
პრემიერი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის C.P. Group-ის და "სილქ როუდ გრუპის" ხელმძღვანელებს ანაკლიის პორტის და ვაზიანის აეროპორტის საკითზე შეხვდა
ტაილანდის უმსხვილესი კერძო კონგლომერატი - Charoen Pokphand Group (C.P. Group-ი) საქართველოში მსხვილ საინვესტიციო პროექტებში მონაწილეობას განიხილავს - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არის აღნიშნული. დღეს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკის მინისტრ მარიამ ქვრივიშვილთან ერთად ჰოლდინგის თავმჯდომარეს კრის სუოპაკიჯ ჩეარავანონტს შეხვდნენ.
მხარეებს შორის შეხვედრას ასევე ესწრებოდა "სილქ როუდ გრუპის" დამფუძნებელი ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი და ჯგუფის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი ერკინ ტატიშევი.
მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობის პროექტებს და მათ მნიშვნელობას დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებაში.
"შეხვედრაზე ასევე განიხილეს ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის პოტენციალი და განახლებადი ენერგიის წარმოების მიმართულებით ქვეყანაში არსებული რესურსები.
პრემიერ-მინისტრმა აღინიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება უცხოურ ინვესტიციებს და ინვესტორებს სტაბილურ, პროგნოზირებად და მიმზიდველ ბიზნესგარემოს სთავაზობს", - ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატი Charoen Pokphand Group-ი სხვადასხვა სექტორში საქმიანობს, მათ შორისაა საკვებისა და აგრობიზნესის, საცალო და ელექტრონული ვაჭრობის, ტელეკომუნიკაციების, უძრავი ქონების, ინფრასტრუქტურის, ფინანსებისა და ავტოინდუსტრიის მიმართულებები. კონგლომერატი წარმოდგენილია 23 ქვეყანაში, ჰყავს 456 ათასზე მეტი თანამშრომელი და მისი წლიური ბრუნვა 100 მილიარდ დოლარს აღემატება.
შეხვედრას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.
BM.GE
წყარო: bm.ge