
"პროდუქციის თვითღირებულება გაზრდილია, გასაყიდი ფასი კი შემცირდა" - ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაცია
ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე, თორნიკე ლათათია აცხადებს, რომ დღეს სექტორი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშეა მაშინ, როდესაც ენერგომატარებლების დეფიციტისა და ლოგისტიკური შეფერხებების გამო პროდუქციის თვითღირებულება იზრდება, საერთაშორისო ბაზრებზე გასაყიდი ფასი კი - პირიქით, მცირდება. როგორც მან გადაცემა "ანალიტიკაში" ისაუბრა, დღეს მიწოდების ჯაჭვი მსოფლიო მასშტაბით პრაქტიკულად მოშლილია.
"ეს განსაკუთრებით ეხება სპარსეთის ყურის ქვეყნებს, სადაც მიწოდება თითქმის ვერ ხორციელდება, ხოლო იმ ლოკაციებზე, სადაც ექსპორტი ჯერ კიდევ შესაძლებელია, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის ხარჯები გაორმაგებულია.
ამ ვითარებაში მწარმოებლები რთულ მდგომარეობაში არიან. პარადოქსულია ის გარემოება, რომ ენერგომატარებლებზე შეზღუდვებისა და თვითღირებულების ზრდის პარალელურად, პროდუქციის ფასი მცირდება. რატომ ხდება ეს? მსხვილი გლობალური მწარმოებლები ცდილობენ ბაზრების შენარჩუნებას, რისთვისაც ატარებენ აქტიურ მარკეტინგულ კამპანიებს და ფასებს ამცირებენ, რათა მიწოდების შეფერხება სხვა ბაზრებზე შეღწევით დააბალანსონ.
შესაბამისად, ქართველი ფერმერები დღეს დიდი გამოწვევის წინაშე დგანან მათ მიერ წარმოებული პროდუქციის თვითღირებულება გაზრდილია, გასაყიდი ფასი კი - შემცირებული, რადგან გლობალურ მწარმოებლებთან უწევთ კონკურენციაში შესვლა", - განაცხადა ლათათიამ.
მისივე თქმით, ეს საკითხი სექტორის წარმომადგენლებმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრის ფორმატში დეტალურად განიხილეს.
"ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ მიუხედავად ახალი პროექტების დაფინანსებისა და მონიტორინგის ეფექტიანობის გაზრდის მნიშვნელობისა, უაღრესად კრიტიკულია არსებული პროექტების მხარდაჭერა. სწორედ უკვე შექმნილი ინდუსტრიებია შემდგომი განვითარების ფუნდამენტი.
დღევანდელი გამოწვევების პირობებში აუცილებელია, რომ როგორც საოპერაციო დანახარჯების სუბსიდირების, ისე აქტიური მარკეტინგისა და ექსპორტის წახალისების კუთხით, ქართულ პროდუქტს მიეცეს საშუალება, კონკურენცია გაუწიოს მსხვილ მოთამაშეებს. ბაზრების გადანაწილება გარდაუვალია, რადგან მაშინ, როცა წარმოება შენარჩუნებულია, ზოგიერთი ბაზარი კი - დაბლოკილი, პროდუქციის სხვა მიმართულებებით რეალიზება უნდა მოხდეს. მსხვილი მწარმოებლების მიერ გამოყენებული ინსტრუმენტები, მათ შორის ფასების დემპინგი და აგრესიული მარკეტინგი, კიდევ უფრო ართულებს ქართული პროდუქტის დამკვიდრებას საერთაშორისო ბაზრებზე", - აცხადებს ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე.
ცნობისთვის, კვირის დასაწყისში სექტორის წარმომადგენლებს მინისტრი დავით სონღულაშვილი შეხვდა. მან კაკლისა და ნუშის მწარმოებლებს დარგობრივი საბჭოს შექმნის ინიციატივა წარუდგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, საბჭომ სექტორის მხარდაჭერა და კოორდინაცია უნდა უზრუნველყოს.
BM.GE
წყარო: bm.ge