
PISA 2025: OECD–ის ქვეყნებში მათემატიკასა და კითხვაში მოსწავლეთა შედეგები ისტორიულ მინიმუმზეა
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ქვეყნებში მოსწავლეთა მიღწევები კვლავ კლებას განაგრძობს – მათემატიკასა და კითხვაში საშუალო მაჩვენებელმა ისტორიულ მინიმუმს მიაღწია - PISA 2025-ის შედეგებზე თავად OECD-ი წერს.
OECD–ის საერთაშორისო სტუდენტური შეფასების პროგრამის 2025 წლის ანგარიშის თანახმად, ყოველი მეხუთე 15 წლის მოზარდი დაბალ შედეგს აჩვენებს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მათემატიკასა და კითხვაში, რაც 2022 წელთან შედარებით 16%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
PISA 2025–ის კვლევა დღემდე ყველაზე მასშტაბური იყო – მასში 91 ქვეყნიდან 760 000 მოსწავლე ჩაერთო. წლევანდელი გამოცემა ფოკუსირებული იყო საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, სადაც 2022 წლიდან 2025 წლამდე საშუალო მოსწრება სტაბილური დარჩა, თუმცა 2009–2022 წლების პერიოდში კლების ტენდენცია შეინიშნებოდა.
2015 წლიდან 2025 წლამდე პერიოდში კითხვის საშუალო ქულა OECD–ის ქვეყნებში 28 პუნქტით შემცირდა, რაც სწავლის დაახლოებით წელიწადნახევრიან დანაკარგს უდრის.
მათემატიკის ქულები კი 22 პუნქტით დაეცა, რაც დაახლოებით ერთი სასწავლო წლის შესაბამისი მაჩვენებელია.
არაწევრ ქვეყნებში კითხვის ქულებმა 16, ხოლო მათემატიკის ქულებმა – 8 პუნქტით დაიკლო.
სოციალურ–ეკონომიკური ფონი კვლავ რჩება მოსწავლეთა მოსწრების ერთ–ერთ მთავარ განმსაზღვრელ ფაქტორად. OECD–ის ქვეყნებში პრივილეგირებულმა მოსწავლეებმა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში 85 ქულით მეტი დააგროვეს, ვიდრე სოციალურად დაუცველმა მოზარდებმა. ეს სხვაობა 2022–2025 წლებში შემცირდა, თუმცა არა დაბალი ფენის წარმატების, არამედ პრივილეგირებული მოსწავლეების შედეგების გაუარესების ხარჯზე.
საერთო ტენდენციის ფონზე, ზოგიერთმა ქვეყანამ შედეგები გააუმჯობესა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში წინსვლა აჩვენეს ლიეტუვამ, სლოვაკეთმა, თურქეთმა, დომინიკელთა რესპუბლიკამ, საქართველომ, მონტენეგრომ, კატარმა, ტაილანდმა, არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა და ურუგვაიმ. თურქეთმა, სლოვაკეთმა, მონტენეგრომ და კატარმა შეძლეს მაღალი მოსწრების მქონე მოსწავლეების წილის გაზრდა და დაბალი შედეგების მაჩვენებლის შემცირება.
საუკეთესო ათეულში კვლავ რჩებიან ესტონეთი, იაპონია, კორეა, სინგაპური, ტაივანი, დიდი ბრიტანეთი და ჩინეთის იურისდიქციები.
BM.GE
წყარო: bm.ge