
პორტებში ახალი სასაწყობე ინფრასტრუქტურა გვჭირდება - მამუკა მურჯიკნელი
ბათუმის ნავსადგურში ტერმინალის მფლობელი კომპანია Wondernet-ის გენერალური დირექტორი მამუკა მურჯიკნელი მთავარ გამოწვევად ინფრასტრუქტურას ასახელებს. როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში, შუა დერეფანზე საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია პორტებში სასაწყობე ინფრასტრუქტურის განვითარება.
მისივე თქმით, ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა საკმაოდ გაზრდილია და წლის ბოლომდე მოლოდინიც დადებითია.
"პირადად ვიმყოფები ბათუმის ნავსადგურში და ვუყურებ, თუ როგორ იზრდება ტვირთბრუნვა. ეს ძალიან მისასალმებელია. დარწმუნებული ვარ, ეს რიცხვი წლის ბოლოს კიდევ მკვეთრად გაიზრდება, რაც კარგია და მნიშვნელოვანია არა მარტო ნავსადგურებისთვის, ასევე რკინიგზისთვის, საავტომობილო გადაზიდვებისთვის, ასევე იმ კომპანიებისთვის, რომლებიც არიან ჩართულები. რა თქმა უნდა, ამავე დროს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ მომავალში კიდევ უფრო გავზარდოთ ეს.
ჩვენს ტერმინალს აქვს შესაძლებლობა, რადგანაც ძალიან თანამედროვედ არის აღჭურვილი, რომ ვთქვათ, მოხდეს ტვირთის სწრაფი მიღება და სწრაფი დატვირთვა გემზე. რა თქმა უნდა, მარტო ჩვენ, ვთქვათ, ერთი ტერმინალი ვერ შევძლებთ ამას. ეს მთლიანად ჯაჭვური რეაქცია უნდა იყოს და ყველამ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ. მიხარია, რომ დიდი ნაბიჯები იდგმება ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარებასთან დაკავშირებით. იმედით ვუყურებთ, რომ ნამდვილად 2029 წელს ჩვენ ვნახავთ პირველ გემს, რომელიც ანაკლიის პორტში შემოვა და ეს დიდ იმედს იძლევა, რომ გაჩნდება ახალი ინფრასტრუქტურა, გაჩნდება ახალი ადგილები, სადაც უფრო მეტი ტვირთის მიღება შეიძლება. ვაკვირდებით, რომ იზრდება პოტენციალი ცენტრალურ აზიაში და ახალი და ახალი სამრეწველო პოტენციალები ჩნდება, რაც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ უფრო მეტი ტვირთი მოვიზიდოთ ჩვენს დერეფანში. შუა დერეფანი დღესდღეობით არის ნამდვილად, მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო და, რა თქმა უნდა, შესაბამისად, სწრაფი. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გავჩერდეთ ახლა და პირიქით, უფრო უნდა განვვითარდეთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს ტვირთის მომსახურება.
მთავარ გამოწვევას, რასაც მე ვხედავ, ეს არის ინფრასტრუქტურის პრობლემა, რომ ჩვენ პორტებში გვჭირდება ნამდვილად ახალი სასაწყობო ინფრასტრუქტურა. დღეს არის, მაგალითად, ტვირთები, რომელსაც ფიზიკურად ვერ ვემსახურებით იმიტომ, რომ არ არის ადგილი. ასევე, მივესალმები იმას, რომ საქართველოს რკინიგზამ გამოაცხადა ტენდერი, რომ იქნება შეძენილი იმ რაოდენობის ელმავლები, რომელიც ნამდვილად გაზრდის ტვირთის დროულად მოტანას პორტებამდე და ეს ასევე მოუტანს დიდ სარგებელს ყველა გადამზიდავ კომპანიას და მთლიანად ჩვენს ქვეყანაში უფრო მეტ დოვლათს შექმნის. ანუ, ნაბიჯები იდგმება, მაგრამ ამას სჭირდება დრო, მაგრამ კარგია, რომ მივდივართ ამისკენ", - აცხადებს მამუკა მურჯიკნელი.
BM.GE
წყარო: bm.ge