
პოლონეთი სკოლებში მობილური ტელეფონებისა და პორნოგრაფიული საიტებისა აკრძალვას გეგმავს
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა სკოლებში მობილური ტელეფონების აკრძალვის ახალი ინიციატივა წარადგინა. როგორც ირკვევა, რეგულაცია 7-დან 15 წლამდე ასაკის მოსწავლეებს შეეხება და დამტკიცების შემთხვევაში ძალაში პირველი სექტემბრიდან შევა. დოკუმენტის თანახმად, სკოლები ვალდებული იქნებიან, მობილური მოწყობილობებისთვის შესანახი სივრცეები შექმნან.
ტუსკის თქმით, კანონპროექტი მიზნად სასწავლო დაწესებულებების ტერიტორიაზე, მათ შორის შესვენებებზე, სმარტფონების გამოყენების შეზღუდვას ისახავს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრის განცხადების პარალელურად ახალი ინიციატივა დააინიციირა ციფრულ საქმეთა მინისტრმა, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში პორნოგრაფიულ ვებგვერდებზე წვდომა უნდა შეიზღუდოს. ახალი რეგულაციის ფარგლებში პლატფორმებზე ასაკობრივი ვერიფიკაციის მკაცრი მექანიზმები ჩაშენდება, რაც ვებგვერდებს არასრულწლოვნებისთვის ხელმიუწვდომელს გახდის.
მთავრობის განმარტებით, დაგეგმილი სისტემა ბიომეტრიულ მონაცემებსა და მომხმარებლის ონლაინ აქტივობას არ დაეყრდნობა. ციფრულ საქმეთა მინისტრის განცხადებით, მსგავს პლატფორმებზე ბავშვების დამოკიდებულებას ქვეყნის მომავალზე კატასტროფული გავლენა აქვს, შესაბამისად, საჭიროა ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც გამოწვევას ეფექტურად უპასუხებს.
სექტორის პოლონელი ექსპერტები მიიჩნევენ, რომ სრული აკრძალვის მიუხედავადაც კი არასრულწლოვნები სისტემისთვის გვერდის ავლის გზებს გამონახავენ. ისინი მთავრობას ურჩევენ, მუშაობა მშობელთა უკეთ ინფორმირებაზე გაამახვილონ და კონტროლის მექანიზმები სწორედ მათი დახმარებით ჩამოაყალიბონ.
შეგახსენებთ, რომ სასწავლო დაწესებულებებში სმარტფონების გამოყენება ნიდერლანდებმა, სამხრეთ კორეამ და იტალიამ უკვე აკრძალეს.
BM.GE
წყარო: bm.ge