
PlayStation Studios-მა ახალი ვიდეოთამაში God of War Laufey წარადგინა
PlayStation Studios-მა ახალი ვიდეოთამაში, God of War Laufey წარადგინა. აღსანიშნავია, რომ დეველოპერებმა მომხმარებლებს თამაშის 20-წუთიანი მონაკვეთიც უჩვენეს. როგორც ირკვევა, ლეგენდარული ვიდეოთამაშის მთავარ პერსონაჟად კრატოსის მეუღლეს, ფეის ვიხილავთ. ამასთან, მოვლენები 2018 წელს გამოსული თამაშის დასაწყისის პარალელურად განვითარდება. სიუჟეტის მიხედვით, ფეი საკუთარი სიკვდილის შემდეგ სრულიად უცხო სამყაროში იღვიძებს.
მოქმედება მიმდინარეობს იმ სპეციფიკურ სივრცეში, სადაც სხვადასხვა მითოლოგიის ღმერთები ძალაუფლებისთვის იბრძვიან. მთავარ პერსონაჟს მოკავშირის სახით კოსმოსური კუბი, სახელად ფრანკი ეყოლება. ვიდეომასალის თანახმად, ფეის სრულიად ახალი ტიპის მტრებთან მოუწევს დაპირისპირება, თუმცა გეიმფლეი შეინარჩუნებს კლასიკურ საბრძოლო ელემენტებს და მექანიზმებს.
რაც შეეხება საბრძოლო აღჭურვილობას, მთავარი გმირის ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი მაგია იქნება. დროთა განმავლობაში ფეი დაეუფლება ახალ და მძლავრ იარაღს, რომელსაც სპეციალური ხმლის ფორმა აქვს. მასზე მიმაგრებული იქნება ე.წ მგრძნობიარე ლენტი, რომელსაც რუ ჰქვია. მისი დახმარებით პერსონაჟს ხმლის მტრისკენ ტყორცნა და უკან დაბრუნება შეეძლება.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დეველოპერებს თამაშის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერ არ დაუსახელებიათ. არსებული პროგნოზებით, ახალი პროექტის რელიზი 2027 წლამდე არ იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ფეის შესახებ ცალკეული ვიდეოთამაშის შექმნაზე ჭორები მრავალი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა. თუმცა უცნობი იყო, თუ როდის გამოვიდოდა ის.
BM.GE
წყარო: bm.ge