
პრემიუმ აპარტოტელი და საბაგირო გზა - Litz Resort $30 მილიონიანი ინვესტიციით ფართოვდება
კვარიათის სანაპირო ზოლში ახალი, პრემიუმ კლასის აპარტოტელის მშენებლობა დაიწყო. პროექტი Litz Resort-ს საბაგიროთი დაუკავშირდება, მთის კომპლექსს პირდაპირ ზღვის სანაპიროსთან გააერთიანებს და ერთიან, მულტიფუნქციურ ტურისტულ ინფრასტრუქტურას შექმნის. პროექტის ჯამური საინვესტიციო მოცულობა 30 მილიონ დოლარს შეადგენს.
როგორც პროექტის ინვესტორმა და Litz Resort-ის დამფუძნებელმა, დიმიტრი ტვილდიანმა BMG-სთან განაცხადა, ახალი აპარტჰოტელი უშუალოდ სანაპიროს პირველ ზოლში, კვარიათის ყურეში შენდება. პროექტი ჯამში 258 აპარტამენტს გააერთიანებს, ხოლო მისი საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 25 მილიონი აშშ დოლარია.
ტვილდიანის ინფორმაციით, სამშენებლო ნებართვა უკვე მიღებულია და აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტს უკვე უწოდებენ "ექიმების კორპუსს", რადგან საცხოვრებელი ფართების მნიშვნელოვანი ნაწილი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის უცხოეთში მოღვაწე კურსდამთავრებულებმა შეიძინეს.
კომპლექსის მობინადრეებისთვის შექმნილია სპეციალური საინვესტიციო შეთავაზება - "ლიც კლუბი", რაც მფლობელებს დამატებით კომფორტს უქმნის მშენებლობის პროცესში.
"ვინც შეიძენს ბინას ახალ პროექტში, ავტომატურად ხდება "ლიც კლუბის" წევრი. ეს ნიშნავს იმას, რომ სანამ ბინა ჩაბარდება, მანამდე მათ შეეძლებათ უფასოდ დაისვენონ აქ, Litz Resort-ში, რომელიც უკვე ფუნქციონირებს. შესაბამისად, მფლობელებს ის ორწელიწად-ნახევარი აღარ ექნებათ სალოდინო, უკვე პრაქტიკულად იქნებიან მესაკუთრეები და შეეძლებათ დაისვენონ მთელი წლის განმავლობაში. ამასთან, ეს სასტუმრო არის პირდაპირ ცენტრალურ გზაზე და ზღვის პირზე, რაც ნიშნავს, რომ თურქეთიდან შემოსული სტუმრებისთვის პირველი ღირსშესანიშნაობა იქნება საქართველოში და, შესაბამისად, ყველაზე ცნობადი ობიექტი გახდება. ეს კი ბინების მფლობელებს მაღალ შემოსავალს მოუტანს", - აცხადებს დიმიტრი ტვილდიანი.
პროექტის მეორე, სტრატეგიული კომპონენტია საბაგირო გზა, რომელიც ზღვის სანაპიროს 370 მეტრის სიმაღლეზე მდებარე Litz Resort-თან დააკავშირებს. უშუალოდ საბაგირო სისტემის ღირებულება 4 მილიონ ევროს შეადგენს, ხოლო სადგურებისა და თანმდევი სამშენებლო ინფრასტრუქტურის ჩათვლით პროექტის ბიუჯეტი 5 მილიონ ევრომდე აღწევს. ორივე ობიექტის სამშენებლო ვადად მაქსიმუმ ორწელიწად-ნახევარია განსაზღვრული.
საბაგიროს პროექტზე წინასწარი შეთანხმებები რეგიონის მთავრობასთან უკვე მიღწეულია და ოფიციალური ნებართვის მისაღებად მზადება მიმდინარეობს. პარალელურად, მოლაპარაკებები წარმოებს წამყვან ევროპულ კომპანიებთან, მათ შორის შვეიცარიულ Bartholet-თან და იტალიურ-ფრანგულ Poma-სთან.
როგორც დამფუძნებელი განმარტავს, საბაგიროთი სარგებლობა არა მხოლოდ კომპლექსის სტუმრებს, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასა და რეგიონის ნებისმიერ დამსვენებელს შეეძლება, რაც კვარიათის მთის ფერდობზე არსებული სხვა სასტუმროების ეკონომიკურ ღირებულებასაც საგრძნობლად გაზრდის.
"ეს საბაგირო ყველასთვის იქნება ხელმისაწვდომი და ყველას მოემსახურება, მათ შორის ადგილობრივ მოსახლეობასაც. გარდა იმისა, რომ ზემოთ ამოსვლას გააადვილებს, დარწმუნებული ვარ, ადგილობრივების სასტუმროების ღირებულებასაც ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდის. ეს ნიშნავს, რომ მათი ობიექტები, რომლებიც მრავლად არის კვარიათის ზედა ნაწილში, პრაქტიკულად ზღვის პირზე აღმოჩნდება, რადგან დამსვენებლისთვის ზღვამდე მისვლა ძალიან მარტივი გახდება. საერთოდ, აჭარაში საბაგირო გზები კურორტებისთვის უმნიშვნელოვანესი დანამატი იქნება", - აღნიშნა დიმიტრი ტვილდიანმა.
კომპლექსის სრული ექსპლუატაციაში შესვლა 2.5 წელიწადში იგეგმება, რის შედეგადაც კვარიათში ერთიანი ეკოსისტემა ჩამოყალიბდება - ზღვისპირა აპარტჰოტელი, მაღალმთიანი რეზორტი, საბაგირო და საერთაშორისო დონის გამაჯანსაღებელი ცენტრი.
BM.GE
წყარო: bm.ge