
როგორ დაამარცხეს სტუდენტებმა ალექსანდრ ვუჩიჩი და რა შეიძლება შეიცვალოს სერბეთში?
სერბეთის ავტორიტარი ლიდერი, ალექსანდრ ვუჩიჩი საპარლამენტო არჩევნებში დამარცხდა. სტუდენტებმა შეძლეს და 14 წლის შემდეგ მისი მმართველობა საბოლოოდ დაასრულეს. თანაც ისე, რომ არცერთ მათგანს საპარლამენტო ადგილისთვის არ უბრძოლია.
როგორ მოხერხდა ეს, რამ ჩამოშალა ვუჩიჩის სისტემა და ნიშნავს თუ არა 25 ოქტომბრის შედეგები მოსკოვის გეოპოლიტიკურ მარცხს ბალკანეთში?
როგორც დასავლელი ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ახლახან დასრულებული ვადამდელი არჩევნები პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისთვის საკუთარი თავისთვის დაგებულ პოლიტიკურ ხაფანგად იქცა. მას შემდეგ, რაც კონსტიტუციამ მას მესამე ვადით გაპრეზიდენტება აუკრძალა, მან პრემიერ-მინისტრის პოსტზე გადასვლა და ქვეყნის მართვის იქიდან გაგრძელება დაისახა მიზნად, თუმცა რიგგარეშე არჩევნებმა ავტოკრატის მოლოდინები ვერ გაამართლა.
ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არჩევნებზე უპრეცედენტო, 70%-იანი აქტივობა გახდა. საყურადღებოა, რომ იუგოსლავიის დაშლის შემდეგ ბალკანურ არჩევნებში ასეთი მასშტაბი აღარ დაფიქსირებულა.
მოძრაობა - „სტუდენტების სიამ“ - ხმების 50%-მდე დააგროვა და 135-დან 140-მდე მანდატით ერთპიროვნული უმრავლესობა მოიპოვა, მაშინ როცა ვუჩიჩის კოალიცია 105 მანდატს დასჯერდა. რაც შეეხება ტრადიციულ ოპოზიციას, მათ 3%-იანი ბარიერიც კი ვერ გადალახეს.
ამ ცვლილების კატალიზატორი, შეიძლება ითქვას, რომ 2024 წლის ნოემბერში ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის ახლად გარემონტებული სახურავის ჩამონგრევა გახდა, რასაც 16 ადამიანი ემსხვერპლა. მაშინ, ჩინური კონსორციუმების მიერ დაჩქარებული წესით შესრულებულმა პროექტმა კოლაფსი განიცადა და ამით, ფაქტობრივად, მოსახლეობასთან ვუჩიჩის მთავარი სოციალური შეთანხმებაც მოიშალა.
იქამდე მოქალაქეების უმრავლესობა მზად იყო, რომ დემოკრატიის უკუსვლისთვის თვალი დაეხუჭა, თუ ქვეყანაში ინფრასტრუქტურული მოდერნიზაცია მაინც მოხერხდებოდა.
თუმცა კი, მხოლოდ ამ ტრაგედიას რეჟიმი არ ჩამოუშლია. ყველაზე მეტად მოსახლეობის განწყობაზე გავლენა მძიმე ეკონომიკურმა ფონმა იქონია. მაშინ, როცა ვუჩიჩი 3%-ზე მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე საუბრობდა, კუმულაციურმა ინფლაციამ 43.2%-ს მიაღწია. სურსათსა და გათბობაზე ფასები 50-დან 80%-მდე გაიზარდა. ფაქტობრივად, ოჯახების შემოსავლების 45%, ანუ თითქმის ნახევარი საყოფაცხოვრებო ხარჯების გასტუმრებამ დაიკავა.
მოსახლეობის უკმაყოფილება გაამწვავა პრობლემურმა შრომის კოდექსმაც. დასაქმებულებს 24-თვიან დროებით კონტრაქტებზე ამუშავებდნენ, ხოლო ხელშეკრულების გაგრძელება პირდაპირ იყო მიბმული მმართველი პარტიის აქციებზე სიარულსა და პარტიული ბილეთის ქონაზე.
25 ოქტომბერს მოსახლეობამ ყველა ამ პრობლემის წყარო ხელისუფლებიდან გაუშვა, თუმცა ვინ აირჩია მის შემცვლელად, ეს მეორე საკითხია. საინტერესოა, რომ სტუნდეტურმა მოძრაობამ, რომელიც თავად იყო ამ ცვლილებების ავტორი, არჩევანი ტექნოკრატიულ მთავრობაზე შეაჩერა. საარჩევნო სიაში არცერთი მოქმედი და პროტესტში აქტიური სტუდენტი არ ჩაეწერა. როგორც ანალიტიკოსები აღნიშნავენ, ამ სვლით მათ ვუჩიჩს ხელიდან გამოაცალეს მთავარი პოტენციური არგუმენტი, თითქოს ახალგაზრდები საპარლამენტო ხელფასებისა და სკამებისთვის იბრძოდნენ.
სტუდენტურმა პლენუმებმა 250-კაციანი სია მთლიანად უპარტიო პროფესიონალებით დააკომპლექტეს. სიის სათავეში ჩადგა ნოვი-სადის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორი და კარდიოლოგი ილია სრდანოვიჩი, მათ გვერდით კი აღმოჩნდნენ აკადემიკოსი რადომირ საიჩიჩი, ცნობილი კალათბურთელი დეიან ბოდიროგა და გეოლოგი ზორან ჯაიჩი - ადამიანი, რომელმაც პირველმა ამხილა ნოვი-სადის სადგურის სამშენებლო კორუფცია.
მათ მოსახლეობას შემდეგი წინასაარჩევნო დაპირებები დაუთქვეს: დამოუკიდებელი საგამოძიებო პოლიციის შექმნა, ჩინოვნიკების ქონების აუდიტი და კონფისკაცია, ჩინურ-რუსული გასაიდუმლოებული ინფრასტრუქტურული კონტრაქტების გასაჯაროება, დროებითი შრომითი კონტრაქტების 12 თვემდე შემცირება, უფასო სასკოლო სახელმძღვანელოები და მედიკამენტებზე ფასების ზედა ზღვრის დაწესება.
საყურადღებოა, რომ ამ დაპირებებში სერბეთის ევროკავშირში შეყვანა ან რუსეთისთვის სანქციების დაწესება არ შედის. ეს იმიტომ, რომ ამჟამად ახალი მთავრობის გეგმაში არცერთი არ მოიზარება.
როგორც სტუდენტურ კოალიციაში განაცხადეს, რუსულ გაზზე დამოკიდებულების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას არ აპირებენ. ამასთან, შეინარჩუნებენ სამხედრო ნეიტრალიტეტს და არც კოსოვოს დამოუკიდებლობას აღიარებენ.
როგორც ირკვევა, მათ მიიღეს გადაწყვეტილება, უარი თქვან საგარეო პოლიტიკური დოქტრინის ცვლილებაზე, თუმცა სანაცვლოდ, ინსტიტუციური გამჭვირვალობითა და კორუფციული გარიგებების რევიზიით, მოსკოვსა და პეკინს ხელიდან გამოაცალონ სახელმწიფოზე კონტროლის ბერკეტები.
როგორც დასავლური მედია წერს, სერბეთმა აირჩია ევროპული სტანდარტის კანონის უზენაესობა და კორუფციასთან ბრძოლა ქვეყნის შიგნით, თუმცა რამდენად გაუძლებს ეს მრავალფეროვანი, 250-კაციანი პროფესიონალთა გუნდი ძველი სისტემის შესაძლო საბოტაჟებსა და მკაცრ ფისკალურ რეალობას, ამაზე საუბარი ჯერ შეუძლებელია.
BM.GE
წყარო: bm.ge