
პრემია/დანამატის გაცემა პოლიტიკური თანამდებობის პირებზე თავისი არსით უსამართლო გადაწყვეტილებაა - დავით მელუა
“მე ვერ ვხედავ დადებით ეფექტს ამ სქემაში”- ასე ეხმაურება ევროკავშირის პროექტ “პარტნიორობა საჯარო მმართველობის რეფორმისთვის” დირექტორი დავით მელუა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში ცვლილებებს, რომლის მიხედვითაც მინისტრების, სახელმწიფო რწმუნებულებისა და მერების მოადგილეებს სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს მიღების შესაძლებლობა ექნებათ.
ევროკავშირის პროექტ “პარტნიორობა საჯარო მმართველობის რეფორმისთვის” დირექტორის შეფასებით, წარმოდგენილი ცვლილებები თავისი არსით უსამართლოა და დიდ სივრცეს ტოვებს ინტერპრეტაციისთვის, თუ რა დამსახურებისთვის შეიძლება გაიცეს პრემია/დანამატი. დავით მელუას განცხადებით, წარმოდგენილი ცვლილებები, საჯარო სამსახურის სისტემას მნიშვნელოვან ზიანს აყენებს.
“იმდენად დიდია განსხვავება უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივ სარგოსა და მისდამი უშუალოდ დაქვემდებარებული პირველი რგოლის სახელფასო განაკვეთს შორის, რომ ეს ეტყობა გარკვეულ უკმაყოფილებას ქმნის. ვფიქრობ, ამიტომ შემოიტანეს ეს მექანიზმი, რომ ეს უკმაყოფილება გარკვეულწილად შეარბილონ. იქ, სადაც საჭიროა, ალბათ პრემია-დანამატების სახით მოხდება ხელფასის ფაქტობრივი გაზრდა. ეს სხვა არაფერია, თუ არა ხელფასის გაზრდა.უბრალოდ, ამას არ დაერქმევა ხელფასის გაზრდა და დაერქმევა პრემია-დანამატის გადახდა „კარგი მუშაობისთვის“, თუმცა, თვითონ ეს საკანონმდებლო აქტით არ არის დარეგულირებული, რა ითვლება ამ „კარგ მუშაობად“.
იქვე წერია, რომ არის მთელი რიგი გამონაკლისები, სადაც გადაწყვეტილებას იღებს უშუალოდ ადმინისტრაციული ორგანო. ანუ, აქაც ძალიან დიდი ადგილია ინტერპრეტაციისთვის დატოვებული. შეიძლება ვიხილოთ ისეთი მდგომარეობა, რომ ძნელი იყოს ახსნა იმისა, თუ კონკრეტულად რა დამსახურებისთვის იქნა გაცემული ეს პრემია-დანამატი თუ სხვა სახის წახალისება.
მეორე საკითხია საჯარო სამსახურის ერთიანობა. მას შემდეგ, რაც საქართველოში საჯარო სამსახურის ბიურო აღარ არის და გაუქმებულია, ჩვენთან ფაქტობრივად საჯარო სამსახური თავისი კლასიკური ფორმით აღარ არსებობს. ასეთი ცვლილებები, სადაც გაურკვეველია, თუ რის გამო ხდება წახალისება, პრემია-დანამატის მინიჭება — თუ ეს ხდება მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რატომ არ შეიძლება იგივე ამოქმედდეს, ვთქვათ, განყოფილების უფროსისთვის ან უბრალო თანამშრომლისთვის?!
იქვე წერია,რომ ეს არის ზეგანაკვეთური სამუშაო, გარკვეული ბუნებრივი კატაკლიზმების პირობებში ან საგანგებო მდგომარეობის პირობებში გაწეული კარგი მუშაობისთვის. ასეთ სიტუაციებში ყველაზე დიდი დატვირთვა სწორედ უბრალო თანამშრომლებზე გადადის — საშუალო და ქვედა რგოლზე. მათთვის დანამატების ან პრემიების გაცემის საკითხი არ არის გათვალისწინებული და გათვალისწინებულია პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის. პოლიტიკური თანამდებობის პირის უმთავრესი მანდატი სწორედ ის არის, რომ საგანგებო სიტუაციაში გამოაჩინოს ლიდერობა და განახორციელოს ის ქმედებები, რაც უზრუნველყოფს პოლიტიკურ სტაბილურობას. ამისთვის მათთვის პრემია-დანამატის გათვალისწინება, ხოლო უბრალო თანამშრომლების ამორიცხვა, რბილად რომ ვთქვათ, გაუგებარია და ძალიან დიდ ზიანს აყენებს საჯარო სამსახურის პრინციპს საქართველოში.
შეჯამების სახით რომ ვთქვათ, მე ვერ ვხედავ დადებით ეფექტს ამ სქემაში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ის უსამართლოა თავისი არსით, იმიტომ რომ მხოლოდ გარკვეულ პოლიტიკურ სეგმენტში აძლევს პრივილეგიას თანამშრომელს... გაუგებარია პრინციპები და საგამონაკლისო წესები. ჩემი აზრით, ეს უფრო მკაფიო რეგულირებას საჭიროებს. ასევე, დამოკიდებულება და კონტროლი ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელსა და თანამშრომლებს შორის იქნება კიდევ უფრო ხისტი და ვერტიკალური, რაც შეასუსტებს საჯარო სამსახურს”,- აცხადებს დავით მელუა.
BM.GE
წყარო: bm.ge