მთავარი
BM.GEწყარო
  1. მთავარი
  2. BM.GE
  3. პრემიერის განცხადება, გერმანიის ეკონომიკის რთული მდგომარეობის შესახებ ნახევრად სიმართლეა
პრემიერის განცხადება, გერმანიის ეკონომიკის რთული მდგომარეობის შესახებ ნახევრად სიმართლეა

პრემიერის განცხადება, გერმანიის ეკონომიკის რთული მდგომარეობის შესახებ ნახევრად სიმართლეა

BM.GE23 სექტემბერი, 2026, 14:14|bm.ge

„ქართული ოცნების“ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან გერმანიის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ისაუბრა.

„გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით, გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია. ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის განწყობაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ბიემჯიმ“ გადაამოწმა, როგორ იცვლებოდა გერმანიის ეკონომიკა ბოლო სამ წელიწადში და რას აჩვენებს ამავე პერიოდში საქართველოს ეკონომიკის დინამიკა.

გერმანიის ეკონომიკა - შემცირება, სტაგნაცია, მცირე ზრდა

ქვეყნის ეკონომიკის ზომის და განვითარების შესაფასებლად ძირითადი ინდიკატორი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) რეალური ზრდაა, რომელიც გვიჩვენებს, როგორ იცვლებოდა ეკონომიკაში წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობა ფასების ცვლილების ეფექტის გამორიცხვით.

გერმანიის ფედერალურმა სტატისტიკის სამსახურმა (Destatis) მიმდინარე წლის აგვისტოში ეროვნული ანგარიშების მონაცემები განაახლა. ახალი მონაცემებით, 2023 წელს გერმანიის რეალური მშპ 1%-ით შემცირდა, 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 0% იყო, ანუ ეკონომიკა სტაგნაციაში დარჩა, ხოლო 2025 წელს რეალური მშპ 0.2%-ით გაიზარდა.

ეს ნიშნავს, რომ გერმანიის ეკონომიკას ბოლო წლებში მართლაც ჰქონდა ზრდის პრობლემა, თუმცა ეკონომიკური კლება სამივე წელს არ დაფიქსირებულა - შემცირების შემდეგ ქვეყანამ ჯერ სტაგნაცია, შემდეგ კი მცირე ზრდა აჩვენა.

ამასთან, რეალური ეკონომიკის სუსტი დინამიკის მიუხედავად, ნომინალური მშპ იზრდებოდა. 2023 წელს გერმანიის ნომინალური ეკონომიკის მოცულობა დაახლოებით 4.26 ტრილიონ ევროს შეადგენდა, 2024 წელს - 4.39 ტრილიონს, ხოლო 2025 წელს - დაახლოებით 4.53 ტრილიონ ევროს. თუმცა მიმდინარე ფასებში ზრდაზე ინფლაციაც მოქმედებს, ამიტომ ეკონომიკის რეალური დინამიკის შესაფასებლად ფასებისგან გაწმენდილი რეალური მშპ უფრო ინფორმაციულია.

როგორც ვხედავთ, განახლებული მონაცემების მიხედვით, რეცესია მხოლოდ 2023 წელს იყო, მომდევნო წელს სტაგნაცია დაფიქსირდა, ხოლო 2025 წელს ეკონომიკა უკვე მცირედით გაიზარდა. თუ კობახიძის განცხადებაში ფრაზას „გასული სამი წლის განმავლობაში“ ისე გავიგებთ, რომ 2023-2025 წლის ჯამურ შედეგს გულისხმობს, მაშინ აღმოჩნდება, რომ აღნიშნულ წლებში რეალური მშპ მთლიანობაში 2022 წელთან შედარებით 0.8%-ით შემცირდა.

ეკონომიკის შესაფასებლად კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინდიკატორი არის მშპ ერთ სულ მოსახლეზე. თუ ნომინალურ მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარის მიმდინარე ფასებში ავიღებთ, გერმანიისთვის სურათი, მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით, შემდეგნაირი იქნება:

2023 წელი - 54,776.8 აშშ დოლარი, 2024 წელს - 56,103.7 აშშ დოლარი, ხოლო 2025 წელს 60,496.4 აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, საანგარიშო წლებში, გერმანიაში ნომინალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე დოლარში დათვლით 10.4%-ით გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის რეალური ეკონომიკა 2023-2025 წლებში მთლიანობაში შემცირდა, დოლარში გამოხატული ნომინალური მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე ზრდა აღნიშნულთან წინააღმდეგობაში არ მოდის, რადგან დოლარში გამოხატულ ნომინალურ მაჩვენებელზე რეალური ეკონომიკის ზრდის გარდა ინფლაცია და და გაცვლითი კურსიც მოქმედებს.

რა ხდებოდა შრომის ბაზარზე?

გერმანიის ეკონომიკური სტაგნაცია დასაქმების მკვეთრ შემცირებაში არ ასახულა. გერმანიაში დასაქმებულთა რაოდენობა, ოფიციალური მონაცემებით, 2023-2025 წლებში დაახლოებით 46 მილიონზე შენარჩუნდა.

ამავე დროს, შრომის ბაზარზე გარკვეული გაუარესება უმუშევრობის მაჩვენებელში ჩანს. ILO-ს მეთოდოლოგიით, უმუშევრობის დონე 2023 წლის 2.8%-დან 2024 წელს 3.1%-მდე, 2025 წელს კი 3.5%-მდე გაიზარდა.

საანგარიშო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა ინფლაციაც - 2023 წლის საშუალო 5.9%-დან 2024 და 2025 წელს 2.2% ზე ჩამოვიდა.

ეკონომიკის სისუსტე უფრო მკაფიოდ ინვესტიციებსა და საგარეო ვაჭრობაში გამოჩნდა.

2025 წელს ფიქსირებული ინვესტიციები რეალურ გამოხატულებაში 0.5%-ით, ხოლო ექსპორტი 0.3%-ით შემცირდა. ამასთან, ექსპორტის კლება ზედიზედ მესამე წელს დაფიქსირდა

რამ შეაფერხა გერმანიის ეკონომიკა?

გერმანიის ეკონომიკის რამდენიმეწლიანი სისუსტე ერთი მიზეზით არ აიხსნება. მასზე გავლენა ერთდროულად როგორც საგარეო შოკებმა, ისე წლების განმავლობაში დაგროვილმა სტრუქტურულმა პრობლემებმაც მოახდინა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის კვლევის მიხედვით, გერმანიის ეკონომიკური ზრდის ჩამორჩენის დაახლოებით 60% პოტენციური ზრდის შესუსტებას უკავშირდება, ხოლო დაახლოებით 40% - ციკლურ ფაქტორებს. ამას ემატება უფრო გრძელვადიანი პრობლემებიც - მოსახლეობის დაბერება და კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტი, პროდუქტიულობის სუსტი ზრდა, ბიუროკრატიული ტვირთი და ინფრასტრუქტურასა და ინოვაციებში არასაკმარისი ინვესტიციები.

გერმანიისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა საექსპორტო კონკურენტუნარიანობის შესუსტებაც. Bundesbank-ის შეფასებით, გერმანული ექსპორტის მსოფლიო ბაზრის წილი 2017 წლიდან მცირდება, განსაკუთრებით კი 2021 წლის შემდეგ. კონკურენცია განსაკუთრებით გაიზარდა ჩინეთიდან ავტომობილების, ელექტრომოწყობილობებისა და მანქანათმშენებლობის მიმართულებით - სექტორებში, რომლებიც გერმანიის ინდუსტრიული მოდელის საფუძველს წარმოადგენს.

„IMF-ისა“ და „Bundesbank“-ის შეფასებებით, გერმანიის ეკონომიკის სუსტი დინამიკა როგორც დროებითმა შოკებმა - მათ შორის ენერგორესურსების გაძვირებამ და მაღალი საპროცენტო განაკვეთების პერიოდმა - ისე სტრუქტურულმა პრობლემებმა განაპირობა. მათ შორისაა პროდუქტიულობის დაბალი ზრდა, სუსტი ინვესტიციები, დემოგრაფიული გამოწვევები, ბიუროკრატიული ტვირთი და გერმანული ინდუსტრიის საერთაშორისო კონკურენტუნარიანობის შესუსტება, მათ შორის ჩინეთიდან გაზრდილი კონკურენციის ფონზე.

საქართველოს ეკონომიკა გერმანიის ფონზე

მართალია პრემიერი გერმანიის ეკონომიკას საქართველოსას არ ადარებს, თუმცა მიგვაჩნია, მკითხველისთვის საინტერესო იქნება საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ძირითად მონაცემებზე ყურადღების გამახვილება.

გერმანიისგან განსხვავებით, საქართველოს ეკონომიკა 2023-2025 წლებში მაღალი რეალური ზრდით ხასიათდებოდა. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს რეალური მშპ 7.8%-ით გაიზარდა, 2024 წელს ეკონომიკურმა ზრდამ 9.7%, ხოლო 2025 წელს 7.5% შეადგინა.

საქართველოს ნომინალური მშპ-ს 2023 წელს 80.9 მლრდ ლარი იყო, 2024 წელს - 93 მლრდ ლარი, 2025 წელს ნომინალურმა მშპ-მ 104. 6 მლრდ ლარი შეადგინა. 2023-2025 წლებში ნომინალური მშპ 29.3%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება მშპ-ს ერთ სულ მოსახლეზე მიმდინარე (აშშ დოლარში) ფასებში, 2023 წელს - 8,284 აშშ დოლარი, 2024 წელს - 9,242.5 აშშ დოლარი და 2025 წელს 10,296.5 აშშ დოლარი იყო. შესაბამისად, ზრდამ 24.3% შეადგინა.

შესაბამისად, ეკონომიკური ზრდის ტემპით საქართველოსა და გერმანიას შორის მკვეთრი სხვაობაა - მაშინ როდესაც გერმანიის რეალური ეკონომიკა ფაქტობრივად სტაგნაციის რეჟიმში იყო, საქართველოში მაღალი ზრდა დაფიქსირდა.

თუმცა მხოლოდ ზრდის ტემპების პირდაპირი შედარება ორი ეკონომიკის მდგომარეობის სრულ სურათს ვერ გვაძლევს. გერმანია მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი განვითარებული ეკონომიკაა, რომლის ეკონომიკური მოცულობა და ერთ სულ მოსახლეზე შემოსავალი საქართველოს მაჩვენებლებს რამდენჯერმე აღემატება. განვითარებად ეკონომიკებს კი, შედარებით დაბალი საწყისი ბაზის პირობებში, მაღალი პროცენტული ზრდის მიღწევის მეტი შესაძლებლობა აქვთ.

საქართველოს ეკონომიკური ზრდის პარალელურად, 2023-2025 წლებში შრომის ბაზარზეც გაუმჯობესება დაფიქსირდა. უმუშევრობის დონე 2023 წლის 16.4%-დან 2024 წელს 13.9%-მდე შემცირდა და 2025 წელს ამავე ნიშნულზე დარჩა. დასაქმებულთა რაოდენობა კი 2023 წლის 1.33 მლნ-დან 2025 წელს დაახლოებით 1.39 მლნ-მდე გაიზარდა. გერმანიაში ამავე პერიოდში დასაქმებულთა რაოდენობა თითქმის უცვლელი იყო, თუმცა უმუშევრობა 2.8%-დან 3.5%-მდე გაიზარდა. მიუხედავად განსხვავებული დინამიკისა, საქართველოში უმუშევრობის დონე გერმანიასთან შედარებით კვლავ მნიშვნელოვნად მაღალია.

განსხვავებული იყო ინფლაციის დინამიკაც. საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია 2023 წელს 2.5%, 2024 წელს 1.1%, ხოლო 2025 წელს 3.9% იყო. გერმანიაში კი მაღალი, 5.9%-იანი ინფლაცია 2023 წლის შემდეგ შემცირდა და 2024-2025 წლებში 2.2% შეადგინა.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა საქართველოში არაერთგვაროვნად იცვლებოდა - 2023 წლის 2.07 მლრდ დოლარიდან 2024 წელს 1.59 მლრდ დოლარამდე შემცირდა, 2025 წელს კი 1.90 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. შესაბამისად, ბოლო წელს ინვესტიციების აღდგენა დაფიქსირდა, თუმცა მაჩვენებელი 2023 წლის დონეს ჯერ კიდევ ჩამორჩებოდა.

ამასთან, საქართველოს საქონლის ექსპორტი ზრდას განაგრძობდა - 2023 წლის 6.09 მლრდ დოლარიდან 2025 წელს 7.29 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. ადგილობრივი ექსპორტი, რეექსპორტის გარეშე, იმავე პერიოდში 2.86 მლრდ-დან 3.36 მლრდ დოლარამდე გაიზარდა. გერმანიაში კი ბოლო წლების ეკონომიკური სისუსტის ერთ-ერთი გამოხატულება სწორედ რეალური ექსპორტისა და ინვესტიციების შემცირება იყო.

ცხრილი 1: გერმანია, საქართველოს ძირითადი ეკონომიკური მაჩვენებლები

რას აჩვენებს მონაცემები?

2023-2025 წლებში გერმანიას მართლაც ჰქონდა ეკონომიკური ზრდის პრობლემა. 2023 წელს რეალური მშპ 1%-ით შემცირდა, 2024 წელს ეკონომიკა სტაგნაციაში იყო, ხოლო 2025 წელს მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა.

ირაკლი კობახიძის განცხადების შეფასებისას მნიშვნელოვანია, რას გულისხმობს ფრაზა - „გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია“. თუ განცხადება გულისხმობს, რომ გერმანიის ეკონომიკა სამივე წელს მცირდებოდა, ამას განახლებული ოფიციალური მონაცემები არ ადასტურებს: რეცესია მხოლოდ 2023 წელს დაფიქსირდა, 2024 წელს ეკონომიკა არ შეცვლილა, ხოლო 2025 წელს 0.2%-ით გაიზარდა.

თუმცა, განცხადების მეორე ნაწილი ფაქტობრივ საფუძველს მოკლებული არ არის: თუ „მთლიანობაში“ სამი წლის საერთო შედეგს გულისხმობს, 2025 წელს გერმანიის რეალური ეკონომიკის მოცულობა 2022 წლის დონეს დაახლოებით 0.8%-ით ჩამორჩებოდა.

ამდენად, კობახიძის განცხადება სწორად ასახავს გერმანიის ეკონომიკის ბოლო წლების სირთულეებსა და სამწლიანი პერიოდის საერთო შედეგს, თუმცა ქმნის მცდარ შთაბეჭდილებას, რომ ეკონომიკური კლება სამივე წელს გაგრძელდა.

შესაბამისად, ირაკლი კობახიძის განცხადება არის ნახევრად სიმართლე.

გაზიარება:

BM.GE

წყარო: bm.ge

ორიგინალი სტატია

თემა: პრემიერი

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 166 სტატია.

  • შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დანიისა და გრენლანდიის პრემიერ-მინისტრებთან ერთად გრენლანდიის საკითხზე შეთანხმებას ხელი მოაწერაიმედი
  • პრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყებარუსთავი 2
  • არჩევნებში დამარცხების შემდეგ შვედეთის პრემიერ-მინისტრი ულფ კრისტერსონი გადადგაფორმულა
  • ბესელია: ივანიშვილი სისტემას კობახიძე-მდინარაძის გავლენებისგან წმენდს - შემდეგი ალბათ თავად პრემიერი იქნებატვ პირველი
პრემიერი →გერმანიის →

მსგავსი სტატიები

25 და 28 სექტემბერს „დინამო არენის“ მიმდებარედ საგზაო მოძრაობა შეიზღუდება - განრიგი და ალტერნატიული მარშრუტები

25 და 28 სექტემბერს „დინამო არენის“ მიმდებარედ საგზაო მოძრაობა შეიზღუდება - განრიგი და ალტერნატიული მარშრუტები

BM.GE

კახეთში 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული - რთველი და ჩაბარების ტარიფები

კახეთში 38 ათას ტონამდე ყურძენია გადამუშავებული - რთველი და ჩაბარების ტარიფები

BM.GE

კვერცხის იმპორტი 2 620%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

კვერცხის იმპორტი 2 620%-ით გაიზარდა - სად ვყიდულობთ?

BM.GE

ADB ელის, რომ საქართველოში ზრდა 6.3%, სომხეთში 5%, აზერბაიჯანში კი 1.6% იქნება|პროგნოზები

ADB ელის, რომ საქართველოში ზრდა 6.3%, სომხეთში 5%, აზერბაიჯანში კი 1.6% იქნება|პროგნოზები

BM.GE