
"პოლიტიკური ნება არ არსებობს" - რატომ ვერ მოიძებნა ბიუჯეტში ფული უფასო სასკოლო კვებისთვის?
1-ელი ოქტომბრისთვის პარლამენტში 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პირველადი პროექტი შედის, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, გამოჩნდება თუ არა ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში უფასო სასკოლო კვების პროგრამა.
"იმ ფონზე, როდესაც განათლების სამინისტრო პრიორიტეტად ხარისხის ამაღლებას აცხადებს, უკვე 7 წელია, სასკოლო კვების ინიციატივა საპილოტე რეჟიმშიც კი, ვერ ამოქმედდა”, - განაცხადა “წერტილში” განათლების პოლიტიკის სპეციალისტმა და მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ დამფუძნებელმა წევრმა გიორგი ჭანტურიამ, რომელიც სკოლებში უფასო კვების დანერგვის ინიციატივით ერთ-ერთი პირველი გამოვიდა, მაგრამ არ აქვს მოლოდინი, რომ მოქმედი ხელისუფლების პირობებში ეს პროგრამა ამოქმედდება.
"წერტილთან" ინტერვიუში გიორგი ჭანტურიამ ისაუბრა, თუ რატომ უნდა უფასო კვება სკოლებში და როგორი მოდელი უნდა დაინერგოს საქართველოში.
მისი შეფასებით, სასკოლო კვების დანერგვის შეფერხების მთავარი მიზეზი ბიუჯეტის დეფიციტი კი არა, ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნების არარსებობა და არაკომპეტენტურობაა.
"უკვე 7 წელია ვსაუბრობთ სასკოლო კვებაზე და რატომღაც არც დრო, არც რესურსი და არც ენერგია არ გამოინახა, რომ თუნდაც საპილოტე რეჟიმში დაწყებულიყო. არ არის განათლება პრიორიტეტი და პოლიტიკური ნება არ არსებობს, თორემ ეს თანხები თავისუფლად მოიძებნება ჩვენს ბიუჯეტში”, - აღნიშნა მან.
უფასო სასკოლო კვების პროგრამა 2026 წელსაც არ დაიწყება|რას ამბობდნენ მინისტრები 2021-2025 წლებში?
განათლების სპეციალისტმა გაიხსენა წინასაარჩევნო დაპირებებიც, რომლებიც მოგვიანებით საერთოდ გაქრა.
"წინასაარჩევნოდ, წინა მინისტრმა გიორგი ამილახვარმა თქვა, რომ ეს მათ საარჩევნო პროგრამაში იქნებოდა. რამდენიმე ხანში თვითონ მინისტრიც მოხსნეს და არც საარჩევნო პროგრამაში გვინახავს სასკოლო კვების პროგრამა”, - დასძინა ჭანტურიამ.
მან ასევე ისიც აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორები მზად იყვნენ პროექტის დასაფინანსებლად, თუმცა ხელისუფლებამ ეს შესაძლებლობები ხელიდან გაუშვა:
"რომ არ გაექციათ ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია, მხარდამჭერები და პარტნიორები, ისინი მზად იყვნენ, ეს თავიანთ თავზე აეღოთ. მაგალითად, მეზობელ სომხეთში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და სხვა პარტნიორები ეხმარებიან მათ და ასი ათასობით ბავშვი ამ პროგრამის ქვეშ მოექცა”, - აცხადებს გიორგი ჭანტურია.
განათლების პოლიტიკის სპეციალისტი ხაზს უსვამს, რომ სასკოლო კვება მხოლოდ სოციალური საკითხი არ არის - მას პირდაპირი, დათვლადი ეკონომიკური სარგებელი მოაქვს.
"როდესაც დანახარჯებზე ვსაუბრობთ, სასკოლო კვებას ძალიან მნიშვნელოვანი უკუგებაც აქვს. თუ ის დაკავშირებული იქნება ადგილობრივ წარმოებასთან, როგორც ამას სხვა ქვეყნები აკეთებენ (მაგალითად, იაპონია), ეკონომიკაზეც დიდი ეფექტი ექნება. დათვლილია, რომ 1 დოლარი, ჩადებული სასკოლო კვებაში, დაახლოებით 9-10 დოლარის უკუგებას იძლევა. ამ გათვლითაც კი, ეს არის ძალიან რაციონალური გადაწყვეტილება”, - აღნიშნა მან.
როგორი მოდელი სჭირდება საქართველოს? - გიორგი ჭანტურიას აზრით, რადგან ქართული სკოლები ინფრასტრუქტურით, ზომითა და გეოგრაფიული მდებარეობით მკვეთრად განსხვავდება, უნიფიცირებული მოდელი ვერ იმუშავებს და საჭიროა, მრავალფეროვანი მიდგომა:
ლანჩბოქსების სისტემა (დიდ სკოლებში): „სკოლების უდიდესი უმრავლესობა არ არის აღჭურვილი იმისთვის, რომ საკვები ადგილზე დამზადდეს. ამიტომ უმრავლესობაში ეს უნდა იყოს მიტანით - ეგრეთ წოდებული ლანჩბოქსები”, - თქვა მან.
თემთან თანამშრომლობა (მცირეკონტინგენტიან სკოლებში): „სადაც სკოლაში 10-20 ბავშვია, იქ სახელმწიფო შეიძლება თემში კონკრეტულ ოჯახს შეუთანხმდეს, რომელმაც საკვები უნდა მოამზადოს. ასეთი მოდელებიც არის”, - განმარტა გიორგი ჭანტურიამ.
განათლების სპეციალისტის განცხადებით, მთავარია, სახელმწიფომ სწორად განსაზღვროს პრიორიტეტები, რადგან სასკოლო კვებაში ინვესტირება პირდაპირ აისახება მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებასა და ქვეყნის მომავალზე.
რამდენი მილიონი შეიძლება დაუჯდეს სახელმწიფო ბიუჯეტს სკოლებში უფასო კვების შემოღება? - BMG-მ ჯერ კიდევ შარშან მოიძია განათლებისა და ჯანდაცვის სამინისტროების დაკვეთით 2020-2021 წლებში ჩატარებული კვლევის პრეზენტაცია. მაშინაც ორი მოდელი განიხილებოდა: დღიურად ერთი მოსწავლის კვება 3-4 ლარი ჯდებოდა, წლიურად - 600-დან 700 ლარამდე, ხოლო ჯამური ბიუჯეტი 315-დან 375 მილიონ ლარამდე მერყეობდა, თუმცა ვინაიდან კვლევა 2021 წელს ჩატარდა და ქვეყანაში ფასები უფრო იზრდება, ვიდრე იკლებს, სავარაუდოა, რომ პროგრამისთვის საჭირო თანხის მოცულობაც გაზრდილია.
BM.GE
წყარო: bm.ge