერძით მემკვიდრეები, მისი უმკვიდრო ქონება გადადიოდა სახელმწიფოს საკუთრებაში. თუმცა არსებობდა გამონაკლისი: თუ მამკვიდრებელი ხანდაზმულთა, შშმ პირთა, სამკურნალო ან სხვა სოციალური დაცვის სპეციალიზებული დაწესებულების რჩენაზე იმყოფებოდა, ქონება ამ კონკრეტულ დაწესებულებას გადაეცემოდა.
საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ აღნიშნული ჩანაწერი ეწინააღმდეგებოდა კონსტიტუციის მე-11 მუხლის პირველ პუნქტს (თანასწორობის უფლება). სასამართლოს განმარტებით, კანონი არათანაბარ პირობებში აყენებდა არსებითად თანასწორ სუბიექტებს. კერძოდ, მაშინ როდესაც მზრუნველობის განმახორციელებელ დაწესებულებებს ეძლეოდათ უმკვიდრო ქონების მიღების უფლება, ეს შესაძლებლობა ერთმეოდათ სხვა ფიზიკურ პირებს – მაგალითად, გერს ან ახლობელს, რომელიც შესაძლოა დაწესებულებაზე უკეთ ან მისივე ეკვივალენტურად უვლიდა, პატრონობდა და საკუთარი ხარჯებით ინახავდა მამკვიდრებელს.
ახალი სამართლებრივი რედაქცია
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, სამოქალაქო კოდექსის ძველი ჩანაწერი ძალას კარგავს 2026 წლის 1 ივლისს. სამართლებრივი ვაკუუმის თავიდან ასაცილებლად, ახალი კანონპროექტით მუხლის პირველი ნაწილი მკაცრად და კონკრეტულად ყალიბდება:
„თუ არც კანონით მემკვიდრეები და არც ანდერძით მემკვიდრეები არ არიან, არცერთმა მემკვიდრემ არ მიიღო სამკვიდრო ან ყველა მემკვიდრეს ჩამოერთვა მემკვიდრეობის უფლება, უმკვიდრო ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში”.
ცვლილების შედეგად, სპეციალიზებულ დაწესებულებებს (ხანდაზმულთა თუ შშმ პირთა თავშესაფრებს, სამკურნალო დაწესებულებებს) უმკვიდრო ქონება პირდაპირი წესით აღარ გადაეცემათ.
კანონპროექტის ეფექტი და ფინანსური გავლენა
კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები პარლამენტის წევრები არიან (არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, აკაკი ალადაშვილი და რატი იონათამიშვილი).
განმარტებითი ბარათის თანახმად, ცვლილებას აქვს შემდეგი მახასიათებლები:
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი: კანონი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებზე. იმ შემთხვევებში, როდესაც ქონება უმკვიდროდ ჩაითვლება, იგი დაწესებულებების ნაცვლად პირდაპირ სახელმწიფოს საკუთრებაში გადავა, რაც ზოგჯერ გაზრდის სახელმწიფო აქტივებს.
ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი: ცვლილება არ მოითხოვს დამატებით ხარჯებს და არ ახდენს გავლენას სახელმწიფო ან მუნიციპალური ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე.
სოციალური გავლენა: პროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე ან ქალთა და მამაკაცთა თანასწორობაზე. იგი ასევე სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებსა და ევროკავშირის სამართალთან.
BM.GE
წყარო: bm.ge